„იმისთვის რომ შექმნა, პირველ რიგში, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენო.“ – ეილინ გრეი

 

ეილინ გრეი ირლანდიელი არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი იყო. მამამისი მხატვარი გახლდათ, სწორედ მან შეუწყო ხელი შვილის არტისტად ჩამოყალიბებას. დედა არისტოკრატების ოჯახიდან იყო, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ბარონესა გრეიმ შვილებიც საკუთარ გვარზე გადაიყვანა.

გრეი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სლეიდის სკოლაში ჩაირიცხა და 1898 წელს წარმატებით დაასრულა სწავლა სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მალევე პარიზში გადავიდა საცხოვრებლად მეგობრებთან ერთად და იქ გააგრძელა სწავლა, მაგრამ 1905 წელს დედის ავადმყოფობის გამო უკან მოუწია დაბრუნება და ლონდონში დამკვიდრდა. იგი სლეიდის სკოლას დაუბრუნდა, მაგრამ მიხვდა, რომ გრაფიკისა და ფერწერის კურსები უფრო და უფრო ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ხდებოდა მისთვის.

ლონდონში ყოფნის დროს ავეჯის სარემონტო სახელოსნოს გადააწყდა, იდეით აღფრთოვანებული დარჩა და ხელობის შესწავლა გადაწყვიტა. 1906 წელს გრეი პარიზში დაბრუნდა და მაღაზიის პატრონის დახმარებით იაპონელ ხელოვანს, სეიზო სუგავარას დაუკავშირდა, რომელთან ერთადაც 4 წელს მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ლაქის მიმართ მგრძნობიარე გახდა, ხელებზე ალერგია განუვითარდა, მაგრამ მუშაობას მაინც აგრძელებდა და 1913 წელს 35 წლის ასაკში პირველად გამოფინა საკუთარი ნამუშევრები. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გამო გრეის კვლავ ლონდონში დაბრუნება მოუწია.

გრეიმ ინტერიერის დიზაინშიც სცადა ბედი. ერთ პროექტზე 1917-1921 წლების განმავლობაში მუშაობდა და საბოლოო შედეგმა ბევრი კრიტიკოსის მოწონება დაიმსახურა.

 

“მომავალი პროექტები სინათლეა, წარსული მხოლოდ ღრუბლები.”

-ეილინ გრეი

 

მალე დიზაინერის ყურადღება არქიტექტურამ მიიქცია. 1924 წელს სახლის პროექტზე დაიწყო მუშაობა, რომელიც კომპაქტურიც იყო და ღიაც. დასრულებული სახლი მოდერნისტულ გემს გავს, რომელიც მზადაა ზღვაში გასაცურად. დღესდღეობით აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, სახლი ღიაა დამთვალიერებლებისთვის. მას E-1027 ჰქვია, გრეისა და მისი მეგობრის სახელის ინიციალები. 1930-იანების დასაწყისში გრეიმ ახალ სახლზე დაიწყო მუშაობა, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინიც მას ეკუთვნის. ამ სახლში კარგად ჩანს არტისტის ბუნება; გრეის წინააღმდეგობების დაძლევა უყვარდა, სწორედ ამიტომ სამუშაოდ რთული ადგილი აირჩია.მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო მეგობრებისთვის და იგი დიდი სიამოვნებით ზრუნავდა სტუმრების გართობაზე, ამაზე მეტყველებს დიდი გასართობი სივრცეები და ფართო აივნები მშვენიერი ხედით ზღვაზე. ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა პირად სივრცეს, ეს კარგად ჩანს ოთახების განლაგებაში, მოსასვენებელი ოთახები შენობის უკანა მხარესაა განლაგებული, საიდანაც მთები მოჩანს, მათი სიმწვანე გარემოს სიმყუდროვეს მატებს და გამშვიდებს.

არ დაგვავიწყდეს, გრეი ავეჯის დიზაინერი და “ბაუჰაუსი”-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყოს. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილი ბიბენდუმის სკამია, რომელიც იმ დროისთვის ინოვაციურ ქმნილებად ითვლებოდა. დიზაინერი ამ ნამუშევრით ცდილობდა თავისი კარიერის ახალი ფურცელი გადაეშალა, პროგრესი განეცადა. ასევე ცნობილია მისი E-1027 მაგიდა.

დიზაინერი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად აგრძელებდა ახალ პროექტებზე მუშაობას. იგი 1976 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და აუქციონებზე ძვირადაა შეფასებული. ეს იყო ქალი, რომელმაც მაშინდელი შეხედულებით მამაკაცური პროფესიების სამყაროში ღირსეულად დაიმკვიდრა თავი და ისტორიას სახელი შემოუნახა, როგორც ძლიერმა დიზაინერმა და პროფესიონალმა.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest