“საბჭოთა რეჟიმის დროს არქიტექტორებს სხვადასხვანაირი გზების პოვნა უწევდათ მკაცრი კონტროლის ქვეშ თავიაანთი განსხვავებული დიზაინის განსახორციელებლად. მთავრობის დაკვეთით შესრულებული დიდი მოცულობის პროექტების გარდა, ისინი მცირე ფორმებზეც მუშაობდნენ, სადაც უფრო ადვილად გამოხატავდნენ თავიაანთ ხედვას.

გიორგი ჩახავა (1923-2007) ქართველი საკულტო არქიტექტორია, რომლის ყველაზე ცნობილი შენობა გზების მშენებლობის სამინისტრო (ამჟამად საქართველოს ბანკის სათავო ოფისი) 1975 წელს გაიხსნა და დღესაც თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. 2017 წელს ჩახავას არქივზე მუშაობისას, ჩემი ყურადღება „სამშენებლო ელემენტმა“ მიიქცია, ბეტონის გამოგონებამ, სადაც მან მარტივი ფორმა და ამ მასალის სინთეზი სხვადასხვა სტრუქტურების ასაგებად გამოიყენა. „სამშენებლო ელემენტის“ ფორმა ჩემი დიზაინის ინსპირაციის წყარო გახდა.

წარმოდგენილი ავეჯი დამზადებულია ხე და ქვის მასალაში. ნაწილი განხორციელდა Farm Cultural Park-ში, ფავარა, იტალიაში 2019 წლის აპრილი- მაისში, ხოლო ნაწილი შეიქმნა Tbilisi Art Fair-ისთვის “კამარა” -ს მიერ ქართული ქვის მასალით. დიაბაზი უნიკალური, მწვანე ფერის ქვაა ყაზბეგიდან; ხოლო ბაზალტი მუქი ნაცრისფერია და როგორც წესი, ბოლნისსა და მარნეულში მოიპოვება. Tbilisi Art Fair-ზე ასევე წარმოდგენილი იყო ხის შავი ორი ცალი სკამი, პროჯექთ არტბითის სივრცეში. ამ ავეჯის უპირატესობა არის კომპოზიციის მრავალფეროვნება და მათი აწყობის სიმარტივე.

მსოფლიო იცვლება და არქიტექტურაც მასთან ერთად ვითარდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, წარსულის გაკვეთილები და ის ოსტატები, რომლებმას ეს ყველაფერი დაიწყეს. ამ გზით შევძლებთ მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემას და ახალ მოგზაურობებს არქიტექტურაში.” – ნანუკა ზაალიშვილი

განსაკუთრებული მადლობა:

საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის არქიტექტორ გოგა ბერიძეს, რომელიც გიორგი ჩახავასთან ერთად ქმნიდა სტრუქტურებს „სამშენებლო ელემენტით“.

გია ჩახავას – საოჯახო არქივიდან ფოტოების გამოყენების უფლებისთვის.

კამარას – ქვაში დამზადებული ავეჯისთვის.

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest