10 წლიანი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება – 2017 წლის 11 იანვრიდან, მუსიკის მოყვარულებს უკვე შეეძლებათ ჰამბურგის ახლად აშენებულ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი კომპოზიტორების მოსმენით დატკბნენ. კონსტრუქცია თითქმის დასრულებულია; დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს 6000 კვ.მ. სიდიდის კედლისა და ჭერის მოპირკეთებაზე, ასევე მონტაჟდება ორღანი. დასრულებულ მდგომარეობაში საკონცერტო დარბაზი ყველაზე მაღალი დასახლებული შენობა იქნება ჰამბურგში, 110 მეტრი სიმაღლით.

პროექტზე მუშაობა 2007 წლის 2 აპრილიდან დაიწყო, როდესაც შენობის საძირკველს ჩაეყარა საფუძველი. დიზაინის ავტორები ცნობილი შვეიცარიელი არქიტექტორები, ჰერცოგ დე მეირონი (Herzog & de Meuron) არიან. მათ არაერთი მსოფლიო დონის ნამუშევარი აქვთ შექმნილი, ერთ-ერთი მათგანია ტეიტ მოდერნი ლონდონში. თავიდან მშენებლობის დასრულება 2010 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ საბოლოო თარიღმა 2017 წლამდე გადაიწია; საკონცერტო დარბაზის ამაღლებული ნაწილი, 4000 კვ.მ. სიდიდის პლაზა 2016 წლის ნოემბერში გახდება საზოგადოებისთვის ღია, იგი ქალაქსა და ნავსადგურზე 360 გრადუსიან პანორამულ ხედს შესთავაზებს სტუმრებს. ორი თვის შემდეგ კი საკონცერტო დარბაზიც გაიხსნება.

 

ნაგებობა მდინარე ელბასთან მდებარე 1960-იანებში არქიტექტორ Werner Kallmorgen-ის მიერ აშენებული საწყობია. არქიტექტორებმა აგურის ძირითადი შენობა განაახლეს, რომლის თავზეც ტალღოვანი მინის მასაა დამატებული. იგი 1100 ინდივიდუალური პანელისგან შედგება, თითოეული მათგანის სიდიდე 4X5 მეტრია და დაახლოებით 1,2 ტონას იწონის. ფასადის რესტავრაცია დასრულებულია, ხარაჩოები თითქმის ბოლომდე მოშორებული. ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობს ინტერიერის დასასრულებლად. დიზაინერებმა კედლებისა და ჭერის სტრუქტურის შექმნისას, გამოსაყენებელ მასალაზე ვრცელი და სიღრმისეული კვლევა ჩაატარეს. საკმაოდ სქელი, მკვრივი და ძალიან მძიმე ტექნოლოგიით დამზადებული თაბაშირის ფიბრო პანელები ხმას ირეკლავენ, მიმართულებას აძლევენ და ფანტავენ უთვალავი ნიჟარის ფორმის ჩაღრმავებები. ასეთი ტიპის ზედაპირი დარბაზის აკუსტიკურ მხარეს აუმჯობესებს. არტისტებსა და აუდიტორიას შორის მანძილი მაქსიმუმ 30 მეტრია, რაც განცდებს უფრო ამძაფრებს. დარბაზის ჭერი დეკორატიულია და კარავს მოგაგონებთ. შენობის სახურავი 2014 წლის აგვისტოში გაამაგრეს და წყალგაუმტარი გახადეს. სამი საკონცერტო დარბაზის გარდა, რომელთაგან ერთი ძირითადია 2150 ადგილით, პროექტი ითვალისწინებს 250 ოთახიან სასტუმროს და საცხოვრებელ ფართს 45 ბინით.

 

დასაწყისისთვის პროექტის ბიუჯეტი 77 მილიონი ევრო იყო, მაგრამ დასრულების თარიღის გადაწევასთან ერთად ეს რიცხვი გაიზარდა და ამჟამად 789 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის ნაწილს, რა თქმა უნდა, ინვესტორები დაფარავენ, მაგრამ ქალაქზე და ზოგადად სახელმწიფოზე მაინც დიდი დატვირთვა მოდის. მშენებლობის დაწყებიდანვე ეს ჩანაფიქრი ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდა, 2011 წელს კონსტრუქცია დროებით შეწყდა კიდეც, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა მშენებობის ბოლომდე მიყვანა და მომავალი წლიდან ორიგინალურ შენობებს ახალი შეემატება.

ჰამბურგის საკონცერტო დარბაზი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნა სასაწყობო ფუნქციის ნაგებობა მუსიკის ცენტრად, ქალაქის კულტურული ცხოვრების განსავითარებლად. როგორ განთავსდა თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ღირსეული ნიმუში ისტორიულ განაშენიანებაში და თავისი სიმაღლის მიუხედავად ჰარმონიულად ჩაჯდა ქალაქის დაბალანსებულ განაშენიანებაში. არქიტექტორების პროფენიონალიზმი აქ ყველა დეტალს ეტყობა, არსებულ ძველ აგურზე ჩატარებული სამუშაოებიდან დაწყებული, ულტრა თანამედროვე მინის პანელებით დასრულებული.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest