ხელოვან ანდრო ერაძის გამოფენა Chaos Concept Store-ში 11 ოქტომბერს გაიხსნა და ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლა მნახველებს. ნამუშევრები სათაურით „ფეიერვერკები“ (FIREWORKS) ყვითელი ფერის სივრცეში იყო გამოფენილი და წარმოადგენდა ღამით მრავალფერად აფეთქებულ ცას. ხის ჩარჩოებში ჩასმული ფოტოების „დამცავი“ მინები ისე იყო ჩამსხვრეული, რომ ქმნიდა ეფექტს, თითქოს ფოტოდან ხმაურიანმა ფეიერვერკებმა ამოხეთქეს.

ფოტოგრაფია არის მედიუმი, რომელიც იკვლევს როგორც გარემოს და მასში მყოფ ადამიანს, ასევე იმას, ვინც მას ასახავს.

ქართული ფოტოგრაფიული რეალობა არ არის განებივრებული ექსპერიმენტული თუ თანამედროვე მიდგომებით სადაც ფოტოს როგორც გამოსახულებას ეძლევა შანსი რომ გახდეს უფრო მეტი ვიდრე ის არის, სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენება მინდოდა გამოფენით, სადაც ისეთივე მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ფოტოგამოსახულება ასევე მისი დამზადების და გამოყენების მეთოდები. (ამ შემთხვევაში ოთახის ფერი, ინდივიდუალურად დამზადებული და გატეხილი მინები)

 

რით გამოირჩევა შენი სხვა ნამუშევრებისგან ეს ექსპოზიცია?

– FIREWORKS არის ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე შეკრული სერია, რომლზეც მხოლოდ სინათლეა აღბეჭდილი და თავისთავად ეს სინათლე ფერების მრავალფეროვნებით კომპოზიციებად აეწყო წარმოდგენილ ექსპოზიციაში. ამ შემთხვევაში მთავარი გამოწვევა იყო ამ სინათლისთვის მიმეცა შესაძლებლობა საკუთარი თავის უკეთ წარდგენისა და ნამუშევარსა და მნახველს შორის დამეტოვებინა არატიპიური ინტერპრეტაციის სივრცე.

ეს გამოფენა არის ერთ-ერთი სერია, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე. ფოტოგრაფიის სოლო გამოფენის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ chaos concept store-ში არსებული ყვითელი ოთახი ზუსტად ერგებოდა სერიის ფაქტურასა და მის მუხტს, შეიძლება ითქვას, რომ ფოტოსერია “fireworks” შექმნილია სპეციალურად ამ ოთახისათვის. იდეაც და კონცეფციაც, ამ შემთხვევაში, როგორც ფოტოგრაფიის შინაარს, ისე პრეზენტაციის შესაძლებლობებს ეფუძნება.

 

რა თემებია შენთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო და აქტუალური?

– იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანისთვის აქტუალური შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, სივრცე, ადამიანი, მოვლენა და ა.შ.

ყველანაირი მიდგომა და თემა შეიძლება მოექცეს ჩემს რაკურსში. უფრო საინტერესოა ამ თემების, სივრცეებისა თუ ადამიანების ტრანსფორმაცია საგამოფენო სივრცეში ან თუნდაც სერიებში.

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest