ეერო საარინენი ის კაცია, თავის ქმნილებებში არქიტექტურა, კონსტრუქცია და დიზაინი ერთ განუყოფელ ცნებად რომ აქცია. ყოველთვის იყო და არის კამათი იმაზე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – არქიტექტურა თუ კონსტრუქცია, რომელი მათგანი ვერ არსებობს მეორეს გარეშე. მე მაინც მგონია, პასუხი ნაწილობრივ საარინენის შემოქმედებაა, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და სადაც არც ერთი მათგანი ერთმანეთისგან არ გამოიყოფა. არც დასაწყისია, არც დასასრული. საარინენი იყო ერთ-ერთი პიონერი ნეოფუტურისტული სტილისა და მისი ქმნილებები ამის ნათელი ვიზუალიზაციაა. ის ცდილობს, შექმნას ახალი ფორმები და მისცეს მათ ისეთი გამომსახველობა, რომლებსაც არ ექნებათ გავლენა წარსულიდან და ამავდროულად შექმნიან კომფორტულ და ჯანსაღი გარემოს.

ეერო გავლენიანი ფინელი არქიტექტორის, ელიელ საარინენისა და ტექსტილის დიზაინერის ლოია საარინენის შვილია. იგი ადრეულ ასაკშვე იყო გარშემორტყმული არქიტექტურული გარემოთი, რამაც მის შემდგომ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. საარინენების ოჯახი წარმოშობით ფინეთიდანაა, ეეროც 1910 წლის 20 აგვისტოს, მამამისის 37 დაბადების დღეს, ფინეთის ქალაქ კირკონუმიში დაიბადა. მაშინ ეს ქვეყანა რუსეთის იმპერიაში შედიოდა. 1923 წელს ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდაემიგრანტის სტატუსით. ეერო ბლუმფილდ ჰილში,მიჩგანის შტატში გაიზარდა, სადაც მისი მამა ქანდაკებასა და ავეჯის დიზაინს ასწავლიდა კრანბრუკის ხელოვნების აკადემიაში. სწორედ აქ დაიწყო მან სკულპტურის შესწავლა. აღსანიშნავია, რომ ის აქ შეხვდა და დაუმეგობრდა ჩარლზ და რეი ეამეებს, შემდგომში უკვე ცნობილ წყვილს, რომლებიც არქიტექტურასა და ავეჯის დიზაინში საკულტო ქმნილებებს დაგვიტოვებენ. ეეროს ცხოვრებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ მიჩიგანის შემდგომ მან მან განათლება ჯერ პარიზში მიიღო ხოლო შემდგომ იელის უნივერსიტეტში დაასრულა ქანდაკების განხრით. ამის შემდეგ ის 1 წლით ევროპასა და ჩრდლოეთ აფრიკაში გაემგზავრება და ემოციებით დაბრუნებული, ისევ მიჩიგანში, მამამისთან იწყებს არქიტექტორად მუშაობას, პარალელურად კი უნივერსიტეტში ლექციების კითხულობს.

ამ დროს მეორე მსოფლიო ომი იწყება. ეერო საარინენი იღებს შემოთავაზებას ითანამშრომლოს ამერიკის სტრატეგიული სამსახურის ოფისთან. მას ევალებოდა შეექმნა ილუსტრაციები ბომბების დემონტაჟის სახელმძღვანელოებისათვის და ასევე დიზაინი „სიტუაციების ოთახისა“, რომელიც თეთრი სახლის დასავლეთ ფრთის ქვეშ მდებარეობს და წარმოადგენს საკონფერენციო დარბაზს, სადაც პრეზიდენტი განიხილავს მნიშვნელოვან საკითხების. ეერო შესამჩნევი ფიგურა ხდება არქიტექტურის სამყაროში და ეს უფრო მყარდება, როდესაც ის 1950- ში დამოუკიდებელ სტუდიას ხსნის „ეერო საარინენი და პარტნიორები“.

ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპაში ლე კორბუზიეს „ბობოქრობა“ თავის ცეცხლებს ისევ აქტიურად ყრის, ხოლო ბრაზილიაში ახლგაზრდა ოსკარ ნეიმეიერი კრიტიკოსების ყურადღების ქვეშ ექცევა. თუ ცოტა მოვშორდებით არქიტექტურას, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ წლებშში (1952) პირველად იბეჭდება ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა”. საარინენი ამ დროს დინჯად იწყებს მუშაობას საავტორო პროექტებზე. ერთმანეთს მოსდევს ირვინის ბანკი ინდიანაში, მასაჩუსეცის ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამლოცველო და აუდიტორია, მისი აწ უკვე ლეგენდად ქცეული ნიუ იორკის აეროპორტის TWA ტერმინალი, საინთ ლუისის „კარიბჭე თაღი“ და კიდევ მრავალი სხვა ქმნილება, რომელიც მარტო ამ ორშაბათის შთაგონებად კი არა, მთელი ცხოვრების ემოციად გაგყვებათ. საარინენის დახვეწილი სტილი და მანერა, ფორმების ჰაეროვნება და მათი იდეალური კავშირი გარემოსთან, არის ნაწილი იმ ღირსებებისა, რომლებიც მის ნაგებობებს ახასიათებს და რაც ავტორს გენიალურ შემოქმედად აქცევს. თავისთავად, ნიჭი და ცოდნა, რაც ეეროს, როგორც მოქანდეკეს გააჩნია, ნათლად ჩანს მისი შენობების თითოეულ დეტალში, გამომსახველობა რაც ამ ფორმებს გააჩნია, ორმხრივ ემოციებს აღძრავს: მასალა, რომელიც ფორმაში მეტყველებს და თავის მხრივ შტამბეჭდავი ფორმები, თავისუფალი ყოველგვარი ზედმეტი დეკორისგან. აღსანიშნავია, საარინენის ავეჯის დიზაინიც, სადაც ყველაზე კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანი ისევე კარგად მუშაობს პატარა მოცულობის ობიექტებზე, როგორც უშველებელ სტრუქტურებზე. ეერო საარინენი 1961 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა ტვინის სიმსივნით. ადრეულ ასაკში მისმა სიკვდილმა ბევრი დააკლო არქიტექტურას. ის მხოლოდ კარგი შემოქმედი კი არა, დიდი ადამიანიც იყო, რომელმაც ბევრი ღირსეული ქნილება და ცოდნა დატოვა, უფრო მეტი კი განუხორციელებელი დარჩა. მთელი მისი შემოქმედება კი ერთი ჰაეროვანი ამოსუნთქვასავითაა, სასიამოვნო და შვების მომგვრელი. (თუ რათქმაუნდა, საერთოდ შეიძლება ასე ეწოდოს არქიტექტურას.)

 

მტი (მასაჩუსეცის ტექნოლოგიების ინსტიტუტი) სამლოცველო

მდებარეობა: კემბრიჯი, მასაჩუსეცი

წელი: 1955

 

დევიდ ს. ინგალსის ჰოკეის დარბაზი

მდებარეობა: ნიუ ჰევენი, კონექტიკუტი

წელი: 1958

 

აიბიემ-ის ოფისი როჩესტერში

მდებარეობა: როჩესტერი, მინესოტა

წელი: 1958

 

TWA აეროპორტის ტერმინალი

მდებარეობა: ქუინსი, ნიუ იორკი

წელი: 1956-1962

 

„კარიბჭე თაღი“

მდებარეობა: სეინტ ლუისი, მისური

წელი: 1963-1965

ბიუჯეტი: $ 97,300,000

სიმაღლე: 192 მ

 

ვაშინგტონ დულესის საერთაშორისო აეროპორტი

მდებარეობა: დულესი, ვირჯინია

წელი: 1958-1962

 

ჩრდილოეთის ქრისტიანული ეკლესია

მდებარეობა: კოლუმბუსი, ინდიანა

ლანშაფტის არქიტექტორი: დენ კილი

ქსოვილების დიზაინერი: ალექსანდრე ჯირარდი

წელი: 1964 (უკანასკნელი ნამუშევარი სიკვდილამდე)

 

ავეჯის დიზაინი

 

ვტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest