ძველის გაცოცხლება ან მისთვის ახალი სულის ჩაბერვა, ორიგინალურ ხედვასა და უსაზღვრო ტალანტს საჭიროებს, რის ნაკლებობასაც არქიტექტორი Giacomo Garziano ნამდვილად არ უჩივის. მან სამხრეთ იტალიის ქალაქ ალტამურაში მდებარე მშობლების სახლის განახლება გადაწყვიტა. შენობა Giacomo-ს ბაბუამ 1950-იან წლებში ააშენა და უკვე 40 წელია, რაც Cherubino Garziano და Rosa Giorgi-ის საცხოვრებელი რეზიდენციაა. შენობა, ასევე, ხელოვანთა კოლექტივის Elephants and Volcanoes-ის ოფისს წარმოადგენს.

არქიტექტორმა 2014 წელს ამსტერდამში სტუდია GG-loop დააარსა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს პროექტებს. მათი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია, მუშაობენ ვიდეო ინსტალაციებზე, ურბანულ დაგეგმარებაზე, დიზაინზე, ციფრულ სკულპტურებზე და ა.შ. სწორედ ამ სტუდიასთან ერთად დაიწყო Giacomo Garziano-მ თავისი საცხოვრებლის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში დაასრულა. არქიტექტორის მიზანი იყო გაეერთიანებინა შენობის ორი განსხვავებული ნაწილი და გაეუმჯობესებინა მისი ენერგოეფექტურობა.

წახნაგოვანი წითელი ზედაპირი სახლის ფასადს გეომეტრიულს ხდის. დიზაინერმა ამ მესამე განზომილების შემოტანით, კარგად შეძლო შუქ-ჩრდილებით თამაში. სპეციალურად იქნა შერჩეული წითელი ფერიც, რადგან იგი კონტრასტშია ცასთან და შენობის შემოგარენთან. იგი მაშინვე ექცევა ყურადღების ცენტრში, ატყვევებს მნახველს და უფრო მეტი ხდება, ვიდრე უბრალოდ ფერია, იგი შენობას ქანდაკებად, ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის. ზოგი კუთხიდან ფასადი ბრტყელი ჩანს და სიწყნარეს, სიმშვიდეს წარმოადგენს, ხოლო ზოგი კუთხიდან თავისი გეომეტრიული ფორმებით ქაოსს ქმნის.

შენობის ბრილიანტის ფორმის მქონე ფასადის შესაქმნელად გამოყენებული იყო როგორც მყარი პანელები, ასევე დრეკადი ზედაპირი. იზოლაციის დამატებითი ზედაპირი შენობას სითბოს კონსერვაციაში ეხმარება და ენერგიის ხარჯვასაც ამცირებს. ზედა საფარი რეზინის, საღებავისა და თაბაშირის ერთობლიობას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ აქვს შენობას პრიალა წითელი ელფერი, რომელიც დღის განმავლობაში განათების მიხედვით ფერს იცვლის და მუქი ლურჯი ან ოქროსფერი ხდება.

შენობა შიგნიდან, თითქმის, ხელუხლებელი დატოვეს, მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა განახლებული. ფასადის მსგავსად, აქაც გეომეტრიული ფორმების სიჭარბეა, კედლები ფიჭის მსგავსი ფიგურებითაა დაფარული, რომლებიც სათავსოებსა და ავეჯის ელემენტების ერთობლიობას ქმნის.

პროექტი ორ ნაწილად იყო დაყოფილი: ერთი ნაწილი ექსტერიერის განახლებას მოიცავდა და სახელად “Gentle Genius” ერქვა, ხოლო მეორე ინტერიერზე იყო ორიენტირებული და ‘The Infection” დაარქვა არქიტექტორმა, რადგან ბინაში გამოყენებული ფორმები ძალიან ჰგავდა ბაქტერიას. ორივე ერთად ქმნის “the seed of time”-ს, რაც ცნობიერისა და არაცნობიერის ერთობლიობას წარმოადგენს.

განახლებულმა დიზაინმა სიცოცხლე ჩაბერა სახლსა და ქუჩას და ქალაქის ღირსშესანიშნაობა გახდა. არქიტექტორმა შეძლო და ერთი შენობის მოსაწყენი ყოფა უფრო სახალისო გახადა. თბილისის ქუჩებსაც არ აწყენდა მსგავსი არქიტექტურული გადაწყვეტები, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ცოტა მოსაწყენ გარემოს, უფრო საინტერესოს გახდიდა.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest