ექსპერიმენტული წიგნების ორკვირიანი ვორკშოპი თბილისში ჩატარდა და მასში რამოდენიმე საინტერესო ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა. იდეა „წიგნის ხელოვნების“ წევრებისგან წამოვიდა, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ემუშავათ მსგავს ალტერნატიულ წიგნებზე და თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. წიგნის ხელოვნების ცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოცხადდა მიღება ორკვირიან ვორკშოპზე, რის შედეგადაც შეირჩა რვა მონაწილე, პორტფოლიოსა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ვორკშოპის პირველი კვირა დაეთმო ზოგადად ექსპერიმენტული წიგნის სპეციფიკის გაცნობასა და ინდივიდუალური იდეების ჩამოყალიბებას. თითოეულმა მონაწილემ აირჩია თავისთვის საინტერესო და პრობლემატური თემა. ამ ეტაპის შემდეგ, მონაწილეებმა დაიწყეს კვლევა საკუთარი თემების ირგვლივ, როგორც ვიზუალური მასალის, (ფოტო, ილუსტრაცია, კოლაჟი) ასევე ტექსტური ნაწილისაც. (ინტერვიუ, ინფორმაცია ინტერნეტიდან) შეგროვებული მასალის გამოყენებითა და მათი ციფრულ რეჟიმში გადაყვანის შედეგად მონაწილეებმა დაიწყეს ფოტოშოპისა და ინდიზაინის საბაზისო ხელსაწყოების შესწავლა, რათა თავიანთი წიგნების დიზაინზე ემუშავათ. ვორკშოპის შემდეგ შემაჯამებელი გამოფენა გალერეა კონტეინერში გაიმართა, სადაც დამთვალიერებელმა გაიცნო რვა მონაწილის უკვე დაბეჭდილი სახით წარმოდგენილი ექპერიმენტული წიგნები და დაათვალიერა მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტო მასალა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე მონაწილის ნამუშევარს.

 

„მცველები“ – ნინო კვაჭაძე Kvachi Art

“ეს თამაში ბავშვობაში მოვიგონე. ჩემს წარმოდგენაში ვქმნიდი სხვადასხვა არსებებს, მონსტრებსა და მოჩვენებებს, რომლებსაც ვალაგებდი ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, სახლებსა და შენობებში. წარმოვიდგენდი და ვქმნიდი მათ გარეგნობას, ასაკს, განწყობას, ხასიათს… დრო და დრო ისევ ვთამაშობ ამ თამაშს. “

 

 

„არ დაჯერო ზღაპრებია“ – მარი ლებანიძე

„ჩემი წიგნი ეხება იმ რაღაცეებს, რაც ჩემთვის ასოცირდება თბილისთან. აქ არის რამოდენიმე შენობა, ძეგლი, საკვები, ტანსაცმელი, ნივთები… ეს ყველაფერი გადავაკეთე აბსოლიტურად სხვანაირად, ზღაპრულად. ისე, როგორც ახლა ნამდვილად არ არის და ვერც იქნება. თითოეულ მათგანზე დაწერილი მაქვს სხვადასხვა ამბები, რომლებიც წიგნის ბოლოშია მოქცეული და შეგიძლიათ ამოიღოთ და თავად შეუსაბამოთ ილუსტრაციებს. ეს ყველაფერი არის ჩემი წარმოდგენები და მინდოდა ხალხისთვისაც მეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება გააფერადონ ეს ქალაქი თავიაანთ წარმოსახვაში. მეორეს მხრივ, წიგნში ნახავთ ბევრ სარკაზმს ამ ქალაქში ხალხის დამოკიდებულებაზე საჭმლის მიმართ, ასევე იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ამბები ძალიან მალე და როგორ ჭორაობს ყველა, ვინ რას აკეთებდა წინა ღამეს. წიგნში ასევე წამოჭრილია პრობლემები, რომლებიც შევეცადე იუმორით მეჩვენებინა და ასე გამომეყვანა ხალხი კომფორტის ზონიდან. ისე კი, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემი წიგნის მიზანია შეგიყვანოთ ზღაპრულ თბილისში და შეგიქმნათ განწყობა წარმოიდგინოთ ეს ქალაქი თქვენებურად. რას მოუტანს ეს ინდივიდუალურ მკითხველს, უკვე მათზეა დამოკიდებული.“

 

 

“თამადა ვარ თუ ბალერინა” – რეზო ბოკერია

„ექსპერიმენტალური Art-წიგნის გაკეთება იყო ჩემთვის ახალი გამოცდილება. ორკვირიან ვორკშოპში მუშაობის შედეგად, შავადგინე სადღეგრძელოების მცირე კრებული- “თამადა ვარ თუ ბალერინა”. ამ წიგნში ვეცადე, რომ მეჩვენებინა ჩემი დამოკიდებულება სუფრისა და სადღეგრძელოების ტრადიციის მიმართ. არ მინდოდა ჩემი სათქმელის გამოხატვა დამცინავი ფორმით და ამიტომ უფრო მეტად ჩავრთე მსუბუქი იუმორი. სადღეგრძელოების ტექსტები, რომელსაც ხშირად სერიოზული განწყობით ამბობენ ხოლმე სუფრაზე, წიგნში წარმოდგენილია იუმორისტული ილუსტრაციებით. ნამუშევარში ასევე შეზავებულია თანამედროვე და ტრადიციული ელემენტები. შეზღუდული დროის გამო წიგნი გამოვიდა მცირე ზომის , მაგრამ მუშაობის პროცესმა მოტივაცია გამიჩინა რომ წიგნი უფრო ვრცელი გავაკეთო და ახალი იდეებიც შევმატო.“

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest