2006 წელს დიზაინ ჯგუფ ფრონტმა Moooi-სთვის ცხოველების კოლექცია შექმნა და ნამუშევარი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მათ შეხვდებით ყველანაირ ინტერიერში, პრივატული აპარტამენტებიდან მოყოლებული საგამოფენო სივრცეებით დასრულებული.

ფრონტი (Front) შვედური დიზაინ ჯგუფია; მათი ნამუშევრები გამოირჩევა ექსპერიმენტული სტილით, გაბედულობით, არ უშინდებიან ხალხში აჟიოტაჟის გამოწვევას. ჯგუფის წევრები Sofia Lagerkvist, Charlotte von der Lancken და Anna Lindgren შემოქმედებით პროცესში თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები და ცდილობენ თავიაანთი პროდუქტით ისტორია გადმოგვცენ. Moooi-ს თანადამაარსებელმა მარსელ ვანდერსმა ავეჯისა და განათების დასამზადებლად მათ მიმართა და შედეგმაც არ დააყოვნა.

ფრონტმა კოლექციისთვის ნატურალური სიდიდის სამი ექსპონატი დაამზადა: ცხენისა და კურდღლის სანათები და ღორის ფორმის მაგიდა. ასეთი ტიპის ავეჯზე მუშაობა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, იგი ან მოწონებას დაიმსახურებდა საზოგადოების მხრიდან, ან კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვეოდა და სამუდამო დავიწყებას მიეცემოდა. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, დიზაინერთა რისკი გამართლებული აღმოჩნდა. ათი წლის შემდეგაც კი ეს ნამუშევრები ყველაზე გამორჩეული ინტერიერების ნაწილია ხოლმე.

აღსანიშნავია რომ, ჯგუფი მოქანდაკესთან ერთად მუშაობდა და ცხოველის მოდელები შავი პოლიესტერისგან დამზადდა, რომლებსაც საყრდენად რკინის ჩარჩო აქვთ ჩაყოლებული; სანათი კი შავი ბამბისა და ვერცხლის კომბინაციას წარმოადგენს.

ეს დახვეწილი და ელეგანტური ფორმის ფიგურები საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს, ისინი არა ერთი ჟურნალის გარეკანს ამშვენებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად იყიდება მათი ასლები; სწორედ ამიტომ ორიგინალებს წერტილები აქვს დამატებული, რათა მათი, როგორც Moooi-ს ორიგინალი პროდუქტის აღქმა მოხდეს.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest