არქიტექტურა/ინტერიერის დიზაინი: Surgula Studio

მდებარეობა: დ. უზნაძის ქ. თბილისი, საქართველო.

სტატუსი: მშენებარე

საერთო ფართი: 1415 მ2

გახსნის სავარაუდო თარიღი: 2018

 

24 ნომერზე გათვლილი სასტუმრო “ჯაზი” 4 სართულისა და ფუნქციონალური სახურავისგან შედგება და მოიცავს შემდეგს:

-1 სართული: მცირე საკონფრენციო. ტექნიკური სართული.

1 სართული ტერიტორიის კეთილმოწყობა: სკვერი წყლის სარკით შენობის ცენტრალურ ფასადთან. შიდა ეზო.

1 სართული: ჰოლი. კიბის უჯრედი. 2 სასტუმრო ნომერი აქედან 1 ადაპტირებული ინვალიდებისთვის. კაფე-რესტორანი. ღვინის მაღაზია. გასასვლელი შიდა ეზოში. სამზარეულო.

2 სართული: კიბის უჯრედი. კორიდორი. 10 სასტუმრო ნომერი. ტექნიკური ოთახი.

3 სართული: კიბის უჯრედი. კორიდორი. 12 სასტუმრო ნომერი. ტექნიკური ოთახი.

სახურავი: კიბის უჯრედი. ღია ტერასა.

 

 

– როგორც ჩანს პროექტი ძველი შენობის რეკონსტრუქცასა და მის განახლებურ ხედვას წარმოადგენს. რამდენად იქნა შესწავლილი პროექტირების დაწყებამდე მისი წარსული და რა ინფორმაცია გაქვთ მის შესახებ?

– აღნიშნული შენობა სიძველესთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელიცაა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასზე ნებისმიერი სახის ჩარევა საჭიროებს საფუძვლიანი კვლევების ჩატარებას. ვინაიდან ჩვენს ინტერესებში შედიოდა ძეგლის ავთენტური იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, პროექტირების დაწყებამდე ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და საარქივო მასალის მოძიება, რითაც მაქსიმალურად გამოვავლინეთ შენობის ავთენტური და გვიანი ჩარევის შედეგად წარმოშობილი ნაწილები. ჩვენი მიზანი გარკვეულწილად ექსპერიმენტის ჩატარება და ახალი ხედვის შეთავაზება იყოს საზოგადოებისათვის, რაც რესტავრირებული და სრულად შენარჩუნებული ძველი ელემენტებისა და თანამედროვე მოცულობის შერწყმას ისახავს მიზნად.

– შენობის რომელ ნაწილებს შეეხო ყველაზე მეტად და ნაკლებად თქვენი ხელი, და რატომ?

– ვინაიდან პროექტი გულისხმობს შენობის ფუნქციის ცვლასა და ადაპტაციას, ბუნებრივია, მთავარი ცვლილება დაკავშირებულია შიდა სივრცის დაგეგმვასთან. ეს ძირითადად ტიხრების მოწყობას გულისხმობს, თუმცა პრიორიტეტული სამუშაო მაინც რესტავრაცია–რეაბილიტაციის კუთხით იწარმოებს. გაკეთდა პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს კვალიფიციური რესტავრაცია ჩავუტაროთ ფასადს, შევინარჩუნოთ სადარბაზოს მოპირკეთება და შენობაზე გამოყენებული აგურის წყობა. იგეგმება გამაგრება–გაძლიერების სამუშაოებიც. ძირითად სახეცვლილებას განიცდის მხოლოდ შიდა ეზოს მხარეს არსებული ფასადი რომლის მოპირკეთება მოხდება დაშენების ანალოგურად. მოპირკეთების საკითხსაც საკმაოდ ფრთხილად მივუდექით და ძალიან საინტერესო ახალი პრეცედენტი დავუშვით, თბილისურ აივნებზე გამოყენებული აჟურული ელემენტის გამოყენების კუტხით. ორნამენტირებული ფადსადი შრე კომპოზიტური, თეთრი ფერის მასალისგან იქნება.

– ახალი ელემტების შეტანისას რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაითვალისწინეთ?

– ახალი ელემენტების შეტანისას პირველ რიგში ვაცნობიერებდით, რომ გარკვეულწილად ახალი სიტყვა უნდა გვეთქვა თბილისის თანამედროვე არქიტექტურაში, რაც ძველი ახალი სტილის ჰარმონიული შერწყმით იქნება მიღწეული. გავითვალისწინეთ, რომ საქმე გვქონდა თბილისის ისტორიულ უბანთან და მასში უხეში ჩარევა დისონანსს შეიტანდა არსებულ განაშენიანებაში. ახალი მოცულობის გაჩენა არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას თუ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულების დაკარგვას. პირიქით, ჩვენ შენობას ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. მოხდება მთლიანად უბნის გამოცოცხლება და ევოლუციური განვითარება. ცვლილებები უმტკივნეულოდ ჩაეწერება უბნის იერსახეში და არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული სურათის ჰარმონიულ ნაწილს შექმნის.

– პარკირების საკითხი?

– სასტუმროს ექნება მცირე ზომის ღია პარკინგი, ეზოს მხრიდან.

– ინტერიერში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილად კიბის უჯრედი მიმაჩნია, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის ბადისებრი ყოფილიყო?

– პირველ და მეორე სართულს შორის დამაკავშირებელი კიბე და მოაჯირები არსებითი დაზიანების გარეშეა შემონახული და საშუალებას იძლევა ძალიან მცირე სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად სრულად იქნეს შენარჩუნებული. რაც შეეხება მეორე, მესამე და სახურავის დამაკავშირებელ ახალ კიბეს, იგი მდებარეობს იგივე უჯრედში ისე, რომ ფიზიკური შეხება არ მოხდება ძველისა და ახალის, მხოლოდ ვიზუალური, რომელიც იქნება ბადისებრი და ჰაეროვანი.

– რა იყო სანათების შერჩევისას მთავარი იდეა და არის თუ არა წარმოდგენილი დიზაინის საბოლოო ვარიანტი?

– ყველა წარმოდგენილი ვიზუალიზაცია საბოლოო ვარიანტია. რაც შეეხება სანათებსა და ინტერიერს, აქ შევეცადე სახელწოდებასთან შესაბამისობაში მომეყვანა არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ხასიათით-სანათები მიმოფანტულია, როგორც ჯაზი,

– რამდენად ხართ ჩართული სამშენებლო პროცესში საავტორო ზედამხედველობის კუთხით?

– ჩემი მხრიდან საავტორო ზედამხედველობა აუცილებლად განხორციელება, ვინაიდან მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის მიღწევაა, რასაც ვფიქრობ, სწორედ ამ გზით მივაღწევთ.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest