5 წლის იყო ეთერ ჭკადუა, როდესაც თავის თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა და სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, საოცნებო პროფესიის დასაუფლებლად. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაა საქართველოში და თავისუფალ აზროვნებას ხელოვნებაში დიდი გასაქანი არც აქვს. ძნელია, გულგრილი დარჩე ამ ხელოვანის ნამუშევრების მიმართ. რეალისტური სურათები მაშინვე აჩერებს გამვლელს და ატყვევებს მის თვალს. მისი ნახატები ყველაფერს აერთიანებს, ძველსა და ახალს, ტრადიციულსა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა თუ სამხრეთის ხელოვნებას. მაგრამ… მათში თითქმის ყოველთვის არის რომელიმე ქართული სიმბოლო, იქნება ეს სურათზე გამოსახული ნივთი თუ ის ტექნიკა, რომლითაც იგია შესრულებული. ქართული შტრიხებით ეთერი ცდილობს ეგზოტიკა შემატოს ნამუშევრებს, უცხოელი დამთვალიერებლებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადოს ისინი. იგი თავისუფალია ამ სიმბლოების გამოყენებისას, თავისი სურვილისამებრ ცვლის მათ და ნახატის განუყრელ ნაწილად გადააქცევს.

ეთერი შექმნის პროცესს დიდ დროს ანდომებს, გულდასმით მუშაობს; დასაწყისში, სანამ უშუალოდ ხატვას დაიწყებს, ფიქრობს მის შინაარსზე, ფორმაზე, აკეთებს ჩანახატებს; ამას 2 თვეს მაინც ანდომებს. შემდეგ უკვე მუშაობას იწყებს და დაახლოებით 5-8 თვეში ქმნის ზუსტად იმას, რაც ჩაიფიქრა. ასეთი ტემპის გამო წელიწადში 2-3 დასრულებული ქმნილება აქვს.

მხატვრისთვის მნიშვნელოვანია ემოციები და მათი გამოხატვა. სწორედ ამიტომაა, რომ მისი ნახატები დატვირთულია აქტივობებით. ყურადღებას კი ყველაზე მეტად პერსონაჟის სახეი იქცევს: შეწუხებული, დაძაბული, მხიარული თუ ძალიან სერიოზული, თითოეული სახე დახვეწილია და ბოლომდე გადმოგვცემს იმ ემოციას, რომელიც მხატვარმა მათში ჩადო. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ნამუშევარში ავტორი თავის თავს ხატავს. ავტოპორტრეტები, ან ალტერ ეგოს პორტრეტები, ინტესნიური, გამომწვევი თვალებითა და წითელი ტუჩებით, ძალიან ჰგავს მას.

ეთერის ნახატები ფემინიზმის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ზოგადად სურათებში ქალთა როლებით თამაში და მათი საგნად წარმოჩენა ფართოდ გამოყენებული სტრატეგია იყო 70-იანი წლებიდან, თუმცა ეთერის ნახატებში საქმე სხვაგავარადაა, აქ ქალებს ყოველთვის მაცდურის, ვნებიანი და ფეთქებადი ლამაზმანის როლი აქვთ, რომელთაც უპრობლემოდ შეუძლიათ კაცს თვალი გაუსწორონ და თავი არ დახარონ მათ წინაშე.

საბჭოთა კავშირის ჩაკეტილი სისტემა მხატვრის შემოქმედებასაც ბოჭავდა, ამიტომ კარიერამ იგი ამერიკაში წაიყვანა და ახლაც ნიუ იორკში მოღვაწეობს. გამორჩეული სტილითა და ნახატებში ქართული, ეროვნული დეტალების გამოყენებით, ჭკადუა ყოველთვის იქცევს ყურადღებას და დამთვალიერებლებს საქართველოსაც აცნობს. ბუნებით მუდმივად სიახლის ძიებაში მყოფ პიროვნებას არ გასჭირვებია განსხვავებულ, უცხო კულტურაზე მორგება, მაგრამ თავის დასამკვიდრებლად მრავალწლიანი შრომა დასჭირდა მსოფლიოს ხელოვანთა წრეში თავის ღირსეულად დასამკვიდრებლად. ეთერის ნამუშევრები უამრავ ცნობილ გალერეაში იფინება და ყოველთვის დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა, მე ვფიქრობ, თავისი ნიშანთვისების გამო, ჰქონდეს გულწრფელობა და უამრავი სიმბოლო რეალიზმის გამოსახატავად.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest