ასლის პარადოქსული მომხიბვლელობა
თანამედროვე ხელოვნების დილემა ყველაზე ინტენსიურად ფერწერაზე საუბრისას იგრძნობა. როდესაც ეს ერთი შეხედვით ლიმიტირებული განზომილემა ვერასდროს აძლევს კომუნიკატორს იმის გარანტიას, რომ დღევანდელ პოსტმოდერნულ კოლაჟში სრულად აღიქმება. მედიით დომინირებულ ყოველდღიურობაში შინაარსზე კონცენტრირების სიძნელეზე რომ აღარ ვისაუბროთ, თანამედროვე არტისტისათვის უმთავრესი სირთულე ალბათ ენაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ ხაზთან ერთად ენაზე რაპიდულმა ექსპერიმენტირებამ, მეცხრამეტე საუკუნის „მომენტის დაჭერის“ ამოცანამ ტექნოკრატული ცივილიზაციის მათემატიკურ განტოლებამდე მთლიანად გარიყა მაყურებელი როგორც მიმღები. სადღაც თამაშისას დამთვალიერებელს ნდობა გამოართვეს და ტილოთი მედიტაციური ტკბობის ნაცვლად ახლა მისგან მხოლოდ დასტურია საჭირო. Message delivered. შედევრები კომუნიკეებად, ავტორი მწარმოებლად, ხოლო გამომსახველობა ბურჟუაზიულ ხელოვნებად იქცა. თუმცა რა მოხდება, თუ არტისტი ამ ახალი ნორმის დაძლევას არ შეეცდება? რა მოხდება თუ ის ყველაფერ ზემოთქმულს უბრალოდ დააფიქსირებს?
თეზი გაბუნიას პროექტი „ფალსიფიკაცია“ 1.5 მ ზომის რამოდენიმე ტილოს ერთიანობაა. რვაბიტიანი თამაშებისა და სხვადასხვა აპლიკაციების სკრინშოტები, და სოციალურ ქსელებში არსებული გრაფიკულ შაბლონები ახერხებს ჩვენს გონებასთან ყველაზე ადეკვატური ვიზუალების რეპრეზინტირებას – ავტორი თავს არ აცხადებს – ის აკეთებს დუბლიკატს და უბრალოდ ხაზს უსვამს მას. „ფალსიფიკაცია“ ნიშნავს დააფიქსირო, მოიპარო, გადაამუშავო და გამოფინო. გამოსახულება ტილოზე ისაა, რასაც ჩვენ ჩამოვტვირთავთ, გადავაზიარებთ, რითიც ტრანსპორტში გავერთობით, ორი წამით გამოვიყენებთ მეგობართან საუბრისას და არ მივაქცევთ ყურადღებას. ის რაც მომხმარებლურია და რასაც მოკლე სიცოცხლე აქვს, მაგრამ უსასრულოდ ვრცელდება და საბოლოო ჯამში პოსტ-მოდერნული დროის სულის მთავარ მახასიათებელს: ბუნდოვნებასა და სიმრავლეს გვიტოვებს. თუმცა პროექტის ამოცანა დროსთან რელევანტურობით არ სრულდება. მთელი ეს შინაარსი, რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ ტილოზე ვარდება და კვდება, ამავე დროს სწორედ ისევე გვტოვებს შთაბეჭდილების ქვეშ, როგორც ამას ნებისმიერი ამაღელვებელი ფერწერული ნამუშევარი იზამდა. „ფალსიფიკაცია,“ თითქოს სრული რევერსია – სადაც რეალობის ბრტყელი სარკე ირეკლავს ურთულეს მოძრავ გამოსახულებებს, მათ წამიერად და თითქოს უნებლიედ ითრევს და ამით ისევ უბრუნებს ფერწერას მნიშვნელობას. სწორედ აქ მდგომარეობს პარადოქსიც. ჩვენგან დამოუკიდებლად ვფიქრობთ ოსტატურად გაკეთებულ თოქ-შოუზე, სარეკლამო კოლაჟზე ტელევიზიაში, სოციალურ ქსელში ერთმანეთის მონაცვლეობით გაზიარებულ უამრავ გამოსახულებაზე და ნათლად ვხვდებით რომ ეს ყველაფერი დღეს ჩვენზე დიდია. ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ არ ცდილობდა ეს ჩვენთვის დაენახვებინა. ჩვენ სწორედ ეს პირდაპირი ასლი გვხიბლავს, ეს ერთგვარი რედიმეიდი, რომელიც დასავლური ესთეტიკის ფეტიშსა და ახალი მედიის სულს დუბლირებამდე, უკვე თავის თავში ატარებს. აქ არ იქმნება ახალი მითები, აქ არ არის კრიტიკა, აქ მხატვარიც კი არ არის – ფალსიფიკაცია სიახლის არ ქონაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ ხაზს გვისვამს იმაზე, რომ ყველაფერი „ასლის ასლია.“ არის თუ არა ეს დღეს თანამედროვე ხელოვნებისათვის გამოსავალი, ან ქმნის თუ არა ასეთი დამოკიდებულება ავთენტურ ხელოვნების პროდუქტს როგორც ასეთს, ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაჯოს ექსპერიმენტული ხასიათის გამოფენაზე, რომელსაც მხატვარი მალე გეგმავს. ალბათ იქ სადაც ეგზისტენცია მთლიანად უარყოფილი და გაყალბებულია ბევრი კითხვისნიშანი დარჩება. თეზი გაბუნია არც არის პროფესიით მხატვარი, ის არქიტექტორია და როგორც თვითონ ამბობს, იდეამ ასეთი სახე მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ უბრალოდ ხატვა არ იცოდა. შესაბამისად, ასეც შეიძლება ითქვას: თეზი გაბუნია არ აკეთებს ხელოვნებს, ის მის „ფალსიფიკაციას“ ეწევა.
ავტორი: ელენე ფასური


