დღეს IDAAF ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვარს, გუჩო ხოსიტაშვილს გაგაცნობთ.

თბილისში დაბადებულმა ხელოვანმა ფერწერის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა, დღეს კი მხატვრობა თავისი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. გუჩომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა; ხოლო ფერწერის დაუფლება ოდნავ მოგვიანებით დაიწყო და მას შემდეგ ნამუშევრებს ძირითადად ზეთში ქმნის.

არაა რომელიმე კონკრეტული სტილის მიმდევარი; მისი ნამუშევრები რამდენიმე მიმდინარეობის ერთობლიობას უფრო წარმოადგენს, ვიდრე ერთი კონკრეტულისას. არ შეუძლია ერთი საყვარელი მხატვრის გამოყოფა; უყვარს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალები; თვლის, რომ ხელოვანი ადამიანი ერთზე მეტი მხატვრით უნდა იყოს აღტაცებული. ყველაზე მეტად ბუნებრივი ფაქტურები მოსწონს, როგორებიცაა ხავსი, ან მიწა, მაგრამ საყვარელი ფაქტურის გამოყოფა უჭირს, რადგან ასეთი მრავალია.

როდესაც ნახატზე იწყებს მუშაობას, გუჩოს წინასწარ არ აქვს მოფიქრებული რას შექმნის, დიდ ყურადღებას უთმობს ხატვის პროცესს და როდესაც მის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, მხოლოდ მაშინ ირკვევა რასთან ქონდა საქმე, რა ნახატი იქმნებოდა.

 

ახალგაზრდა მხატვარს მონაწილეობა არაერთ კონკურსსა თუ პროექტში აქვს მიღებული. მეგობრებთან ერთად ბაგინეთის სარესტავრაციო და სარეკონსტრუქციო პროექტი შექმნა, რომელმაც კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. 2001 წელს ჩეხეთის კულტურის სამინისტროს მიერ გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა (Lidotse) და პირველი ადგილი დაიკავა საუკეთესო ნამუშევრისთვის. 2010 და 2012 წლებში მონაწილეობდა ჩეხეთში გამართულ Rokycany Biennial-ში, სადაც ზეთში შესრულებული ტილოები წარმოადგინა.

გუჩოს ნამუშევრები ფერთა სისადავით, გულახდილობით გამოირჩევა, იგი ზუსტად გადმოგვცემს საკუთარ ნაფიქრალს, ემოციებს; ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს და არ ერიდება საზოგადოებას საკუთარი ნამდვილი სახე დაანახოს. სტატიისთვის შერჩეული ნახატები ყველაზე ახლოს აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან დგანან.

„სახელოსნოში ჩაკეტილ ჯოკონდას ფასი არ აქვს“- ო და ხელოვანი სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობას აპირებს; ერთად მოუყრის თავს ნამუშევრებს და საზოგადოებას საშუალებას მისცემს თავისი ახალი ფერწერა დააგემოვნოს. მის გეგმებში შედის რამდენიმე თემაზე სერიების შექმნაც.

 

იდააფმა გუჩოს რამდენიმე კითხვით მიმართა:

რა ტექნიკებში მუშაობ?

რაც შეეხება ტექნიკას, დროთა განმავლობაში ჩემი ხატვის მანერა მრავალჯერ შეიცვალა, გამომდინარე იქიდან რა მასალასთან მიწევდა შეხება. ვმუშაობ გრაფიკაში, რადგან სამხატვრო სკოლაში გრაფიკის განხრით ვსწავლობდი. დღემდე ფანქარი და შავი კალამი ჩემს განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ფერწერა მოგვიანებით დავიწყე, როდესაც ხატვა, როგორც საგანი გაგვიუქმეს. ყოველთვის მქონდა სურვილი, ზეთის საღებავებით მემუშავა, მალევე დავეუფლე ზეთის ტექნიკას და დღემდე ძირითადად ზეთში ვმუშაობ.

ვისი გავლენა იგრძნობა ნამუშევრებში?

ჩემი ნამუშევრები ძალიან სუბიექტურია. ის, რაც განაპირობებს ნახატის შექმნას, რა თქმა უნდა, რაღაცით ინსპირირებულია; ეს შეიძლება იყოს მუსიკისგან მიღებული ემოცია, ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა, ბუნებასთან კავშირი თუ სხვა. რასაც ქვია მხატვრის გავლენა, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ჩემს ნახატებს არავის გავლენა აღარ ეტყობა.

როგორ ფიქრობ, რითი გამოირჩევი სხვებისგან?

გამოვირჩევი ალბათ იმით, რომ არ ვხატავ პოპულარობისთვის. ჩემთვის თავად პროცესია მნიშვნელოვანი და არა შედეგი, ეს მოთხოვნილებაა და არა მოცემულობა; არ ვატყუებ პირველ რიგში ჩემს თავს და მნახველს არ ვთავაზობ მორიგ, კარგად შეფუთულ “fast food”-ს; არ მიზიდავს ენდი უორჰოლისებრი 15 წუთიანი წარმატება. ერთ ჩემს გრაფიკულ ნახატს წავაწერე, რომ არტისტი მოსაკლავია ტყუილისთვის თავის ნამუშევარში.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest