არტარეაში გალერეა “ერთი”-ს ორგანიზებით გიორგი ჩხეიძემ ახალი ნამუშევრების სერია: „ისე, როგორც არის“ (As It Is) წარმოადგინა. შესრულების ტექნიკები, თემატიკა, ფერები – ჩხეომ ამ ექსპოზიციით თითქოს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სტილსა და მიმართულებას ხელოვნებაში.

მოზრდილი ზომის ტილოებზე შესრულების ბასრი ტექნიკა თავიდან პრინტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა კარგად დაკვირვებული თვალი გიორგის პედანტურ და სუფთა ხელწერას მაშინვე შეამჩნევს. აქ ვერ ნახვათ ტილოს გადაკვრისას დაშვებულ შეცდომას ან საღებავის კვალს კიდეებზეც კი, ყველა დეტალი ზედმიწევნით დამუშავებულია.

გამოფენის ახალი და თითქოს გამაცოცხლებელი დეტალი ინსტალაციაა, რომელიც ქვების, წყლისა და მცენარეების ერთობლიობას წარმოადგენს. ეს ქვები სამშენებლო მოედნებისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა ამ საგამოფენო სივრცეში გიორგიმ ეს მტვრიანი ნატეხები განსხვავებული, თითქოს მიმზიდველი სახითაც კი წარმოადგინა.

გამოფენაზე პატარა ზომის ნამუშევრებიცაა წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება ითქვას დამატებითი დეტალია მთლიანი ექსპოზიციისა. თუ მოზრდილი ტილოები გამოფენის ერთ ბირთვს წარმოადგენს, პატარა ზომის ნამუშევრები, მათ ახსნასავითაა, ვარჯიში და პრაქტიკა დიდი ტილოს შექმნამდე.

იდააფმა გიორგის რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

გიორგი, შენს ნამუშევრებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი შესრულების ტექნიკაა. იმდენად ზედმიწევნითაა გამოსახულება ტილოზე დატანილი, უმეტესობა მნახველებისა ფიქრობს, რომ პრინტია. სადიან მიაგენი ამ ტექნიკას და არის თუ არა ეს ყველაზე კომფორტული გამოსახვის ფორმა შენთვის?

– კარიერის დასაწყისში ბევრი რამე ვცადე, ვხატავდი ყველაფერს და ყველაფრით. ეს არ იყო პირდაპირი, მიზანმიმართული ძიება რაღაც განსაკუთრებულის, ეს უფრო იყო პროცესი, სადაც ვუახლოვდებოდი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ტექნიკას. საბოლოოდ მოვედი აქამდე. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ მარტო ამას ვაკეთებდი. მალევე შეიქმნა ამ ტექნიკით შესრულებული პირველი სერია “მეტაფიზიკური პეიზაჟები”.

– შენი ინსტალაციები ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი და ამ კონკრეტულ გამოფენაში მოულოდნელობასავით იყო ამ ზომის ასეთ გაბედული ვიზუალის ხილვა, რატომ გადაწყვიტე ბუნების ასე აქტიურად შეტანა ამ ექსპოზიციებთან ერთად?

– მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს თემა. თუ ჩემი ჩანახატების ან ჩანაწერების რვეულებში ჩაიხედავ, თითქმის ყოველი მეორე ფურცელი ინსტალაციაზე ან ობიექტზეა ნაფიქრი და ნამუშევარი. ეს გამოხატვის ის ფორმაა, რაც ყველაზე მეტად ახლოსაა ჩემთან, უბრალოდ აქამდე ხატვაზე ვაკეთებდი მეტად აქცენტს, მინდოდა დაწყებული ბოლომდე მიმეყვანა. ახლა ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად შეიძლება საერთოდ გადავიდე , ინსალაცია/ობიექტის მედიუმში. ვნახოთ რა იქნება, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ შემდეგი გამოფენაც , რომელიც სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი, ინსტალაციით იქნება გაფორმებული. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ბუნება. იმიტომ, რომ ბუნება უბრალოდ არის და მხოლოდ ისეთია, როგორიც არის. მისი ასეთი შინაარსით ჩვენება კი ამ გამოფენის კონცეფციას პირდაპირ მოერგო.

 

შენი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩეოდა აზრების თავისუფლებით, ანუ არ ცდილობ ყველაფერს ახსნა მოუძებნო ან ტილოები რაღაც კონკრეტული მსოფლმხედველობის ქვეშ გააერთიანო და შემდეგ ისაუბრო რა „ღრმაა“ ესა თუ ის ნამუშევარი. რამე წინასწარ გათვლილი ტექნიკაა ეს თუ ფიქრობ რომ ასე უფრო გიადვილდება შენი შემოქმედების გადმოცემა?

ამ ნახატებში ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს დავუტოვო სივრცე სადაც ექნებათ საშუალება იფიქრონ, იფიქრონ ის, რაც თვითონ უნდათ და დაინახონ ის, რასაც დაინახავენ. ეს ნამუშევრები მხოლოდ ვიზუალური გამოცდილებაა და არფერი სხვა. ამ სერიით ასევე იმის თქმა მინდა, რომ ეს ვიზუალი და სხვა ოპტიკური შეგრძნებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და მხოლოდ დახვეწილი ტექსტი არ არის საკმარისი. თანამედროვე დროში იქმნება უამრავი ნამუშევარი და ძალიან ხშირად, ხელოვანები ცდილობენ ამ ნამუშევრებს მძიმე ინტელექტუალური ტექსტები და კონცეფციები მიაკერონ რომ მათი შექმნის მიზეზი გაამართლონ.

სადღაც გაპრალებულ გალერეაში შედიხარ, ამ ტექსტებს კითხულობ, ცდილობ გაიგო , გაითავისო და ამ დროს დგახარ ნახატის წინ, სადაც ერთი უბრალო ლურჯი ხაზია გავლებული და ხვდები, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. “ლურჯი ხაზი” ნამდვილად შეიძლება იყოს ხელოვნება, მაგრამ ურთულესია ამასთან ერთად ის გახადო ფილოსოფიურიც ან ღრმაც. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი რთული ხელოვნება ამ რაოდენობით იქმნებოდეს.

ყველას გვინახვს ასეთი ნამუშევრები და დარწმუნებული ვარ, ყველას უფიქრია ამაზე. უბრალოდ ხშირად ადამიანები ერიდებიან პირდაპირ თქვან. არტისტებს ჰგონიათ, რომ მათი შექმნილი ნამუშევარი ღირებული აღარ იქნება თუ ახსნა განმარტებებს არ მიამაგრებენ, ეს ყველაფერი ძალიან ხშირად სასაცილოც კი არის ხოლმე.

ჩემთვის ამ სერიაზე ფიქრი ზუტად აქედან დაიწყო. კონცეპტუალურად ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია შევქმნა რაღაც, რაც არაფერს ნიშნავს. ანუ უბრალოდ ვქმნა, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. და კიდევ ერთი, ადამიანებს მხოლოდ შენი აზრები, ფილოსოფიური სიღრმეები და ინტელექტუალური დიაპაზონი არ აინტერესებთ. მათ დასაბამიდან სანახაობაც სჭირდებათ. ადამიანი კი მთავარია , რადგან შენ თვითონ ხარ ის და არ არსებობს ხელოვნება ადამიანის გარეშე.”

 

ჩემთვის პირადად, შენი ნამუშევრები არის ძალიან ლამაზი ფერთა გამის მქონე კომპოზიციები, რომელიც ინტერიერს ძალიან უხდება, ასახავს რაღაც არა კონკრეტულს და განწყობას ქმნის. პრინციპში დღეს, თანამედროვე ხელოვნების შესაქმნელად მხოლოდ ესეც შეიძლება იყოს საკმარისი. შენ როგორ ხედავ შენს ნამუშევრებს და არის თუ სტილი, რომელსაც მიაკუთვნებ თავს?

ერთადერთი რამ, რაც ხელოვნების შექმნისთვის საკმარისი და საჭიროა არის ის, რომ არტისტი არ იტყუებოდეს ამ სიტყვის ძალიან პირდაპირი და ამავე დროს ყველაზე ღრმა გაგებით. საკუთარ თავს თუ რამე სტილს მივაკუთვნებ, ალბათ მაინც მინიმალიზმი და კონცეპტუალიზმია ერთად.

 

 

კურატორიგან:

„გამოფენაზე As it is / ისე, როგორც არის წარმოდგენილი გიორგი ჩხეიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები კონკრეტულად არაფერს ასახავს, ისინი მხატვრული ექსპერიმენტებია და ამავე დროს იმ მარტივ და რთულ ბუნებრივ ფორმებს უკავშირდება, რომლებსაც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, მიკროსკოპის ან ტელესკოპის მიღმა შეიძლება დავაკვირდეთ. ჩხეიძე, მისი მიგნებული ხატვის ტექნიკით ტილოზე, ქაღალდზე საღებავების შესხურებით უჩვეულო ზედაპირებს ქმნის. სურათებს მხატვრის ხელის შეხება თითქოს არც ეტყობა. მაგრამ კომპოზიციები ქაოსს ემიჯნება, მცირე ნაწილაკებით და განმეორებადი ფორმებით მიკრო სამყაროები იქმნება.

განსხვავებული ხედვის პერსპექტივების გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მასალის და მასშტაბების მიხედვითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთიდაიგივე ფერი, ფაქტურა, ფორმა სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. კავშირები, მსგავსებები და განსხვავებები მინიმალისტურ ფორმებში უსაზღვრო შთაბეჭდილებების და მარტივი ფორმების მრავალფეროვანი ზემოქმედების დიაპაზონს გვიჩვენებს. კლდის ნატეხი შეიძლება ჭიანჭველასთვის მწვერვალი იყოს, პატარა ტბა სიცოცხლის სხვა ფორმებისთვის უსაზღვრო ოკეანეს გაუტოლდეს…

ქაღალდზე შესრულებული ესკიზები კამერული, მყუდროა, მაშინ, როცა დიდი ზომის სურათები სივრცის უსასრულობის შეგრძნებას ტოვებენ. სურათების წინ მდგომს იმ სუბსტანციების აღქმა და განცდა შეგიძლია, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოუხელთებელია,იმ სივრცეს ეხები, რაც თითქოს ილუზორულად არის გადმოცემული და ამავე დროს არარსებული ან მიუწვდომელია.

ინსტალაცია – ბუნებრივი მასალებით შექმნილი მინიატურული პეიზაჟი, გრაფიკულ და ფერწერულ სურათებში წარმოდგენილ ხედვის განსხვავებული პერსპექტივებს ხელშესახებს ხდის. …თითქოს პარაშუტით ვეშვებოდეთ, თვითმფრინავში ან კოსმოსურ ხომალშდი ვისხდეთ, დედამიწის ზემოდან დახედვის შანსი გვეძლევა. კედელზე მიკროორგანიზმების სურათების პროექცია მინიმალისტური და უკიდურესად ახლო ხედვის სიბრტყეს გვიჩვენებს. მათ სანახავად ისევე დამატებითი ტექნიკური საშუალებებია საჭირო, როგორც შორი კადრების აბსტრაქციამდე მისული სურათების განცდისთვის. სურათებში ეს და ბევრი სხვა შთაბეჭდილება, როგორც შორეული ასოციაციები ისე ამოტივტივდება და ფარულ კავშირებს ავლენს მხატვრის ბიოგრაფიულ გამოცდილებასთან ფოტოგრაფიის, სამედიცინო პრაქტიკის და მედია სფეროში მუშაობის პერიოდებთან.“

 

გამოფენა 14 ივლისამდე გაგრძელდება.

კურატორი: მარიამ ლორია, პროექტის ორგანიზატორი: გალერეაერთი“.

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest