ყველაზე კარგი რამ, რაც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა ინდუსტრიული შენობების არქიტექტურაა, რომელიც კონკრეტულ ადგილას სახასიათო და საინტერესო გარემოს ქმნის. უამრავი მიტოვებული, ნახევრად დანგრეული და მდიდარი ისტორიის მქონე შენობა შემოგვრჩა და დღეს ყველაზე საწყენი მათი ესეთი ფორმით არსებობაა. ამ ქარხნებში, ლაბორატორიებსა და ქვესადგურებში უამრავის სიცოცხლეა გატარებული. ყველა ეს ობიექტი ეკონომიკის მხარდამჭერი იყო და ამასთანავე ქვეყნის სოციალური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ამ შენობების უმეტესობა ან მომაკვდავია, ან ინვესტორის მიერ შეძენილი და საძირკვლამდე დემონტირებული სხვა დანიშნულების შენობების ასაგებად. სამწუხაროდ, არავის მოსდის აზრად მათი ამ უკვე ეგზოტიკად ქცეული უპირატესობის გამოყენება და საინტერესო ობიექტებად გარდაქმნა მათი კუტურული ღირებულებების დაკარგვის გარეშე. ისინი კი არსებობენ, ჭუჭყიანები, გარემოს ყველაზე ბინძური წევრები და არავინ ფიქრობს მათი ღირსების აღდგენას.

ლონდონში კი ერთ-ერთი ასეთი ინდუსტრიული გადმონაშთის, ბათერსის ელექტროსადგურის ამგვარ ყოფა დასრულდა და სულ მალე ეს მიძინებული გიგანტის ისევ გამოიღვიძებს.ეს სტატია მისი დიდების, ვარდნისა და ფერლიდან აღდგომის ისტორიაა.

 

მდებარეობა: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

არქიტექტორი: ჯაილს გილბერტ სკოტი

რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი: ვილკინსონ აირი

ტერიტორიის ფართი: 17000 კვ.მ.

პროექტის დასრულების თარიღი: 2020 წ

 

 

შენობა ექსპლუატაციაში 1927 წელს მიიღეს. ევროპაში ყველაზე დიდი აგურის ნაგებობა 50 წლის განმავლობაში ლონდონს ელექტრო ენერგიით ამარაგებდა და ქალაქის პანორამის ყველაზე გამორჩეული ნაწილი იყო. 1964 -ში ელექტროსადგური ხანძრის მსხვერპლი გახდა. ამ შემთხვევამ ბევრ ხელოვანს შთააგონა შეექმნა სიმღერები, ფილმები თუ ტილოები მასზე. ემოციური და ვიზუალური ეფექტი შთამბეჭდავი იყო. სადგურმა მუშაობა 1983 წელს შეწყვიტა და კვდომა დაიწყო, მაგრამ სინადვილეში ეს მეორე სიცოცლხის დასაწყისი აღმოჩნდა. ელექტროსადგურს 2012 წლამდე ეძინა, მანამ სანამ ის მალაიზიურმა კომპანიამ „სეტია“-მ არ შეისყიდა.

შენობის ფუნქცია შეიცვალა და ის სახურავზე პანორამული ბაღის მქონე მრავალფუნქციურ ნაგებობად იქცა. ჭკვიანმა ინვესტორებმა იგი არ დაანგრიეს და მისი ძველი ნაწილების მაქსიმალური რაოდენობა შეინარჩუნეს. მოდერნიზმისა და არტ დეკოს ეს გადმონაშთი სტილის აქტუალურ ღირსებებად იქცა. ძველი ამწეები, ფანჯრები, სარეკლამო დაფები, ყველა პატარა დეტალი, რომლის გადარჩენაც შეიძლებოდა, განახლებული ინტერიერისა და ექსტერიერის ბუნებრივი ნაწილი გახდა. საკულტოდ ქცეული საკვამურები კვლავ ღირსეულ ადგილს იკავებენ ლონდონის ხედში. მიუხედავად რთული აღდგენითი სამუშაოებისა, ისინი მაინც დატოვეს, როგორც შენობის სახასიათო ნაწილი. კოროზირებლი არმირება და დაბზარული ბეტონი მთლიანად შეიცვლება მისი ანალოგით.

ახალი სივრცეები აბსოლუტურად თანამედროვეა, მაგრამ ისინი პირველადი სტილით არიან გაჯერებულნი. ასეც უნდა მომხდარიყო, შენობა ხომ ლივერპულის კათედრალის, ვათერლოოს ხიდისა და ლონდონის სავიზიტო ბარათის – წითელი სატელეფონო ჯიხურის ავტორის დაპროექტებულია. აღსანიშნავია, რომ მთლიანი კომპლექსის გენერალურ გეგმაში ფრენკ გერისა და ნორმან ფოსტერის საცხვრებელი კორპუსების მოცულობები საპატიო ადგილს იკავებს. ახლის შექმნა არ ნიშნავს ძველის აბსოლუტურ განადგურებას. ყველაფერი ახალი შესაძლოა ბუნებრივად დაუკავშირდეს ფუნდამენტს, რომელიც წარსულმა დატოვა. არქიტექტურას ძვირფასი მომენტები, გამარჯვებები, იმედგაცრუება, სიხარული და აღმოჩენები, მოცულობა, გეომეტრია, ფერი და სინათლე ერთობლივად ქმნიან.

და ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ: წინა საუკუნემ უამრავი ღირებული კონსტრუქცია დაგვიტოვა. გულდასაწყვეტია ამ თითქმის სურეალისტური შენობებისა და მათი გარემოს უსიცოცხლო ყოფა ამ დროში. ყველა ეს ნაგებობა ჩვენი კულტურისა და ისტორიის ნაწილია და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო მათი ახალი სიცოცხლის ნახვა იქნება, ფერფლიდან აღდგენა.

პ.ს. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ფოტო ინდუსტრიული შენობების გადმონაშთისა საქართველოში, რომლებიც მგონია, ყველაზე მეტად შეეფერებიან წინარე სტატიას და იმედია, ოდესმე დაიბრუნებენ ახალ სიცოცხლეს .

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი, ნანუკა ზაალიშვილი

პოსტერი: ჯეისონ ლილეი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest