იდააფი უკვე მესამე წელია გთავაზობთ სტატიებს ეასა-ს (ევროპელ არქიტექტორ სტუდენტთა ასამბლეა) პროექტებზე. წელს ჩვენ მათი ოფიციალური მედია პარტნიორი გავხდით და ადგილზე ვადევნეთ თვალ-ყური ვორქშოფების მიმდიანრეობას. ამ სტატიაში წაიკითხავთ ეასა 2016 ლიტვის კონცეფციაზე, თემით: ”ჯერ გადაწყვეტილი არ არის” (NOT YET DECIDED)

წლევანდელი ორ კვირიანი შეკრება გაიმართა ლიტვის პატარა ქალაქ ნიდაში კურშის ცელაზე, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების ყურესა და ბალტიის ზღვას შორის. ეს უნიკალური ადგილია თავისი გეოგრაფიითა და ბუნებით, აქ ერთმანეთს ქვიშის დიუნები, ულამაზესი ტყე და ზღვის სანაპირო ენაცვლებიან. ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვისაც ამოცანას ისიც უფრო ართულებდა, რომ ტერიტორია იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული. ამით აიხსნება ის, რომ წელს ძირითადი მასალა ხე იყო.

თემის კონცეფცია მოდის ერვინ შროდინგერის კატის ექსპერიმეტრიდან, რომლის შინაარსიც მოკლედ შემდეგში მდგომარეობს – დავუშვათ თქვენ ჩასვით კატა ყუთში, რომელთან ერთადაც იქვე მოათავსეთ ბომბი, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში კატის მოკვლის შანსი აქვს 50/50. რა მოხდება ერთი საათის შემდგომ? საღი აზრი გვკარნახობს, რომ კატა ან ცოცხალია ან მკვდარი. თუმცა, შროდინგერი ამბობს, რომ მომენტში ვიდრე ყუთი გაიხსნება კატა იმყოფება სუპერპოზიციაში – ერთდროულად მკვდარი და ცოცხალი. ლიტველი ორგანიზატორებისთვის ნიდა იმყოფებოდა სწორედ ასეთ მდგომარეობაში და ეასას უნდა გამოერკვია ცოცხალია ის თუ არა, ვინაიდან ადგილობრივი კანონები იმდენად იცავს მის ბუნებრივ თუ არსებულ არქიტექტურულ რესურსს და იმდენად ართულებს საქმეს ახალი მშენებლობისთვის თუ რეკონსტრუქციისთვის, რომ ამ საქმეში ჩართვა თითქმის არავის სურს, ნიდა ერთდროულად ცოცხალია და მკვდარი – ჯერ არ არის გარკვეული.

საინტერესოდ იყო ორგანიზებული საცხოვრებელი, სამუშაო და გასართობი სივრცეები. გარდა სამშენებლო მოედნებისა, რომლებიც მთელ ნიდაში იყო გაშლილი წლევანდელ ეასას 2 შენობა ეკავა და მესამეში – ნიდის არტ კოლონიაში, ვორქშოფების გარკვეული ნაწილი ხორციელდებოდა. ორივე შენობა ეასა-მდე მიტოვებული იყო. ეასა-ს ძირითადი ბაზა და საცხოვრებელი განთავსდა საბჭოთა პერიოდში აშენებულ სანატორიუმში, რომელსაც ბოლო 9 წლის მანძილზე არ უფუნქციონირებია. ის იდეალურად მოერგო ეასა-ს თავისი გეგმარებით და საინტერესო საერთო სივრცეებით, მაგალითად, „დახრილი დარბაზი“, რომელიც საკომფერენციოდ იყო თავის დროზე ჩაფიქრებული. მეორე – ბარის შენობა საცხოვრებლიდან 5-10 წუთის სავალზე იყო, ბილიკი ულამაზესი ტყით გადიოდა.

ზოგადად, ეასა 2016-მა რეალურად სასარგებლო შედეგი დადო ამ ქალაქის არქიტექტურის განვითარებისთვის. პირველ რიგში მშენებლობის პრეცენდენტის არსებობით და ასევე კონკრეტული პროექტებით, რომლებიც უშუალოდ ნიდას მოსახლეობისთვის შეიქმნა. ამ კატეგორიიდან შეგვიძლია განსაკუთრებით გამოვყოთ, Gifting Environments და The Next Step.

პირველი ადგილობრივი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებისთვის მცირე არქიტექტურული მოცულებების შექმნას მოიცავდა, მეორე კი დიუნებისკენ მიმავალი ალტერნატიული კიბის მშენებლობას. განსაკუთრებული იყო Bring Nida Full Circle, ვორქშოფი, რომელიც წარმოადგენდა ერთობას რომლის მიზანიც იყო საზოგადოებისთვის არქიტექტურის როლის განმარტება ქალაქის ეკონომიკაში.

სხვა საინტერესო ვორქშოფების შესახებ წაიკითხეთ იდააფის მომდევნო სტატიებში.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest