არქიტექტორები: გიორგი მოსულიშვილი | ანუკა თავართქილაძე
სამშენებლო სამუშაოები: Mosulishvili & Partners
ფერწერა: თამარ მაღლაფერიძე
ფოტო: DOTS
წელი: 2016
მდებარება: კოტე აფხაზის ქ.22 | თბილისი, საქართველო
თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ინტერიერის მქონე ობიექტი გაიხსნა – მოდის სახლი DOTS. აქ ყველაფერი ქართულია, დაწყებული ჩანაფიქრით და დამთავრებული თითოეული აქსესუარით. კოლექცია გამოირჩევა ფერადოვნებითა და ქსოვილზე დატანილი მსუბუქი სახალისო დეკორით. IDAAF-ის განსაკუთრებული ინტერესი ინტერიერმა გამოიწვია, ამიტომ მის ავტორებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
საიდან წამოვიდა ინტერიერის კონცეფცია და რამდენად რთული იყო დამკვეთის მიერ ჩაფიქრებული კომერციული პროექტისთვის შესაფერისი ვიზუალის მქონე სივრცის დაპროექტება?
კონცეფცია შემუშავებულ იქნა დამკვეთთან ერთად. მსჯელობის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ინტერიერში უკვე არსებულ სტილს შევინარჩუნებდით, რომელსაც ცალკეული ელემენტებით გავამდიდრებდით. სირთულეს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მსგავსი პროექტი არ გაგვიკეთებია, შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გავართვით ყველაფერს თავი.
რა სირთულეები არსებობს ძველ შენობასთან მუშაობისას?
ძველ შენობასთან მუშაობა მრავალმხრივ რთულია. პირველ რიგში, ამგვარი შენობა უკვე ჩარჩოებში სვავს არქიტექტორსა და დიზაინერს და აძლევს გარკვეულ მიმართულებას, ჩარჩოებს, რომლებსაც ძალაუნებურად ემორჩილები. ამას გარდა, ძველი შენობა ნიშნავს ძველ მასალებს, რომელთან მუშაობაც დიდ სიფაქიზეს მოითხოვს. მაგალითად, როგორც წესი, გაყვანილობა უმჯობესია მთლიანად გამოიცვალოს, ისევე როგორც სანტექნიკა. თუკი ძველ შენობაში გარკვეული ფრაგმენტების შენარჩუნება გვსურს, ხშირად ძალიან რთულია შესაბამისი მასალების შოვნა. მაგალითად შპალერი, რომელიც ასი წლის წინ გამოიყენებოდა, დღეს ბაზარზე არ იშოვნება, ხოლო მისი ასლის დამზადება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ჩანს, რომ არსებული აგურის ძველი კედლები და თაღების ნაწილი უბრალოდ გასუფთავებულია. რატომ გადაწყდა მათი ახალი სწორხაზოვანი ელემენტებით „მოჩარჩოება“, უფრო კონსტრუქციული მდგრადობისთვის თუ ინტერიერში ახალი ელემენტის შეტანის მიზნით?
ამ გზით ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა, რომელსაც სარემონტო სამუშაოებისას გადავაწყდით. როგორც ჩანს შენობას ადრე ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაო, თუმცა მაშინ ვიზუალურ მხარეს დიდი ყურადღება არ მიაქციეს. კოლონები, რომლებიც ჩვენ იქ დაგვხვდა აუცილებლად უნდა შეგვენარჩუნებინა, თუმცა მისთვის ფორმა უნდა შეგვეცვალა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი “მოჩარჩოება” იქნებოდა.
ჭერი და განათება მარტივად გაქვთ გადაწყვეტილი და ამასთანავე ინტერიერისთვის მომგებიანად. მისი სტრუქტურაც ძველი შენობის ნაწილია?
ჭერი იმ ფორმით შევინარჩუნეთ, როგორიც იყო. მსგავსი თაღოვანი ჭერი დამახასიათებელია თბილისის ბევრი შენობისათვის და ის თავისებურ ხიბლს სძენს ინტერიერს. განათება თანამედროვეა.
რა პრინციპით არის შერჩეული წინა/ქვედა და უკანა/ზედა სიცრცეებითვის ავეჯი, იქონია თუ არა გავლენა ამ ზონებში ბუნებრივი განათების დონემ.
ავეჯი ძირითადად სივრცეების ფუნქციური განსხვავებების მიხედვით იქნა გადანაწილებული. უკანა/ზედა მხარეს სხვადასხვა ბრენდის შოურუმი უნდა განთავსდეს საკუთრივ დამკვეთის პროდუქციის გვერდით. წინა/ქვედა მხარეს აქსესუარები და ტანისამოსი იქნება განლაგებული. ამავე ზონაშია განთავსებული სალარო. დღესდღეობით ჩვენ ძალიან ბევრ მაღაზიაში შეიძება წავაწყდეთ მსგავს სტრუქტურას. ამას განსაზღვრავს არა მხოლოდ ამა თუ იმ სივრცის სპეციფიკა, არამედ თავად მომხმარებლის ფსიქოლოგიაც.
- Courtesy of DOTS
- Courtesy of DOTS
- Courtesy of DOTS
- Courtesy of DOTS
- Courtesy of DOTS
- Courtesy of Idaaf
- Courtesy of DOTS
- Courtesy of Idaaf
- Courtesy of Idaaf
- Courtesy of Idaaf
- Courtesy of Mosulishvili & Partners
- Courtesy of Mosulishvili & Partners
ავტორი: ტატა ალხაზაშვილი


