არქიტექტურა: MUA | ნიკა გურაბანიძე, ნიკა მაისურაძე, ტატა ქოიავა, ეკა კანკავა, სალომე ღუდუშაური, ბოკა კილასონია, ქეთევან ვაჩნაძე, ირაკლი ფეტელავა, მარეხ გორგილაძე, ნინო მარგველაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
დამკვეთი/ინვესტორი: Adjara Group Hospitality
მდებარეობა: ნინოშვილის ქ.8 | თბილისი, საქართველო
წელი: 2016
საბჭოთა დროინდელი სამკერვალო ფაბრიკის შენობა სიცოცხლეს იბრუნებს, ოღონდ ამჯერად მისი რეინკარნაცია განსხვავებული სახით მოხდება. სამუშაოები აქ აქტიურად მიმდინარეობს და ის საზოგადოებისთვის 2016 წლის ივლისში გაიხსნება. პროექტი მნიშვნელოვანია თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, რომელიც ხელოვანებისა და მისი მოყვარულების გაერთიანებას ისახავს მიზნად. ამავდროულად ის წარმოადგენს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში არსებულ, უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის რეკონსტრუქციის პრეცენდენტს.
იდააფი ფაბრიკას ესტუმრა და მიმდიინარე სამუშაოები დაათვალიერა. MUA-ს დამფუძნებლებმა, გოგიკო საყვარელიძემ და დევი ქიტუაშვილმა, იდააფის რამოდენიმე შეკითხვას ფაბრიკიდანვე უპასუხეს:
საიდან გაჩნდა პროექტის იდეა და რა გახდა მისი კონცეფცია უშუალოდ დიზაინზე მუშაობისას? რა იყო მისი უწინდელი ფუნქცია და რა იქნება ამ პროექტის დასრულების შემდგომ?
მიზანი და იდეა იყო შეგვექმნა სივრცე, სადაც ერთნაირად მოაზროვნე ხალხი შეიკრიბებოდა, კოლაბორაციის შედეგად საკუთარი პროდუქტს გააუმჯობესებდა და უკეთესად გაყიდიდა მას. ასევე ვფიქრობდით, რომ ამ ტიპის განვითარება მომგებიანი იქნებოდა ინვესტორისთვის. რამდენიმეჯერ შევარჩიეთ პირობითი სივრცე და სხვა და სხვა შენობა მოვარგეთ, გვინდოდა გვეპოვა ვინმე, ვინც ფულს ჩადებდა ამ პროექტში. მერე ჩვენ ეს შენობა ვნახეთ და გადავწყვიტეთ პროექტი აქ გაგვეკეთებინა. მას ყველაფერთან ერთად ძალიან მომგებიანი მდებარეობა აქვს.
ჰოსტელი ყოველთვის პროექტის ნაწილი იყო. ის ინვესტორისთვის უფრო მომგებიანს ხდის მას, ვიდრე უბრალოდ „community“-ს შეკვრა. ჰოსტელი ავსებს კაფეებს, კაფეები ხელს უწყობენ იმას, რომ ხალხის მუდმივი მოძრაობა იყოს და ადგილი ლოკალურად პოპულარული გახდეს.
პროექტის დასრულებისას აქ ბევრი სხვა და სხვა ფუნქციის ობიექტი გაჩნდება. სტრიტ არტში მოღვაწე ჩვენი მეგობრები, სახელოსნოს და საღებავების მაღაზიის გაკეთებას აპირებენ. აქვე ჩაატარებენ ლექციებს. ვფიქრობთ გარკვეულ სივრცეს მუსიკას და დიჯეებსაც დავუთმობთ და აქ მათი ვინილებიც გაიყიდება. რაც ძალიან საინტერესო არის შემოვა „ქოვორკინგ“ სივრცეების მმართველი საერთაშორისო კომპანია. ის სოციალურ პროექტებზეა მიმართული და მათ დაწყება/განვითარებაზე ორიენტირებული.
ქარხნის შენობას განგებ არ ვეძებდით. რეალურად ჩვენთვის ამ პროექტისთვის ცარიელი მიწაც საინტერესო იყო. პირველი ესკიზი სწორედ ასე გავაკეთეთ. მას „Shoe Box” დავარქვით. რაღაც მომენტში ჩვენ ეს შენობა იპოვეთ და ის ძალიან მოგვეწონა, ძალიან მაგარი შენობაა. ფაბრიკა უფრო საინტერესო გახდა მუშაობის პროცესში, ის დამატებითი კრედიტია ჩანაფიქრისთვის. აქ ტიპიური მზა კონსტრუქციები, კარგი ბარელიეფი ფასადზე და ძალიან საინტერესო ეზოა. ამაზე აიგო პროექტი. შენობის ნაწილი 90-იანებში არის დამატებული. ერთ-ერთი ძველი კორპუსი – 12მ-იანი მალებით – ვვარაუდობთ, რომ ის პირველი მსოფლიო ომის დროინდელია, რადგან ქვემოთ არის თავშესაფარიც. თუმცა არქივებში ამის დამადასტურებელი მასალა არ არის. ძველი შენობა ამჟამად ძალიან სახეცვლილია და თითქმის აღარაფერია დარჩენილი. თბილისში ბევრად უფრო საინტერესო ძველი ქარხნებიც არის, მათ შორის აქვე სადგურთან.
ეს ადგილი ვთვლით, რომ ქალაქის მომავალია, ყოველ შემთხვევაში მანანდე სანამ არ გაჩნდება რაღაც ახალი ადგილები, გათვალისწინებული ქალაქის განვითარების გენერალური გეგმით.
რა მასალაები არის გამოყენებული პროექტირებისას?
ერთადერთი კარ-ფანჯარა უნდა გამოგვეცვალა, რადგან ის არანაირად აღარ ვარგოდა. დანარჩენს ფაქტიურად ყველაფერს ვინარჩუნებთ. პირველ სართულზე, იქ სადაც მისაღებია ხელს არაფერს კვიდებთ, ვტოვებთ ისე როგორც არის. ავეჯის ნაწილსაც აქ დახვედრილი კომპონენტებისგან გავაკეთებთ.
ინტერიერშიც ვტოვებთ ჰორიზონტალურად ნახევრად შეღებილ კედლებს, მათი დამახასიათებელი ფერით. ისე როგორც ეს ფაბრიკაში იყო. განათება და მისი ჩამრთველებიც სტილით არსებულისკენ მიგვყავს.
იატაკის საფარი, ყველგან სადაც შესაძლებელია ლინოლიუმის ჩათვლით, დაუბრუნდება თავის ადგილს. ახალი აქ მხოლოდ საინჟინრო, ელექტრო-მექანიკური ნაწილია.
ფაბრიკას დარჩა 90-იანებში შეკერილი ბევრი ახალი ტანსაცმელი. ჩვენ ის გადავახარისხეთ და იდეა გვაქვს ამ ტანსაცმლის მაღაზია გავხსნათ. ვიბრძვით, რომ ყველაფერი შევინარჩუნოთ.
რა გამოწვევებს წააწყდით და იყო თუ არა რთულად გადასაჭრელი საკითხები?
რეკონსტრუქცია რთულია იმ თვალსაზრისით, რომ არსებულს უნდა მოერგო და არასდროს არ გაქვს ზუსტი ზომები. სირთულეები იყო არა ვიზუალური პროექტირების, არამედ უფრო გეგმა-მორგების კუთხით. თუმცა წინა გამოცდილებიდან გამომდინარე არც ეს გახდა ძალიან რთული.
ზედა სართულებზე გეგმარება აბსოლუტურად შევცვალეთ, რადგან ის ჰოსტელისთვის უნდა მოგვერგო. ცირკულაცია შეიცვალა სრულად.
რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი პროექტების განხორციელებას ქვეყნისა და საზოგადოებისთვის? როგორ მოვექცეთ სხვა მსგავს ისტორიულ შენობებეს?
კარგი ის არის, რომ ყველა მოიჯარე იქნება ხელოვანი, გაჩნდება იდეების გაცვლის ახალი სივრცე. მისი ეპიცენტრი ეზო იქნება, რომლისთვისაც ჩვენ საერთო კალენდარი გვაქვს დაგეგმილი.
ვფიქრობთ ქალაქის ეს ნაწილი საერთოდ უნდა დაკონერვდეს, ვგულისხმობთ ქალაქის ცენტრს. იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება შენობა, რომელმაც ფუნქცია დაკარგა, ის მომენტალურად უნდა გადაკეთდეს საზოგადოებრივ სივრცედ. ეს იძლევა უზარმაზარ განახლებას შემოსავალთან ერთად და არ კლავს ქალაქს, არ აფუჭებს მას. ახალგაზრდებს ეძლევათ შენობა საკუთარი უნარების განვითარებისთვის.
თუ ეს პროექტი გაამართლებს და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გაამართლებს, გაყინული გაჩერებული შენობების მეპატრონეებიც მეტი სითამამით მისცემენ მათ ახალ სიცოცხლეს. ქალაქიც მოგებული დარჩება. არ მოხდება ამ შენობების დემონტაჟი და მათ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები არ ჩაენაცვლება, რაც ღუპავს ქალაქს. ამასთანავე გაიზრდება ამ ნაგებობების ღირებულება.
- FABRIKA by MUA interior courtesy of MUA
- FABRIKA by MUA reception courtesy of MUA
- FABRIKA by MUA courtyard cafes courtesy of MUA
- FABRIKA by MUA courtyard courtesy of MUA
- FABRIKA by MUA courtesy of MUA
- FABRIKA by MUA courtyard night courtesy of MUA
- FABRIKA by MUA site plan courtesy of MUA
- FABRIKA by MUA section courtesy of MUA
- FABRIKA by MUA B01 & 00 level plans courtesy of MUA
- FABRIKA by MUA 01 & 02 level plans courtesy of MUA
- FABRIKA by MUA photo ©IDAAF
- FABRIKA by MUA photo ©IDAAF
- FABRIKA by MUA photo ©IDAAF
- FABRIKA by MUA photo ©IDAAF
მეტი MUA-ს შესახებ იხილეთ აქ.
ავტორი: ტატა ალხაზაშვილი


