ჩინეთის ქალაქი გუანჭოუ (Guangzhou) სხვა ღირებულებებთან ერთად იმითაცაა გამორჩეული, რომ იქ ზაჰა ჰადიდის განსაკუთრებულად საინტერესო შენობა მდებარეობს. ერთი შეხედვისთანავე იგრძნობა, რომ ეს გაშლილი სივრცეებისა და ტალღოვანი, გარდამავალი ფორმების მქონე ოპერის შენობა, გამორჩეუილი არქიტექტორის გონების ნაყოფია.

დიზაინზე კონკურსი 2002 წლის აპრილში გამოცხადდა და ჰადიდთან ერთად ბევრი ცნობილი არქიტექტურული კომპანიის ყურადღება მიიქცია, მათ შორის იყვნენ კუპ ჰიმელბლაუ და რემ კულჰაასი (Coop Himmelb(l)au და Rem Koolhaas); აღსანიშნავია, რომ იმავე წლის ნოემბერში გამარჯვებულად ზაჰა ჰადიდის პროექტი დასახელდა.

გუანჭოუს ოპერის თეატრი ყველაზე დიდი კულტურული ცენტრია სამხრეთ ჩინეთში და მის მშენებლობასა და მთლიანად პროექტის სისრულეში მოყვანაში, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

მშენებლობა 2003 წლიდან 2010 წლამდე მიმდინარეობდა. ოპერა ქალაქის ბიზნეს უბანში, მდინარე პერლის (Pearl) გვერდით 70000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ეს უბანი მუდმივ ზრდასა და კულტურულ განვითარებაშია. ფორმით შენობა 2 დიდ ლოდს მოგვაგონებს, თითქოს მდინარის ნაპირასაა გამორიყული და წყლის დინებას მისი ზედაპირი „გამოუთლია, გაულამაზებიაო“. ასეთი ფორმის გამო შენობა და ფასადი უპრობლემოდ ერწყმის გარემოს, მათ შორის კავშირი ბუნებრივია.

თეატრში ორი დარბაზია: 1800 ადგილიანი, დიდი აუდიტორია აღჭურვილი უახლესი აკუსტიკური ტექნოლოგიითა და უფრო პატარა, 400 ადგილიანი, მულტიფუნქციური დარბაზი კონცერტებისთვის, ოპერისთვის თუ სხვა წარმოდგენებისთვის; თეატრში ასევე მაღაზიები და კაფეებია განთავსებული. როგორც ჰადიდის სხვა ნამუშევრები, ამ შენობაშიც უხვადაა გამოყენებული ბუნებრივი განათებაა. ერთმანეთში გადახლართული კედლები უამრავ გასასვლელსა და დერეფანს ქმნის, თითქოს ერთგვარი ლაბირინთიაო, შეიძლება „დაიკარგო“ კიდეც. სხვადასხვა სართულებს შორის გადაადგილება მოსახერხებელია კიბეებითა და ესკალატორებით. აუდიტორიის ინტერიერის შექმნისას, ბოჭკოვანი მინით გამაგრებული სპეციალურად დამზადებული თაბაშირის პანელები იყო გამოყენებული, რათა გაეძლიერებინათ შენობის დიზაინის თემა, მოქნილობა, გარდამავლობა და უზადობა.

მთავარ დარბაზში შესვლისას აღმოაჩენთ, რომ ადგილები ოდნავ ასიმეტრიულადაა განლაგებული და სცენას სამი მხრიდან ერტყმის გარს. ჭერი უამრავი წვრილი ნათურითაა დაფარული; როდესაც მთავარი სინათლე სპექტაკლის დაწყებამდე დაიწევს, ეს პატარა ნათურები აინთება და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ჯდომის განცდას დაგვიტოვებს. შენობის მისაღების ერთი კედელი მთლიანად შუშისაა და ქალაქის შესანიშნავ ხედს გვთავაზობს, განსაკუთრებით ღამით.

უნაკლო დიზაინის მიუხედავად მშენებლობას ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია. აშკარა იყო, რომ ჰადიდის ფუტურისტულ იდეებს არსებული ტექნოლოგიები სრულყოფილად ვერ ასხამდნენ ხორცს. ამის მიუხედავად, ოპერის შენობა მაინც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენობად როგორც ჩინეთისთვის, ასევე ზაჰა ჰადიდის კარიერაში.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest