ქეთი დავლიანიძისა და გიგი შუკაკიძის |WUNDERWERK| „ბეტონის ქსოვილი“ კლაუდიო ვანიონის გამოფენისათვის შეიქმნა, რომელიც სექტემბერში, ქალაქ რომში გაიმართება. კლაუდიო ვანიონი იტალიაში მოღვაწე ინტერიერის დიზაინერი და რომის ხელოვნების აკადემიის პროფესორია, რომელიც პერიოდულად საქართველოშიც მართავს ვორკშოპებსა და მასტერკლასებს.

ნამუშევრის შესაქმნელად თეთრი ფერის „პლასტმასის“ სკამი, ქსოვილი და ბეტონია გამოყენებული: სკამს ბეტონით გაჟღენთილი ქსოვილი გადაეფარა, რამაც მისი სილუეტი გააქვავა. ამის შემდგომ სკამი მიღებულ ფორმას გამოეცალა და მხოლოდ მისით შექმნილი სივრცეღა დარჩა ზომებით 44X44X88.

როგორც ავტორები ამბობენ, „ბეტონის ქსოვილი“ უბრალო თეთრი პლასტმასის სკამის გადააზრებაა – „მისი რეფორმირება მისივე არსებობის გარეშე“.

„ზოგადად, შენობებზე თუ ავეჯზე მუშაობისას, ვცდილობ ფორმა თავის საწყის, პრიმიტიულ ღირებულებამდე დავიყვანოთ“ – აღნიშნავს გიგი შუკაკიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორების იდეა თეთრი უბრალო პლასტმასის სკამის გადააზრება იყო, მიღებული შედეგი ქანდაკების მსგავსი დინამიური ობიექტია, რომელსაც თითქოს ადამიანის ხასიათი და ცნობიერება გააჩნია.

 

ავტორი: ნუკა ზურაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest