პირველი სახელწოდება: ლენინური კომკავშირის სახელობის საწყლოსნოსპორტული კომპლექსი

გვიანდელი სახელწოდება: ვერე (1992), ლაგუნა ვერე (1997)

არქიტექტორი(ები): ოთა ყავლაშვილი (1926-1995), ამაზ კიკნაძე (1937-1975), ურამ აბულაძე (1941-2009)

კონსტრუქტორი: . ღუდუშაური

მხატვარი: ოკა იგნატოვი

საპროექტო ორგანიზაცია: თბილქალაქპროექტი, #4 სახელოსნო

სამშენებლო ორგანიზაცია: ინჟმშენი

მდებარეობა: მერაბ კოსტავას . 34, თბილისი.

სამშენებლო ფართი: 10250 2

წელი: 1978

საწყლოსნო კომპლექსი „ლაგუნა ვერე“ მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სატივის უბანში, ყოფილი ფიზკულტურელის პარკის ტერიტორიაზე.

საპროექტო დოკუმენტაცია ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტის“ #4 სახელოსნოში 1967 წელს დამუშავდა არქიტექტორების შოთა ყავლაშვილის, რამაზ კიკნაძისა და გურამ აბულაძის მიერ. კომპლექსის საპროექტო დავალება 1965 წელს დამტკიცდა.

„ლაგუნა ვერეს“ მშენებლობა მომდევნო წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა და მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 1976 წელს განახლდა. 1978 წლის 13 ოქტომბერს კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა და მიენიჭა ლენინური კომკავშირის სახელი.

ეს იყო კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა და ყოფილ სსრკ-ში ანალოგი არ მოეძებნებოდა. აქ ეწყობოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები. აქ ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 1982 წელს საცურაო აუზი დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით. ასევე, საკავშირო დათვალიერებაზე – პირველი ხარისხის პრემია მიენიჭა სამშენებლო სამუშაოების ხარისხში.

ტერიტორიის სიმჭიდროვის გამო კომპლექსი ერთ მოცულობაშია გადაწყვეტილი. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ყვითელი ფერის ბოლნისის ტუფით, მის ყრუ ნაწილს კი ამკობს კოკა იგნატოვის მოზაიკური პანო. რელიეფის ხასიათი ოსტატურად არის გამოყენებული სამაყურებლო და სპორტული ზონების ფუნქციონალური გამიჯვნისათვის. სამაყურებლო ტრიბუნების მრუდხაზოვანი მოყვანილობა კარგად ეწერება კლდოვან ლანდშაფტში.

არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით შენობა მკაცრად ფუნქციონალურ ხასიათს ატარებს. ცენტრალური ფასადის მხარეს განთავსებულია პრეს კორპუსი, კომენტატორთა კაბინები, ტრიბუნები პრესის თანამშრომლებისა და სპორცმენებისთვის. აქვეა მოწყობილი სალაროები და ორი ცენტრალური შესასვლელი, რომელიც პანდუსების მეშვეობით უკავშირდება ტრიბუნებს და 5500 მაყურებელზეა გათვლილი.

შენობის ცენტრალური ნაწილი პრეს კორპუსსა და ტრიბუნებს შორის გახსნილ სივრცეს უკავია, სადაც მოწყობილია სამი საცურაო აუზი:

  1. დიდი საცურაო აუზი – 50X25 მ;
  2. აუზი წყალში მხტომელთათვის – 25X20 მ,
  3. სასწავლო საცურაო აუზი – 25X10 მ.

სახტომი აუზის თავზე აღმართულია 5, 7 და 10 მეტრიანი სახტომი კოშკურები, 1 და 3 მეტრიანი ტრამპლინებით.

ტრიბუნებქვეშა სივრცე სამ სართულს მოიცავს. პირველ სართულზე განთავსებულია სასწავლო-საჭყუმპალაო აბაზანა 12X8 მ, წყალში მხტომელთა სავარჯიშო სპეციალური დარბაზი, საგამოფენო, საპრესკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზები; მეორე სართულზე – საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ოფისი, სამედიცინო და რეაბილიტაციის კაბინეტები, საუნა; მესამე სართული მთლიანად სპორტთამაშების, ტრენაჟორების, ათლეტიზმისა და შეიპინგის დარბაზებს უკავია.

შენობას ანაკრებ-მონილითური კონსტრუქციული სქემა აქვს. სეისმურობა გათვლილია 7 ბალზე. სამშენებლო ფართი 10250 მ2 შეადგენს.

კომპლექსი გამორჩეულია არქიტექტურული გაფორმების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენობის მთავარ ფასადზე განთავსებული კოკა იგნატოვის მოზაიკური პანო და ინტერიერში შესრულებული ფერწერული მოხატულობა. ისინი თითქმის დაუზიანებლად, ძალიან კარგ მდგომარეობაშია შემონახული. მოზაიკური პანო შესრულებულია სმალტის შუშის ტექნიკით, რომელიც აღარ გამოიყენება ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მონუმენტურ-დეკორატიული ელემენტის შენარჩუნება და დაცვა პირველად მდგომარეობაში.

ასევე აღსანიშნავია წყალში სახტომი კოშკურის მხატვრული გადაწყვეტაც. კოშკურის მოცულობა შესრულებულია უხეში ბეტონით ბრუტალისტური არქიტექტურისათვის დამახასიათებლ მანერაში. დაუმუშავებელი, ხორკლიანი ბეტონის ფაქტურა გამორჩეულ გამომსახველობითობას სძენს ნაგებობას.

კომპლექსის დახურვის ბოლო დღემდე ლაგუნა ვერეს ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებისათვის გააჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული ფუნქცია. ეს იყო ამ ზომის და მასშტაბის ერთადერთი ღია საცურაო კომპლექსი ქალაქის ცენტრში, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ქალაქის სოციალურად საშუალო და დაბალი ფენის მაცხოვრებლებისათვის. ამდენად აუცილებელია შენობას შეუნარჩუნდეს პირვანდელი ფუნქცია.

2000 წლიდან შენობა კერძო საკუთრებაშია. იგი 2014 წლის დასაწყისში დაიხურა საზოგადოებისთვის. ამის მიზეზად სიძველე, ამორტიზებულობა და არამომგებიანობა სახელდებოდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კომპლექსი საკმაოდ დაზარალდა, იგი სრულად დაფარული იყო ნაგვით და შლამით, მას შემდეგ იგი კაპიტალურად არ გაწმენდილა და, მუხედავად დაპირებისა, დღემდე კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩატარებია და არც მისი გახსნაზეა საუბარი.

2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შევიდა ბარათი ლაგუნა ვერესათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. დღემდე ამ ბარათზე წერილობითი პასუხი არ არსებობს.

აღნიშნული კომპლექსი გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მის მხატვრული იერ-სახის განმსაზღვრელი მხატვრულ-დეკორატიული პანოები მონუმენტური ხელოვნების ღირსშესანიშნავი და უნიკალური ნიმუშებია. ამდენად, შენობის იერსახისა და არქიტექტურული ელემენტების შენარჩუნების მიზნით აუცილებელია:

  1. კომპლექსს მიენიჭოს ძეგლის სტატუსი;
  2. დამუშავდეს შენობის რეაბილიტაციის ერთიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც შენარჩუნდება შენობის უნიკალური არქიტექტურულ-მხატვრული სახე და ფუნქცია. რეაბილიტაციის პროექტი უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან და დარგის ექსპერტებთან, რომლებიც თავის მხრივ გაუწევენ ზედამხედველობას სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

შენობის საძირკვლისა და მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობა კარგია. საცურაო აუზების და საშხაპეების მდგომარეობა საშუალოა. დაზიანებულია ტრიბუნები. მოსაწესრიგებელია ინტერიერი. შენობის დეკორატიული ელემენტები შემონახულია ძალიან კარგ მდგომარეობაში. ფასადზე და შესასვლელ ჰოლში არსებული მონუმენტურ-დეკორატიული პანოები დაუზიანებელია.

 

 

ავტორი: ნინი ფალავანდიშვილი (გეოეარ)

მთავარი ფოტო: სიმონა როტა

Facebook Comments
facebooktwitterpinterest