ვისაც როგორ სჯერა, ისე იყოს ეგ ისტორია, მაგრამ ღმერთმა რომ ადამიანი შექმნა, ისე გააკეთა, გარედან არაფერი ჩანს რაც სხეულში ხდება. იქ კი მთავარი სამზარეულოა, მთელი თავისი სასიცოცხლო პროცესებითა და რომ არა შიდა ორგანოები, უბრალოდ ვერ ვიცოცხლებდით.

სხეული ისეა აწყობილი, რომ ორგანოები, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ადამიანის არსებობაში, შიგნით მდებარეობს. მას გარე, დამაზიანებელი ფაქტორებისგან კანი იცავს, სხეულის საყრდენ ფუნქციას კი ძვლები ასრულებს. ჩვენ ვერ ვხედავთ რა ხდება შიგნით, რადგან ჩვენი სხეულის შიდა ნაწილები კანითაა შეფუთული, თუმცა თუ რომელიმე მათგანის მოქმდება შეფერხდება, მაშინვე ვგრძნობთ.

სულ თავიდანვე ასე იყო, მთელი ეს სასიცოცლო მექანიზმი, მნიშვნელოვანი ფუნქციები შიგნითაა, კარგად დაცული, ხოლო გარეთ მდებარეობს ის ორგანოები, რომლებსაც გარემოსთან საურთიერთოდ ვიყენებთ და სიმართლე რომ ვთქვა, გაცილებით სიმპატიურადაც გამოიყურებიან. ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ადამიანს გარეთ რომ ჰქონდეს გული, ფილტვი, ნაწლავები… რა სანახავები ვიქნებოდით…მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის ორგანიზმი უნაკლოდაა მოწყობილი, ყველაფერს თავისი ლოგიკური ადგილი აქვს და სხვანაირად უბრალოდ გარდაუვალია.

ასე იყო არქიტექტურაშიც, შენობაც ხომ ცოცხალი ორგანიზმია. წარმოიდგინეთ ჩონჩხი – იგივე კონსტრუქციაა, შიდა ორგანოები: ფილტვები, როგორც ვენტილაციის შახტა, ელექტროენერგიის მთავარი საქვაბე – დავუშვათ გული, კანალიზაციის მილები – ნაწლავები, ხოლო ფასადი -კანი. რას ვხედავდთ შენობაზე: კანს თავისი მაკიაჟით – დავუშვათ დეკორით, არავითარი გულ-ღვიძლ-ფილტვი გარედან არ გვხვდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ მშვენიერ 1977 წლის დეკემბერში მსოფლიომ დიდი უცნაურობა იხილა.
პარიზში აშენდა პომპიდუს ცენტრი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები მთლიანად გამოშიგნული და მეტიც, გულ -ღვიძლ – ნაწლავებ გადმოყრილი წარსდგა მსოფლიოს წინაშე. მთელი ეს სავინტილაციო შახტები, საკანალიზაციო მილები და ინტერნტის კაბელები გარეთ გამოყარეს ავტორებმა და ასე წარუდგინეს საზოგადოებას. შიგნითას ადგილი შეუცვალეს და გარეთ გამოიტანეს, ეს ორი ცნება, რომელიც წესით ხელშეუხებელი იყო, სრულიად აატრიალეს.
ამ ყველაფრის თავკაცი ორი არქიტექტორი: ბ-ნი რიჩარდ როჯერსი და რენცო პიანო იყვნენ. „ცოტა უცნაურად ჩანდა ეს შენობა მეთქი“ დავწერდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამდენი გაოცებული ადამიანი პარიზს არასდროს უნახავს, როცა გაიგეს, რომ შენობა დასრულებულია და დღეიდან ესეთი სახით იფუნქციონირებს. მათ შორის იყო ქართველი არქიტექტორების ჯგუფიც, ფრანგმა კოლეგებმა რომ კითხეს როგორ მოგწონთ ჩვენი პომპიდუო და ამათმა კიდე უპასუხეს, რომ დამთავრდება და ქარგილი („აპალოვკა“) მოეხსნება კარგი იქნებაო. („აპალოვკაში“ მთელ ამ ფასადზე გამოყრილ მილებს გულისხმობდნენ)
პომპიდუ პარიზში მდებარეობს და კულტურის ცენტს წარმოადგენს. შენობაში განთავსებულია: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ინდუსტრიალური დიზაინისა და აკუსტიკური მუსიკის ცენტრი. ასევეა ოფისები ადმინისტრაციისთვის, წიგნის მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ოთახები. მშნებელობა
1971-1976 წლებში მიმდინარეობდა.

როგორც ადამიანზე იქნებოდა უცნაური შიდა ორგანოების გარედან ნახვა, ისეთი ეფექტი ჰქონდა პომპიდუს ცენტრის გახსნასაც და მერე, კიდევ დიდი ხანი არ წყდებოდა მის გარშემო საუბარი. რა ჭკუაამობრუნებული ავტორებიც ჰყავს, ისეთი შენობაა თვითონაც და ასეთი გენიალურად „უკუღმართი“ ნაგებობა კიდევ ბევრი გვანახოს ღმერთმა. მის ავტორებს კი მილიონი მადლობა არა მხოლოდ იმ 25,000 ვიზიტორისთვის დღეში, ცენტრის და მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტს უმოწყალოდ რომ ამდიდრებს, არამედ ცნობიერებაში ღრმად ჩახედვისთვის, მისი შეცვლისთვის, რომ ყველაფერი უკუღმართი ცუდი არაა და რომ ტვინი ფართოდ უნდა გავხსნათ ახლისთვის.
რათქმაუნდა, ამ ცნობიერების გახსნასა და ამოტრიალებაში ადამიანის ორგანოებს არ ვგულისხმობ, ეს ის ხელშეუხებელი თემაა, რომელზეც დავაც კი აფსურდია (ვისაც არ გჯერათ, მიიბით ელენთა ყურთან და დაელოდეთ შედეგს) არქიტექტურაში კი ამ ექსპერიმენტმა ძალიანაც გაამართლა.
შიგნით-გარეთ ეს ადგილის ცნებებია, სივრცის აღქმაა. რაღაცის ადგილი შიგნითაა – რაღაცის გარეთ, თუმცა ექსპერიმენტი გადანაცვლებაზე შეიძლება და ცდა ღირს. ხდება ისეც, რომ უბრალოდ ვერ ხვდები შიგნით ხარ თუ გარეთ, მაგალითად, ბებიაჩემითვის გადახურულ აივანზე რომ ვდგავარ „გარეთაა“ და უნდა შევიდე, გავცივდები, მე კიდევ ხანდახან ღია ცის ქვეშაც კი ყველაზე შიგნით ვგრძნობ თავს, გალაქტიკის შიგნით.

თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ სივრცე, ადგილი და მერე როგორც გადაწყვეტთ ის იქნება შიგნითაც და გარეთაც. მერე თუ მოგინდებათ შეცვალეთ, აატრიალეთ ყველაფერი და თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, ერთი წამით არ იფიქროთ რომ ცუდია. დატკბით თქვენი უკუღმართი ნახელავით.
სხეულის ორგანოებს არ შეეხოთ ოღონდ!

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest