„სამყაროს სჭირდება შექმნა და არა კრიტიკა“ – ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმ გრძელი წერილიდან, რომელიც „თიმლაბის“ კომუნიკაციების დირექტორმა – კუდო ტაკაშმა მომწერა დასმული კითხვების პასუხად. კითხვა სულ რამდენიმე იყო და ბწკარედული, მაგრამ პასუხები ძალიან გრძელი და დეტალური გამოუვიდა.

ისინი იაპონელი არტისტები არიან, ქვიათ „თიმლაბი“ და დაარსების ასეთი მოკლე ისტორია აქვთ: 2001 წელს ტოკიოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, არტისტული შემოქმედებისაკენ მიდრეკილმა 5 ინჟინერმა გადაწყვიტა შეექმნა ორგანიზაცია სახელად „თიმლაბი“; აქ ისინი არტისტულ საქმეებით დაკავდებოდნენ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბევრი საქმე გააკეთეს და დღეს ორგანიზაციის წევრების რაოდენობა 400-ია: მხატვრები, გრაფიკოსები, აიტები, ციფრული არტისტები, ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინრები დაუღალავად ქმნიან, აწყობენ გამოფენა-ინსტალაციებს და ასე მოგზაურობენ ერთი გამოფენიდან მეორეზე. მათი მუშაობის პროცესი ინტერაქციული და განსხვავდება ერთმანეთისგან. „ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელსაც ვხსნით და ვახალისებთ, ძალიან დიდი ძალაა“. ორგანიზაციაში შრომის იერარქიული გადანაწილების ნაცვლად ე.წ. „სკილ-სეტი“ აქვთ; ამგვარი ორგანიზება გულისხმობს მოვალეობების გადანაწილებას ამა თუ იმ ადამიანის უნარების შესაბამისად.

„თიმლაბის“ მიერ შექმნილი ინსტალაციების წინ, უფრო ზუსტად, თვითონ ინსტალაციურ სივრცეში, თუკი მოესურვება, დამთვალიერებელს შეუძლია ირბინოს, იცეკვოს, მოკლედ მიიღოს ნებისმიერი, მისთვის სასურველი პოზა. ეს ტექნიკა არის კიდეც მათი ხელწერა და გულისხმობს, დამთვალიერებელმა ყველა წერტილიდან დაინახოს, აღიქვას, შევიდის ისნტალაციებში ისე, რომ მასთან მთლიანობის განცდა არ დაკარგოს. იგივე ემართება მის გვერდით მდგარ სხვა დამთვალიერებელსაც. როდესაც ვკითხე, თქვენი შემოქმედება კლასიკური იაპონური ელემენტების ტრანსფორმაციაა თუ რაღაც სრულიად ახალი და განსხვავებული-მეთქი, ასე მიპასუხეს:

ინოკომ (ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა) 2003 წელს პირველად გამოიყენა სიტყვათშეთანხმება „ულტრა-სუბიექტური სივრცე“, მაგრამ არ შეეძლო მკაფიოდ განესაზღვრა ზუსტად რას გულისხმობდა ამაში. ვერც ჩვენ ვხსნიდით ამას ლოგიკურად, მაგრამ ეს იყო იაპონურ არტში სივრცის ინტუიცური გაგება, რომელსაც აკლდა რაღაც, რაც ფოტოებს და ნახატებს აქვს, მაგრამ გამოხატული არაა და ვიფიქრეთ, რომ ზუსტად ეს რაღაც დაგვეხმარებოდა ფოკუსირება მოგვეხდინა იმ ასპექტზე, რომელიც იქნებოდა თანამედროვე იაპონური არტი. ჩვენ გვქონდა სიმულაციის გრძელვადიანი მცდელობები, რომელიც ფიქსირებულ პერსპექტივას უკავშირდებოდა, საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივედით, რომ „ულტრა-სუბიუექტური სივრცე“ უნდა იყოს ნებისმიერი წერტილი, რომლიდანაც დამთვალიერებელი შეძლებს აბსოლიტურად შეერწყას და გადავიდეს მის წინ წარმოდგენილ სივრცეში. ზუსტად იგივე ემრთება მეორესაც. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ინსტალაციებს არ აქვთ რაიმე ფიქსირებული ცენტრალური წერტილი, საიდანაც „უკეთესად“ დაინახავ. გამოფენაზე მოსულ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება ანუ თავისი წერტილი, საიდანაც შეუძლია შეხედოს, დააკვირდეს და აღიქვას ნამუშევარი ზუსტად იმ დონეზე და იმ ინტენსივობით, რომ სხვა დამთვალიერებლებთან თანაბარ პირობებში იყოს… ეს აქცევს ხელოვნების ნიმუშის დათვალიერების პროცესს მასთან სრული ინტერაქციის პროცესად. ეს არის 3D-ს ტრანსფორმაცია ორ განზომილებაში. ინოკო მათემატიკოსი და ფიზიკოსია და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მან იაპონური ხელოვნება დაინახა, როგორც 3D-ს გადმოტანა 2D-ში”.

გამოდის, რომ მათ იაპონური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი კლასიკური ელემენტები ჯერ ორგანზომილებიანი სივრციდან სამგანზომილებიანში გადააქვთ და მერე, დამთვალიერებლის დახმარებით ისევ ორიანში აბრუნებენ.

კუდო ტაკაშმა მთელი ორგანიზაციის სახელით გამცა პასუხი იმაზეც, თუ რა არის მათთვის ხელოვნება და რა ნიშა უჭირავს „თიმლაბს“ დღესდღეობით.

„ინტერნეტის დამსახურებით დღეს კომუნიკაცია და ჩართულობა პრობლემა არაა. ჩვენ გვესმის და თანავუგრძნობთ იმ არტისტებს, რომლებიც სოციალურ თემებზე მუშაობენ. ამხელენ და სააშკარაოზე გამოაქვთ სხვადასხვა სოციალური ავადმყოფობა. ეს არის კიდევაც ხელოვნების დანიშნულება გარკვეულწილად. მაგრამ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ამაზე ისედაც საუბრობს: ინტერნეტის საშუალებით ძალიან ადვილია გამოხატო აზრი და სხვებმაც მხარი აგიბან. ამიტომ, იგივეს კეთება ჩვენთვის აზრსმოკლებულია. უფრო მეტიც, როცა მთელ მსოფლიოში მხოლოდ ამდენ გადაუჭრელ პრობლემაზე საუბრობენ, შეიძლება ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეც კი დავდგეთ. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ და სააშკარაოზე ადამიანური ბუნების პოეტური, იდეალისტური მხარე გამოვიტანოთ. მომავლის ხედვა არ უნდა არსებობდეს მხოლოდ მანგასა და ვიდეო თამაშების დონეზე, არამედ ის უნდა გახდეს ხელშესახები და რეალური. ჩვენ გვინდა ადამიანებს ვუთხრათ, რომ ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ დღესაც ვებრძვით, ადამიანური არსებობის გრძელ ისტორიაში არასოდეს გადაჭრილა, ამიტომ ჯობია, ძველს კიარ ვებრძოლოთ შევქმნათ ახალი – იდეალური სამყარო. სამყაროს ჭირდება შექმნა და არა კრიტიკა…

…რაც შეეხება, ნიშას, ჩვენ ციფრული არტისტები ვართ. ვფიქრობთ, რომ ციფრულ არტს შეუძლია საკუთრივ ხელოვნების საზღვრების გაფართოება, ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობების გაჩენა. თვითონ ციფრული ტექნოლოგია უკვე არის ტრანსფორმაციის საშუალება. პროექციული მეფინგის გამოყენებით მოხდა ხელოვნების ნიმუშების ახლებურად დანახვა, შექმნა, გაფართოება და გარდაქმნა. ციფრული არტისტები უფრო მეტ სივრცეს მოიცავენ, უფრო მეტად ექსპრესიულები არიან. დამთვალიერებელიც უფრო დაუხლოვდა ხელოვნებას. ახლა ის არა მხოლოდ ფიქსირებულ პროდუქტს უყურებს, არამედ თავად ხდება შემოქმედების აქტის ან თვითონ ხელოვნების ნიმუშის განუყოფელი ნაწილი. ხელოვნების ინტერაქციული ნიმუშები ამის კარგი მაგალითია. ციფრული ეპოქის დასაწყისამდე ნახატები მნახველისგან დისტანცირებული იყო. მათ შორის მკაფიო საზღვარი არსებობდა. ციფრული ნაწარმოებები, ამ შემთხვევაში ჩვენი ინსტალაციები კი ამ საზღვარს შლიან და ინტერაქციულს ხდიან არა მხოლოდ დავალიერების, არამედ გამოფენაზე მოსულ ადამინებს შორის ურთიერთობის პროცესსაც“.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest