ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია, რომელიც ამჟამად მუშაობს მატერიალის მოდის სახლისათვის, არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერს თავისი მიაღწია შრომის უნარიანობითა და დაუღალავი ენთუზიაზმით, რაც ასე იშვიათია ქართული საზოგადოებისათვის.

მინდა ვისაუბრო მის ახალ კოლექციაზე, რომელიც წარდგენილ იქნა თბილისის მოდის კვირეულზე, გაზაფხული-ზაფხულის 2015 წლის მოდის ტენდენციების გათვალისწინებით.

ჩვენების დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით: როდის გამოვიდოდნენ მოდელები პოდიუმზე და შეძლებდნენ თუ არა იმ შინაარსის გადმოცემას, რაც გიორგის ჰქონდა ჩაფიქრებული, მოკლედ, შოუს დაწყებამდე დიდი ემოცია ტრიალებდა.

და აი ისიც, #1, საოცარი სილუეტი, ნაზად შეხამებული ნაჭრები და რაც მთავარია, თვალზე აფარებული დანომრილი ჰედ-ბენდები, რომლებიც წარმოადგენდა ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას. შეუძლებელი იყო გაგზავნილი მესიჯი არ მისულიყო იქ მსხდომ ადამიანებთან. მე პირადად თვალს ვერ ვაცილებდი, მიხაროდა რომ გიორგის ჩვენება წარმატებულად გამოვიდა, ვიცოდი როგორ ნერვიულობდა და მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული დეტალი.

კოსტუმების უმეტესობა გადაწყვეტილი იყო შავ ფერში, რაც მას კიდევ უფრო ელეგანტურს ხდიდა. ხშირად მსმენია, რომ ქართველი დიზაინერები თავს იკავებენ ექსპერიმენტებისგან და ყოველთვის ყველაფერი მუქ ტონალობაშია, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო. ჩუმად შეპარებული თეთრი ქსოვილები და გვერდზე გადადებული ზედატანები, სულ სხვა სახეს სძენდა წარმოდგენილ ტანისამოსს.

თვალსაჩინო იყო, მიმოჭრილი ბლუზები, რომლებიც მინიმალისტური ხაზგასმით, ქალურ სისადავის გამოხატვას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა.

არ შემიძლია არ ვისაუბრო, უმნიშვნელოვანეს დეტალზე – ფეხსაცმელი ! ცოტა მარჯიელა, ცოტა იოჯი და ბევრი გიორგი ქებურია. არ შეიძლება ის შეუმჩნეველი გამოეპაროს ადამიანს, მარტივად გადმოცემული, მაგრამ დაუვიწყარი მოყვანილობის, შავი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ინოვაციური მოდელი.

ჩემი აზრით, გიორგის ამ კოლექციაში რაღაც აზიური გავლენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს თემა მასთან არ განგვიხილავს, ქსოვილის მოყვანილობები იაპონურ პატარა ქალაქებში სეირნობას ითხოვენ, საკურას პერიოდში, როდესაც ქუჩები მიმოფენილია სურნელოვანი ალუბლის ხის ყვავილებით. გაზაფხული კი სწორედ ასეთ შეგრძნებებთან უნდა ასოცირდებოდეს, კოლექცია კი გაზაფხული-ზაფხული 2015-ის შესაბამისი ნამდვილად გამოვიდა.

 

 

ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ მისი ეს ნამუშევარი, შექმნილი მატერიალის მოდის სახლისათვის, გირჩევდით აუცილებლად გადახედოთ მას.

მანამდე კი, გთავაზობთ გიორგისთან გაკეთებულ მოკლე ბლიც-ინტერვიუს.

რომელი დიზაინერია შენთვის ყველაზე გავლენიანი?

– Nicolas Ghesquiere

რა იყო შენი კოლეკციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი?

-ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, ვფიქრობ სახეზე გაკრული ჰედ ბენდები იყო, რომელიც „კრავდა“ კოლექციას.

ვინ არის შენი „სტაილ აიქონი“?

– Marie Amelie Sauve დღესდღეისობით.

ვინ ან რამ იქონია შენი გემოვნების/ დიზაინერული კარიერის განვითარებაში მთავარი როლი?

-ფავორიტმა დიზაინერებმა და მოდის მიმართ სიყვარულმა

რომელი წიგნის გმირია შენთან ყველაზე ახლოს?

-არ ვკითხულობ წიგნებს

ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ საბოლოო იერსახე შენი ნამუშევრისა არ მოგწონებია?

-კი, ყოფილა სამწუხაროდ. უფრო ადრე ხდებოდა, როდესაც არ მქონდა გამოცდილება, ყველაფერი პრაქტიკასა და ცოდნასთან ერთად მოდის.

ყველაზე ხშირად რომელ მოდურ საიტებს სტუმრობ?

– Style.com, Dazed & Confused/dazeddigital.com; ბოლო დროს მხოლოდ ინსტაგრამით ვნახულობ მოდის სიახლეებს.

ტენდენცია თუ თავისუფლება?

-ტენდენციისგან თავისუფალი არავინ არ არის, ყველა ითვალისწინებს მას, ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად. ტენდენცია არის მოდი საათი, რომელიც არასდროს არ ჩერდება.

სად ხედავ შენს თავს მომავალში?

-მომავალში ვხედავ საკუთარ თავს იგივე სფეროში, რომელშიც ამჟამად ვარ, ალბათ უფრო წარმატებულს.

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

ფოტო: გიორგი სარისჰვილი- ვაზოვსკი, კოტე ბოლქვაძე

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest