პროექტი: EASAPARK

ადგილმდებარეობა: ბულგარეთი, ველიკო ტარნოვო

წელი: 2014

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელები: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი, დიტო ჯობაძე

მონაწილეები: ამბერ დე ვრედე, დეა დუდიჩ, ელენა იფრიმ, ფურკან კოკოგულარი, ჯორჯ ჩიუბანუ, ხრისტიან ბაბუკა, კირიაკი ვარვატუ, ლუსია პინილა, იაზგი დემიბრას

ფოტო: ნანუკა ზაალიშვილი

 

ვორქშოფი, რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ, ქართველი არქიტექტორების ავტორობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვოში, ეასა -ს(ევროპელი არქიტექტურის სტუდენტების ასამბლეა) ფარგლებში. ის ერთ-ერთი ისეთია, რომელსაც კონცეპტუალურის გარდა, მკვეთრად გამოხატული ფუნქციური დატვირთვა აქვს. მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მიტოვებულ ლამაზ ადგილს კვლავ მიეცეს მნიშვნელობა და ადამიანები ისევ გამოჩნდნენ იქ, სადაც დიდი ხანია არ ყოფილან, ახლიდან აღმოაჩინონ მივიწყებული გარემო.

ავტორებისთვის პირველი ამოცანა ასეთი ადგილის მოძებნა იყო, შემდეგ დაგეგმილი ობიექტების შექმნა და ბოლოს ადგილზე მონტაჟი. ვორქშოფის დაწყებამდე აღმოჩნდა, რომ პირველად შერჩეულ ადგილზე სამუშაოების ჩატარება არ იყო შესაძლებელი და ჯგუფმა ძალიან მოკლე დროში ახალი ლოკაცია შეარჩია. ადგილი ზუსტად მათი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის იყო შესაფერისი, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი საუკეთესო ხედით ძველ ციხე სიმაგრეზე.

EASAPARK საპარკო ობიექტების, მცირე არქიტექტურული მოცულობების კომპლექსია. სკამი საყვავილით, მაგიდა ორი დასაჯდომი ადგილით, ნაგვის ურნა და პატარა სამერცხლეები, ერთიანობაში სასიამოვნო დასასვენებელ გარემოს ქმნიან. თავად მოცულობები სამი მასალის, პრაქტიკული და ესთეტიური თვალსაზრისით, იდეალური კომბინაციით არის შექმნილი. ბეტონის ბაზაზე დასმულია ლითონის საყრდენები კარკასით, რომელზეც ხის დეტალებია დამაგრებული.

გუნდი სამი ტუტორისგან და ცხრა მონაწილისგან შედგებოდა. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ცალკე აღებული რამდენიმე საინტერესო მცირე არქიტექტურლი ფორმა, ხალისიანი ფერებითა და ტექსტურების საინტერესო შეხამებით. ეს ფორმები კი თავის მხვრივ EASAPARK-ის სახით გაერთიანდა. ავტორის თქმით, სამუშაოების დასრულებისთანავე ხალხმა მისი გამოყენება დაიწყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი მთავარი მისია შესრულდა.

EASAPARK მისი იდეის ჩამოყალიბების, დამუშავების, განხორციელების, ქალაქთან შერწყმისა და მის ცხოვრებაში ჩართვის ერთობლიობაა. ეს არ არის მხოლოდ რამოდენმე ლამაზი უსულო ობიექტის კომბინაცია, ის დიდი ურბანული ერთეულის პატარა შემადგენელი, მაგრამ დამოუკიდებელი და საკუთარი აურის მქონე მიკროსამყაროა. არქიტექტურა ძირითადად მხოლოდ ადამიანებისთვის იქმნება, მაგრამ ამ შემთხვევაში სიცოცხლის სხვა და სხვა ფორმისთვის შესაფერისი წილია გათვალისწინებული.

საპრეზენტაციო ვიდეო იხილეთ აქ:

https://www.youtube.com/watch?v=HdG7z8MYTiA

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest