ქართველ ფოტოგრაფებში, ჩემთვის ერთი სახე ყოველთვის უფრო მეტად გამოირჩევა. ნატა სოფრომაძე, რომელიც ნამუშევრების ესთეტიკით, თემების მრავალფეროვნებითა და გადაღების მანერით იქცევს ყურადღებას. განსაკუთრებით აღსანიშნავი, ალბათ, მისი ის უნარია, გადმოსცეს ყოველდღიური ხედვის და შექმნას შთაბეჭდილება, ვითომ ისინი არც კი გვინახავს. მიანიჭოს მათ ახალი და საინტერესო სიცოცხლე.

ამ სტატიაში წარმოდგენილი ფოტოსერია „უხილავი ასაკი“ ნატას ერთ-ერთი ახალი ნამუშევარია და ზურგით მდგარ, ასაკში შესულ ქალებს გადმოგვცემს. იდააფმა ავტორს ნამუშევრის გარშემო რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

– საიდან წამოვიდა ამ ფოტოსესიის იდეა და ამ ქალების ასაკისასე ჩვენება?როგორ ფიქრობ, ამ ფოტოსერიასდა ზოგადად ფოტოგრაფიას შეუძლია თუ არა გაანეიტრალოს ასაკი, რადგან , მაგალითად, არც ერთი ქალის სახე არ ჩანს და რაღაც მომენტში თითქოს ვერც კი ხვდები მათ წლოვანებას.

– ორი წლის წინ, ტოსკანაში, კერამიკის ვორკშოფი გავიარე. ჩემი ჯგუფელების უმრავლესობა ხანში შესული ქალბატონები იყვნენ. სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ ადამიანის ცხოვრებაში სოცილური და გენდერული სტატუსის გარდა უდიდეს როლს ასაკი თამაშობს. ასაკის მიმართ დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება, ჩვენს რეალობასა და იმ რეალობას შორის, რაც იქ დამხვდა. ჩვენთან, ადამიანების და განსაკუთრებით ქალების, ცხოვრება გარკვეულ ასაკში შეიძლება ითქვას წყდება. ეს ძალზედ სევდიანია. იქ, ტოსკანაში, დილას ადრე იოგის სავარჯიშოდ რომ ვდგებოდი, რადგან დაგეგმილი პროგრამით ასე იწყებოდა ყოველი დილა და მეგონა, რომ მხოლოდ მე და ჩემი ერთი-ორი ახალგაზრდა ჯგუფელი დავესწრებოდით, ჩემდა გასაკვირად საპირისპირო სურათი მივიღე. ყოველ დილას, ვუყურებდი მოხუცი ქალების ხალისიან ვარჯიშს და ვფიქრობდი, რამდენად წარმოუდგენელია ჩვენთან, გარკვეული გამონაკლისების გარდა, მსგავსი სურათი წარმოიდგინო. მოკლედ რომ ითქვას, ამ შემთხვევამ დამაფიქრა ქალებზე ასაკში.

თან იმ პერიოდში უკვე დაწყებული მქონდა “სიკვდილის” სერიის გადაღება და თეთრთმიანი ქალების გადაღება რომ დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ეს იმიჯებიც, ამ დიდი სერიის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. თუმცა, ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ ეს ცალკე, დამოუკიდებელი პროექტია. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ერთ-ერთი ქალი, ქუჩაში, თეთრ ფონზე გადავიღე. ზურგით მდგარი თეთრთმიანი უცნობი ქალი, თეთრ ფონს ერწყმოდა და თითქოს უჩინარდებოდა, უხილავი ხდებოდა. გადავწვიტე ასე გამეგრძელებინა ეს სერია და “უხილავი ასაკი” დავარქვი.

– რატომ გადაიღე მხოლოდ ქალები ამ ფოტოსერიისთვის და აქვთ თუ არა მათ საერთო ერთმანეთთან?რა არის Invisivle Age-ის მთავარი სათქმელი?

“უხილავი ასაკი” ბებიის ხსოვნას მივუძღვენი, რომელიც სულ თეთრი თმით მახსოვს და რომელმაც შთამაგონა გადამეღო საქართველოში მცხოვრები მოხუცი ქალბატონები. ეს არის სერია სიცოცხლის პროცესში შეწყვეტილ სიცოცხლეზე, ამბავი ქალებზე ნახევარი ცხოვრებით, რომლებიც არსებობენ და ამავე დროს არ არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში.

– რა არის ფემინიზმი შენთვის?

– ჩემთვის ფემინიზმი ქალის სიძლიერესთან ასოცირდება.

 

ნატა სოფრომაძის სხვა ნამუშევრებს გაეცანით აქ:

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest