მდებარეობა: ყვარელი, საქართველო

სტუდია: დავით გიორგაძე არქიტექტორები

ავტორი: დავით გიორგაძე; ივანე ხუჭუა

საერთო ფართობი: 440 კვ.მ

გამოყენებადი ფართობი: 69 კვ.მ

დასრულების წელი: 2015

მოტივტივე პირსი წყლის თხილამურებისთვის სცდება არქიტექტურის ტრადიციულ გაგებას და უფრო მეტად ხელოვნების სფეროს წარმოადგენს. მისი ესთეტიური ღირებულებები ეფუძნება ოქროს კვეთის პრინციპებს. ობიექტი მკაფიო ხასიათს აყალიბებს მსუბუქი და სკულპტურული არქიტექტურისა.

ყვარლის ტბა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში, კახეთში მდებარეობს და ტყით დაფარული მთები აკრავს გარშემო. სამხრეთით ალაზნის ველი და ჩრდილოეთის შთამბეჭდავი ხედები კავკასიონზე სრულ ჰარმონიას ქმნის დამსვენებლებისთვის, რომლებიც ტბის მიმდებარედ სასტუმროს სტუმრობენ. სწორედ სასტუმროს ინიციატივა გახდა შემოეტანათ ახალი გასართობი ვიზიტორებისთვის, წყლის თხილამურები, როგორც დასვენებისა და მხიარულების ერთ-ერთი საშუალება. აღსანიშნავია, რომ ყვარლის ტბა პატარა ჰესის ფუნქციასასაც ასრულებს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, შესაბამისად წყლის დონე მუდმივად იცვლება. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ პირსი ყოფილიყო არა სტატიური, არამედ შეესრულებინა ტივტივას ფუნქცია, რომელიც მუდმივად წყლის ზედაპირზე გაჩერდებოდა. პირსის კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია ისაა, რომ ის შეიძლება უშუალოდ მიებას ძრავიან ნავს და მასთან ერთად იმოძრაოს, რაც ასრულებს მოძრავი გამოსახედის ფუნქციას და დამსვენებლებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კუთხიდან დატკბნენ კახეთის ბუნების მრავალფეროვნებით. პროექტის მთავარი კონცეფციაა ზუსტად შეესაბამებოდეს ფუნქციას და ესთეტიურად მოერგოს არსებულ გარემოს.

პროექტის ავტორობა დავით გიორგაძის სტუდიამ ითავა. 2007 წელს დაარსებული კომპანიის სამუშაო დისციპლინა მოიცავს: ქალაქგეგმარებას, მოცულობით არქიტექტურას, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინს. ოფისი მუშაობს სხვა და სხვა ფუნქციის დაკვეთებზე, აქვს გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის, მათ შორისაა გამარჯვებული პროექტებიც.

სტრუქტურის სილუეტი ორი ერთმანეთის პარალელური თხელი ზედაპირია, რომლებიც რკინის ვერტიკალებითაა დაკავშირებული. სწორხაზოვანმა სიბრტყეებმა შეითვისა დასადგომი და გადახურვის ფუნქციები. მათ შორის სივრცე მედიატორია ხმელეთსა და წყალს შორის და უსასრულობაზეა ფოკუსირებული. სახურავი, რომელიც მინიმალურადაა დაკავშირებული პირსის დასადგომ პლატფორმასთან, ჰაეროვნებისა და სიმსუბუქის განწყობას ქმნის, რაც პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო.

გამოყენებული მასალებია მეტალის მილები, პლასტმასის კარსები პლატფორმის ქვეშ, რომლებიც დაზიანების შემთხვევაში ადვილად ჩანაცვლებადია, ასევე წყალგაუმტარი სახურავის პანელები. მეტალის დეტალები შეღებილია ანტიკოროზიული საღებავით, რომლებიც გემთმშენებლობაში გამოიყენება.

იდააფმა ავტორს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

– რა მნიშვნელობა აქვს ასეთ პროექტებს და კიდევ სად ისურვებდით მსგავს ობიექტებს?

– პროექტი, რომელიც კარგ შემთხვევაში რეალიზდება, ცხოვრებას აგრძელებს და ჯანმრთელ ინტერაქციაში შედის ადამიანსა და გარემოსთან, ანახებს ადამიანს თავის შინაარსს აქამდე უხილავი წერტილიდან, (ადამიანი ძირითადად აღიქვავს იმ ფილტრში, რასაც მასში არსებული ინფორმაციაქმნის) ესთეტურად დახვეწილია, ესიგი შემდგარია, როგორც კარგად რეალიზებული პროექტი და ეს უკვე მნიშვნელოვანია.
ყვარლის ტბაზე არსებული პირსის პროექტის შემთხვევაში, გარემოსა და კონტექსტის რესურსი სწორად არის გამოყენებული. შენობა მინიმალურად ერევა გარემოში, ის განსაზღვრავს ადამიანის მოძრაობის ტრაექტორიებს, ამავდროულად ადამიანს შეუძლია განსაზღვროს შენობის დინამიკა, გადაადგილდეს წყალზე შენობასთან ერთად და ცვალოს გარემოს აღქმის წერტილები.
ყველა გარემოსა და მოცემულობაში არსებობს სპეციფიური საშუალებები და ნიშნები, ამის სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია.

როგორია არქიტექტორის კარიერა საქართველოში?

– არსებულ ვითარებაში არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების სფერო მნიშვნელოვნად დეგრადირებს (ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდის მერე), რაც საქართველოში და უფრო მეტი სიმძაფრით თბილისში ნათლად ჩანს. ამ მდგომარეობაში ძნელია ისაუბრო არქიტექტორის კარიერაზე, რადგან არ არსებობს ამისთვის პლატფორმა, რაც ამ მდგომარეობისგან არის გამოწვეული.
ჩემი აზრით, ამ ფონზე ჩანს რამდენიმე ბიურო, რომლებიც ცდილობენ სწორი მიმართულებით განავითარონ არქიტექტურული პროცესები, რაც გარკვეულწილად საპირწონეა არსებული მდგომარეობის. ეს მცირე მასშტაბის, მაგრამ ჯანმრთელი პროცესი გარკველწილად ხელს უწყობს აამაღლოს საზოგადოების არქიტექტურასთან დამოკიდებულების ხარისხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამყარება ნიშნავს გაჩნდეს მოთხოვნა სწორი არქიტექტურის მიმართ. ეს პროცესი უნდა პროგრესირებდეს (რაც ნელი ტემპით ხდება). სამწუხაროდ, ასევე არ არსებობს კვალიფიციური არქიტექტურული ჟურნალისტიკის სფერო, რაც აუცილებელია ზემოთ აღნიშნულისთვის. ასეთ გაუკვალავ სივრცეში მცირერიცხოვანი ინდივიდი არქიტექტორებისა და არქიტეტქურული ბიუროების ქმედებით მაინც იქმნება მათი კარიერა, ამის მაგალითია, წელს პირველად საქართველოდან წარადგენილი 7 პროექტი მის ვან დე როეს პრიზზე.


– როგორი უნდა იყოს კარგი არქიტექტორი?

– არ არსებობს რეცეპტი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კარგი არქიტექტორი. ჩემი აზრით კარგ არქიტექტორს უნდა ჰქონდეს პროფესიონალური უნარები და კულტურა,
თვალს უნდა ადევნებდეს მსოფლიოში მიმდინარე არქიტექტურულ პროცესებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს და ა.შ.
უნდა ჰქონდეს უნარი გააკეთოს სინთეზი დაკვეთის პროგრამასა და ჯანმრთელი არქიტექტურის მოთხევნებს შორის.
პროექტზე მუშაობის პროცესში უნდა ხდებოდეს კვლევა, ანალიზი, ექსპერიმენტირება, პროცესთან დისტანცირება და კრიტიკა.
სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ეთმობოდეს იდეის დახვეწას, გაძლიერებას.
პროექტზე მუშაობისას ავტორი უნდა აცნობიერებდეს, რომ ეს ქმედება ხდება ურბანული ქსოვილის კონტექსტში ან რაიმე სხვა გარემოში, არის ნაწილი იმ დიდი პროცესისა, რომელიც დროში არის გადანაწიებული და დაუსრელებელია. ასეთი მიდგომა ეხმარება მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებს და ხელს უწყობს გარემოს მომავალ, ჯანმრთელ განვითარებას.
პროექტირებისას არქიტექტორს უნდა შეეძლოს დრამტურგია გადათარგმნოს არქიტექტურაში, სადაც ბევრი და მრავალფეროვანი სცენარი ვითარდება.
ნამუშევარში უნდა ჩანდეს ავტორის ექსპრესია, პოეტურობა და ადამიანისთვის განყენებულ მდგომარეობაში ყოფნის საშუალება.
ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოზე, შესაბამისად, ეს პროცესი ძალიან ფაქიზია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

– რა იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება პროექტის მშენებლობისას?

– პირსის პროექტირების პროცესში დაბრკოლება იყო ის, რომ დაკონსოლებული სახურავი წყალზე მოტივტივე პლატფორმას წონასწორობას აკარგვინებდა. მოტივტივე კასრების არათანაბარი გადანაწილებით მივაღწიეთ გრავიტაციისა და ამომგდები ძალის ბალანსს. ეს იყო უშალოდ პროცესის დროს წარმოქმნილი გამოწვევა. პროექტირების შემდეგ პირსი ავაწყვეთ, წყალში ჩავუშვით და ასიმეტრიული სტრუქტურა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გასწორდა.

ტექსტი: დავით გიორგაძე, ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest