რუსო მარგიშვილი ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არქიტექტორია, რომელიც პროფესიის გარდა ხატვითაც არის დაკავებული. მისი ნახატები იმაზე მეტად ქმნის განწყობასა და მხატვრული ხედვის გადმოცემის სიზუსტეს, რომ ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კია, რომ ხატვა მხოლოდ ჰობია და მას სამუშაო საათებისგან თავისულ დროს მიმართავს.

 

ხატვა ყოველთვის მიყვარდა; არქიტექტურის სკოლაში მივხვდი, რომ საკუთარი იდეების გამოსახატად ჩემთვის ხელით ხატვა კომპიუტერულ რენდერებზე უკეთესი საშუალება იყო. მოგვიანებით სამსახურში ხატვა დიდად აღარ მიწევდა და ამიტომ არა არქიტექტურული ილუსტრაციები დავიწყე.

ერთ დღეს ჯოსეფ გორდონ ლევიტის ძალიან საინტერესო პროექტი აღმოვაჩინე “hitRECord”, სადაც მან სხვადასხვა შემოქმედი ადამიანის უზარმაზარი ქსელი შექმნა და ონლაინ კოლაბორაციით დაწერილი და გაფორმებული წიგნების სერია გამოუშვა -“The Tiny Book of Tiny Stories”, სადაც თითო გვერდზე ერთ წინადადებიანი ისტორიის ილუსტრაციაა მოცემული. წიგნმა შთამაგონა და გარშემო ადამიანების ისტორიების გაფორმება დავიწყე. „ – რუსო მარგიშვილი

 

უკვე რვა წელია, რაც რუსო თბილისში აღარ ცხოვრობს და აქ იშვიათი სტუმარია, ამიტომ ჩვენს შორის კონტაქტი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შედგა.

ვისმა შემოქმედებამ იქონია გავლენა შენს, როგორც მხატვრად ჩამოყალიბებაზე?

პირველ რიგში, არქიტექტურულმა ესკიზებმა. არქიტექტორებს ძალიან სპეციფიური გრაფიკა აქვთ, რაც ყოველთვის მომწონდა და როგორც ოჯახში მესამე თაობის არქიტექტორს, გარშემო ძალიან ბევრი მქონდა. მოგვიანებით სასწავლად ლიტვაში გადავედი და იქაურმა გრაფიკამაც დიდი გავლენა მოახდინა. შემდეგ იყო სკანდინავიური მინიმალიზმი და რამოდენიმე გრაფიკულმა ნოველა.

რაში ხედავთ ხელოვნების ფუნქციას ზოგადად და კონკრეტულად ენთვის?

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ხელოვნება აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის. გარდა ესთეტიკური გემოვნების დახვეწვისა, აზროვნებას გაჩვევს და ამა თუ იმ საკითხს სხვა კუთხით განახებს, ბევრ კითხვას სვამს და პასუხს ითხოვს.

დღეს არქიტექტორად ვმუშაობ ნიუ იორკში ძალიან ნიჭიერ ხალხთან ერთად, O’Neill McVoy Architects-ში. ამა თუ იმ ფორმის ხელოვნება ჩვენს ოფისში ხშირად განიხილება და შთაგონებისთვის ხშირად მივმართავთ სხვადასხვა მხატვარს, მოქანდაკესა თუ კომპოზიტორს. ჩემი გარემოს გამო, ხელოვნების სხვადასხვა პერიოდის აღქმა უფრო განმივითარდა და ბევრი რამის დაფასება დავიწყე. ვცდილობ საკუთარ ილუსტრაციებს ნელ-ნელა გზა შევუცვალო და მეტი ექსპერიმენტი ვატარო.

როგორ გესმის ზოგადი ტენდენცია თანამედროვე ამერიკულ მხატვრობაში, რა მიმართულებებია გამოკვეთილი? როგორ ხედავთ იგივეს საქართველოში?

რთულია ჩემთვის ერთი ტენდენცია გამოვყო, იმიტომ რომ გარშემო ახალი ტენდენციის ძიებაში ძირითადად ქაოსია. თანამედროვე ამერიკული ხელოვნება ალბათ მინიმალისტური და კონცეპტუალური განხრითაა ცნობილი; ყურადღება ძალიან პატარა ნიუანსებს ექცევა, რაც გამოუცდელი თვალისთვის ხშირად შეუმჩნეველი და უინტერესოა. ბევრი თამაშობს სიზუსტით, მასშტაბით, სივრცის დაგეგმვით, ჰორიზონტით, განათებით, მასალის ფიზიკური თვისებებით, განცდებით და განცდების გადმოცემით პროვოკაციული თუ ძალიან დელიკატური გზებით. ალბათ 60-70იანი წლებში ცნობილი ხელოვანები დღესაც ლიდერობენ, ისინი როგორებიც არიან Donald Judd, Carl Andre, Richard Serra, Michael Heizer, Robert Morris, Dan Flavin, Gordon Matta Clark, და ა.შ.

საქართველოში უკვე 8 წელია აღარ ვცხოვრობ და თანამედროვე ხელოვნებას დიდად არ ვიცნობ. თბილისში დაბრუნებისას ვცდილობ ადგილობრივი შემოქმედება ვნახო. სამწუხაროდ, კონცეპტუალურ ხელოვნებას ხშირ შემთხვევაში მასშტაბი აკლია და გაუბედავია; თუმცა არიან საინტერესო ხელოვანებიც, რომლებიც უკვე გამოგონებულ ველოსიპედს კარგად იცნობენ და გამოხატვის საკუთარ ფორმას ეძენებენ. დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური გარემო ბევრს საკუთარი აზრის გამოხატვის და პროტესტის სურვილს უჩენს და ზოგი ძალიან საინტერესო ფორმას პოულობს. თუ ბოლო ორი საუკუნის ხელოვნების მიმართულებების გაჩენის პრეცენდენტებს გადავხედავთ, უმეტესობა პროტესტის ფორმაა და სულ ველოდები, რომ საქართველოშიც რაღაც ფორმით “ამოხეთქავს” ამდენი დაგროვილი ენერგია. ალბათ, ამ ენერგიის ფორმის მისაცემად საჭიროა საზღვრების გახსნა, სხვების შემოქმედების მიმართ მეტი ინტერესი და ზოგადად, ცნობისმოყვარეობა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო წარმატებული მხატვარი ან უბრალოდ კარგი მხატვარი და ჭირდება თუ არა მხატვარს წარმატება ინსპირაციისთვის?

სიმართლე გითხრათ, მე მიჭირს მხატვრის სტატუსით ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემთვის ხატვა მხოლოდ ჰობია. ნიუ იორკში ბევრ შემოქმედებით ადამიანს ვხვდები და ყოველთვის გვაქვს დისკუსია თუ რას მოიცავს სიტყვა “წარმატებული” – თუ წარმატება მატერიალური სიმდიდრის მოპოვებაშია, მაშინ მთავარია ყოველთვის იყო საჭირო ადგილას საჭირო დროს. კონტაქტები, კონტაქტები, კონტაქტები! – ამერიკაში კონტაქტები და იღბალი ყველაფერია, მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორც ნიუ იორკია – წარმოიდგინეთ, 8 მილიონი ამბიციურ ადამიანიანი ქალაქი, სადაც ყველას თავის დამკვიდრება უნდა.

მატერიალური წარმატებისთვის არ ვიცი შთაგონება რამდენად საჭიროა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის ხელოვანი საკუთარ ნიშას, “ბრენდს” მიაგნებს და კლიენტურა ცხოვრების ბოლომდე იმ სტილის ქვეშ შესრულებულ პროდუქტს თხოვს. ჩემთვის მსგავსი შემოქმედება ალბათ მოსაწყენი იქნებოდა, იმიტომ რომ ზრდის საშუალება აღარ გეძლევა.

არიან წარმატებული ხელოვანებიც, რომლებიც საკუთარი ძლიერი პოზიციის და ფილოსოფიის გამო იპყრობენ ყურადღებას და კლიენტზე ნაკლებად მორგებულ ხელოვნებას ქმნიან. ამ შემთხვევაში ფილოსოფია ხდება შთაგონება და ნაწარმოები ამ ფილოსოფიის გამოხატვის ხერხია. ეს ჯგუფი ჩემთვის ბევრად საინტერესოა.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest