ცნობილმა არქიტექტურულმა საიტმა designboom.com -მა გამოაქვეყნა სტატია, საიდანაც ირკვევა, რომ გრაფთ არქიტექტორებმა გაიმარჯვეს თბილისში, ვარდების მოედნაზე გამოცხადებულ კონკურსში და აღნიშნული სივრცე მალე შეცვლილი იერსახით წარსდგება თბილისის მაცხოვრებლების წინაშე. ის დასვენებისა და გართობის, სეირნობისა და საჯარო საქმიანობების მოყვარულთა საყვარელი ადგილი გახდება.

ვარდების მოედანი ერთ-ერთი იმ საზოგადოებრივ სივრცეთაგანია, რომელთა რაოდენობაც ასე მცირეა ჩვენს ქალაქში. ხელსაყრელი, კარგი ადგილმდებარეობის გამო მას დიდი პოტენციალი აქვს ქალაქის განვითარების ფარგლებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ავტოსადგომად გამოიყენება. არქიტექტურულმა სტუდია “Graft Architects”-მა აქ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ამ ადგილის, 8000 კვადრატული მეტრის ტრანსფორმირების უფლება მოიპოვა. პროექტის დიზაინის მიხედვით კონსტრუქციას რამდენიმე დონე ექნება, ერთმანეთისგან გამოყოფილი სივრცეებით. მისი ცენტრი ამფითეატრი იქნება წარმოდგენების გასამართად. იგი მიწის ქვეშ უკვე არსებულ კომპლექსსაც დაუკავშირდება, ასევე იქნება გაკეთებული სასტუმროსთან დამაკავშირებელი გასასვლელი. ასეთი დანაოჭებული ზედაპირი მიწის ზევით ტივტივის ილუზიას ქმნის, რაც საკმაოდ ორიგინალურია. კონსტრუქციის ასეთი ფორმა ასევე კარგად გადმოგვცემს მთლიანად ქალაქის ტოპოგრაფიულ განლაგებას.

შექმნილი სივრცე შესანიშნავი ადგილი იქნება რესტორნების, კაფეებისა თუ სხვა მსგავსი ადგილების გასახსნელად. „ჩაძირული“ ბაღები დასვნების, მოდუნების შესაძლებლობას მისცემს მოსეირნეებს. პროექტის დასრულების შემდეგ მოედანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი გახდება, რომლითაც ბევრი მოქალაქე დიდი სიამოვნებით ისარგებლებს.

აღმოჩნდა, რომ ვარდების რევოლუციის მოედნის რეაბილიტაციის და განახლების პროექტზე სილქ როუდ ჯგუფი მუშაობს. იდააფთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამოცხადებულ კონკურსში არაერთმა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ამ ეტაპზე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია – Graft Architect-ს. აღსანიშნავია, რომ ამ არქიტექტურული კომპანიის გამოქვეყნებული საპრეზენტაციო მასალა არ წარმოადგენს პროექტის საბოლოო სახეს. ამჟამად სილქ როუდ ჯგუფსა და აღნიშნულ კომპანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საბოლოო ვარიანტზე მუშაობა.

 

იდააფს სილკ როუდ ჯგუფის წარმომადგენელი ანი ცაბაძე გაესაუბრა:

როდის გამოცხადდა კონკურსი? იყო ეს საჯარო თუ დახურული , ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ იყო ჟიურის წარმომადგენელი?

„სასტუმრო რედისონის წინ მდებარე პარკინგის ტერიტორია სილქ როუდ ჯგუფის საკუთრებაშია. ამ ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით 2015 წლის ბოლოს ჯგუფმა ჩაატარა დახურული კონკურსი, რომელშიც ჯგუფის მოწვევით რამდენიმე უცხოურმა და ქართულმა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის მიზანი იყო სასტუმროს წინ მდებარე პარკინგის ტერიტორიას შესძენოდა საზოგადოებრივი დატვირთვა და გამხდარიყო თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების თავშეყრის ადგილი. წარმოდგენილი ესკიზებიდან გამარჯვებულად გამოცხადდა არქიტექტურული სტუდია “Graft Architects“ ის მიერ შემუშავებული ვარიანტი, რადგან ამოცანის გადაჭრის მათი ხედვა ყველაზე საინტერესოდ და მისაღებად იქნა მიჩნეული.

როდის გახდება საჯარო პროექტის საბოლოო სახე და დამტკიცებულია თუ არა თბილისის მერიაში ? შედის თუ არა ეს პროექტი თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში და თუ აარიან ჩართული ამ პროცესებში პროფესიონალები, რომლებიც თბილისის ურბანულ პრობლემებზე მუშაობენ?

სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებული რენდერები წარმოადგენს წინასწარ ესკიზს და არ ასახავს პროექტის საბოლოო ვარიანტს, რადგანაც საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე წინასწარი ესკიზები განიცდის არა ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას, ჯგუფი გეგმავს ამ მიმართულებით „გრაფტთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას.

შემდეგ ეტაპზე იგეგმება პროექტის დახვეწა პროექტის ავტორთან, გენგეგმის შემდგენ კომპანიასთან, სხვადასხვა სპეციალისტებთან და მერიის არქიტექტურულ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით.

რამდენია პროექტის ბიუჯეტი და როდის იგეგმება მისი განხორციელება?

ამ ეტაპზე პროექტის დასრულების ვადები და საინვესტიციო თანხა საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.

რა ბედი ელის საბაგიროს?

რაც შეეხება საბაგიროს, რომლის მშენებლობაც რამდენიმე წლის წინ შეჩერდა, ამაზე ინფორმაციას “სილქ როუდ ჯგუფი” არ ფლობს, რადგან ეს მერიის კომპეტენციაა.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest