რამდენიმე თვეა პარიზის ქუჩებში გიგანტური და მადის აღმძვრელი საჭმელი გამოჩნდა; ქუჩის ხელოვანმა Lor-K-მ გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება გადაყრილი და უსარგებლო ლეიბების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა.

ფრანგი არტისტი ბოლო ექვსი წელია მიტოვებულ ნივთებს იყენებს ქუჩის სკულპტურების შესაქმნელად. დასამახსოვრებელი და ორიგინალური ნამუშევრების გარდა, იგი ხალხის ყურადღებას სკულპტურების შინაარსითაც იქცევს. მათში ყოველთვისაა ჩადებული მნიშვნელოვანი იდეა, რომელზე დაფიქრებაც ღირს.

ახალ პროექტში, რომელსაც „შემჭამე“ ჰქვია, Lor-K ქუჩაში დატოვებული ლეიბებისგან სხვადასხვა ტიპის საკვებს ქმნის, როგორებიცაა, მაგალითად, პიცა, ვაფლი, სენდვიჩი, სუში და სხვა. იგი ზუსტად ახერხებს ისეთი ტექსტურისა და ფერის დასმას, რომ საჭმელი ნამდვილს დაემსგავსოს. ეს სკულპტურები მთლიანად შეღებილი ლეიბებისა და ბალიშებისგანაა დამზადებული.

ხელოვანი ბოლომდე იყენებს თავის ხელთ არსებულ მასალას, ჭრის მათ, აძლევს საჭირო ფერსა და ფორმას, ითვალისწინებს წვრილმან დეტალებს (მაგალითად, გრილის კვალს ბაგეტის პურზე) და ნივთებს ახლებურ მნიშვნელობას, ახალ სიცოცხლეს სძენს. ხელოვანი სკულპტურების ფორმას ადგილის შესაბამისად არჩევს და თითოეული მათგანის დამზადებას ორიდან ექვს საათამდე ანდომებს. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრები ადგილზევე იქმნება და გამვლელებს თავისუფლად შეუძლიათ ამ პროცესისთვის თვალის დევნება. დასრულების შემდეგ, სკულპტურები ქუჩაში რჩება და მათი ბედი უკვე ხალხის ხელშია; ეს გადაწყვეტილება, ნამუშევრების საიდუმლოებით მოცული ბედი ხელოვანს პოეტურად ეჩვენება.

Lor-K-ს სხვა პროექტების მსგავსად ამ ინსტალაციის მიზანიც ისაა, რომ საზოგადოების ყურადღება ქუჩაში მიმოფანტულ ნარჩენებზე მიმართოს და მათი პოტენციალი დაანახოს; აჩვენოს რომ მათი „სიცოცხლე“ თავისუფლად შეიძლება გაგრძელდეს გადაყრის შემდეგაც. პროექტის მიზანი ისიცაა, რომ დაგვაფიქროს ჩვენს მიერ მიღებული საკვების ხარისხზე, ანუ იმის მიუხედავად, რომ ის კარგად გამოიყურება, ჩვენ არ ვიცით რისგანაა დამზადებული და რა იმალება ლამაზი ექსტერიერის მიღმა.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest