იან კალაბი გრაფიტის ჩეხი მწერალი 1978 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. დღეს მისი ნამუშევრების სოლო გამოფენები სხვადასხვა გალერეაში იმართება, მაგრამ მანამდე, როგორც ქუჩის მხატვარმა, ყველა ის საფეხური გაიარა, რომელიც გრაფიტის სრულფასოვანი წერისთვის არის საჭირო.

იანი საბჭოთა სივრცეში დაიბადა, სადაც გრაფიტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდა. 90-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საზღვრები გაიხსნა და დასავლური ამბები ადვილად შევიდა ქვეყანაში, იან კალაბიც დაინტერესდა გრაფიტით, დაიწყო წერა და დააფუძნა საკულტო ჯგუფო DSK.

გრაფიტის ხატვა ნიშნავს უძილო ღამეებს, მაღალ კედლებზე დაკიდებას, სპრეით ხატვას, სხვა გრაფიტისტებთან კონკურენციას და აუცილებლად ზედმეტსახელის ქონას.

იან კალაბმა ზედმეტსახელად Cakes დაირქვა და ასე გააკეთა პირველი ტრადიციული გრაფიტები ჩეხური შენობების კედლებზე. შემდეგ დაებადა ახალი, სამგანზომილებიანი, არატრადიციული გრაფიტის წერის იდეა და 2000 წელს, ნიუ-იორკში შექმნა გრაფიტი-სკულპტურები ზედმეტსახელით: Point. მან მოზრდილი ზომის ასოები გამოძერწა და მაღალი შენობების თავზე დაკიდა. ამჯერად, დღის სინათლეზე, სპრეის გამოყენების გარეშე და კონკურენციის გამჟღავნებული სურვილით.

2006 წელს იანი გახდა პრაღის გამოყენებითი ხელოვნების აკადემიის მაგისტრი. 2007 წლიდან აკრილის საღებავებითა და ფუნჯის გამოყენებით დაიწყო გრაფიტი-სკულპტურების ტილოზე გადატანა. 2008 წელს მოეწყო მისი სოლო გამოფენა პრაღში, რასაც მოყვა გამოფენები რუმინეთში, არგენტინაში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში.

არტისტი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფიგურებს მიმართავს: გამოკვეთილ და თვალშისაცემ ფერებს სიღრმის, მოძრაობისა და დროის გამოსახატად იყენებს. მისი ქმნილებების ბოლო სერია „დაძაბულობა“ (Tension ) წარმოდგენილია BC Gallery-ში, ბერლინში, როგორც სოლო გამოფენა და შედგება ნახატებისა და 3D გეომეტრიული ფიგურებისგან. აქ თვითონ დედამიწაა წარმოდგენილი, როგორც სფეროსებრი მოცემულება, რომელიც გამუდმებით იცვლება და სხვაფერდება. ეს არის არტისტის რეაქცია იმ ფარულად გაბმულ კავშირზე, რომელიც არსებობს ჩვენს ყოველდღიურობასა და დედამიწის ამ გამუდმებულ ცვალებადობას შორის.

მას შემდეგ, რაც გრაფიტი ტილოზე გადაიტანა, იან კალაბი კოლექტიურ საქმიანობაშიც ჩაება; როდესაც ნამუშევრები მოცულობაში გაიზარდა და შენობებზე დაკიდება სხვა ადამიანების დახმარებისა და ჩართულობის გარეშე ვერ მოხერხდა, არტისტის საქმიანობა დაემგვანა ერთგვარ სოციალურ პროექტს, რომლის სრულმა რეალიზაციამ ხალხმრავლობა გამოიწვია. ამჟამად ის არტისტული საქმიანობით გართულ სხვა ადამიანებთან ერთად – სახელით Trafacka – პრაღაში კულტურულ სივრცეს ქმნის.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest