ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში მილიარდელმა უძრავი ქონების მაგნატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და 2017 წლიდან დაიკავებს შტატების 45-ე პრეზიდენტის სავარძელს. შესაბამისად, მსოფლიოს ყურადღება მთლიანად მისკენაა მიპყრობილი. მედია ობიექტივში ხვდება ტრამპების ოჯახი და მათ შესახებ ნებისმიერი დეტალი ახალი ამბების ჰედლაინერია.

სხვადასხვა ბიზნესების მფლობელი ტრამპი თავისი ექსცენტრიულობით გამოირჩევა და საპრეზიდენტო კამპანიის დროს და მერეც უამრავი სკანდალური განცხადების ავტორია. ცნობილია მისი აგრესიული დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ, ხოლო ტრამპის სექსისტური განცხადებები ქალების მიმართ და ვიდეო ჩანაწერები დიდი ხანია უცხო არაა მედიისთვის.

თუმცა ეს სტატია მის საჯარო ქცევებს არ ეხება, იდააფში დონალდ ტრამპის არქიტექტურული გემოვნებით დავინტერესდით და თვალი გადავავლეთ მისი ორგანიზაციის მიერ აშენებულ ნაგებობებს, Trump Tower-ებს, რომლებიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქალაქებშია განთავსებული.

წარმოდგენილ შენობებში ძირითადად ოფისები, საცხოვრებელი ფართები ან სასტუმროებია განთავსებული. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუ როგორ ჰგავს შენობები ერთმანეთს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მომავალ პრეზიდენტს დიდი გავლენა აქვს მუშაობის პროცესზე. Trump Tower-ები ყოველთვის ზევიდან გადმოჰყურებს ქალაქს, იქნება ეს სხვა ცათამბჯენებთან ერთად, თუ მარტო; თითოეული მათგანი მფლობელის გვარის დიდი ნიშნითაა „დამშვენებული“. აღსანიშნავია, რომ კოშკების მშენებლობას ყოველთვის რომელიმე სკანდალი ახლდა, იქნებოდა ეს არალეგალების დასაქმება და შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით დაბალი ანაზღაურების არსებობა თუ მშენებლობასთან დაკავშირებული დაპირებების არ შესრულება.

იდააფი რამდენიმე Trump Tower-ს წარმოგიდგენთ.

Trump Tower. ნიუ იორკი

ცათამბჯენი მანჰეტენზეა განთავსებული; 58 სართულიან შენობაში ტრამპის რეზიდენცია და მისივე ორგანიზაციის სათაო ოფისია განთავსებული. მშენებლობა 1979 წელს დაიწყო და 1983 წლის ნოემბერს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ოფისებისა და ბინების გარდა, ხალხს საზოგადო ატრიუმითა და სავაჭრო ცენტრითაც შეუძლიათ სარგებლობა.

ცათამბჯენის ადგილას თავდაპირველად Bonwit Teller-ის წამყვანი მაღაზია იყო განთავსებული; იგი 1929 წელს აშენდა და გარკვეული არქიტექტურული ღირებულებაც გააჩნდა. შენობა 1979 წელს ტრამპმა შეიძინა, დაანგრია და მის ადგილას საკუთარი კოშკი „წამოჭიმა“, რომლის დიზაინიც Der Scutt-ს ეკუთვნის. დაპირების მიუხედავად სკულპტურები, რომლითაც თავდაპირველი შენობა იყო გაფორმებული და რომელიც მუზეუმს უნდა გადასცემოდა, განადგურდა, რის გამოც მშენებლობა სკანდალში გაეხვა; სიტუაცია უფრო გაუარესდა, როდესაც გაირკვა, რომ ტრამპს არალეგალები ჰყავდა დასაქმებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენები დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა და 1999 წელს საბოლოოდ დასრულდა.

202 მეტრიან შენობის კონსტრუქცია და ფასადი „დაკბილულია“, რითიც ფანჯრების რაოდენობა მატულობს და იგი უფრო მდგრადი ხდება ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ (ქარი, მიწისძვრა). საზოგადოებრივი სივრცე მოვარდისფრო-მოთეთრო მარმარილოთია მოპირკეთებული; ცათამბჯენს ოთხი ოქროსფრად შეღებილი ლიფტი ემსახურება, ინტერიერის გასაწყობად კი სარკეები და ამრეკლავი ზედაპირებია აქტიურად გამოყენებული.

Trump International Beach Resort. ფლორიდა

ოკეანის სანაპიროზე აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი 2003 წელს გაიხსნა; იგი სამი 32 სართულიანი ერთმანეთის მსგავსი კოშკისგან შედგება, თითოეულში 271 საცხოვრებელი ერთეულით. კოშკებს თეთრი, ტალღოვანი ფასადი აქვთ მომრგვალებული აივნებით. მათი დიზაინი ადგილობრივ არქიტექტურულ ფირმას Sieger Suarez-ს ეკუთვნის. კომპლექსის ვებსაიტის თანახმად, იგი იდეალური ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად და არა მარტო; დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპა-სალონით, აუზით, საბავშვო პროგრამით, შიდა და გარე სივრცითი ღონისძიებებით და სხვა მრავალი სერვისით, რომელის შეთავაზებაც ოთხ ვარსკვლავიან სასტუმოს შეუძლია.

Trump International Hotel & Tower. ტორონტო

ცათამბჯენის მშენებლობა ქალაქის ფინანსურ უბანში 2007 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2012 წელს დამთავრდა. ტრამპს მშენებლობის დროს მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ კოშკი მის სახელს ატარებს და მომავალი პრეზიდენტი აქციების ნაწილის მფლობელია.

277 მეტრიან შენობაში 65 სართულია და ფასადი მეტალით, შუშით და ქვითაა გაფორმებული. მისი დიზაინი Zeidler Roberts Partnership-ს ეკუთვნის. 2-31 სართულებზე სასტუმროს 260 ნომერია განთავსებული, ხოლო 32-57 სართულებზე – 109 ბინა. ცათამბჯენში 5,486 კვადრატული მეტრის სიდიდის სპაც კია. აღსანიშნავია, რომ იგეგმებოდა შენობის მეტროს სადგურთან დაკავშირება; მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ამის გამო გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.

Trump International Hotel. ლას ვეგასი

200 მეტრიანი ცათამბჯენი ყველაზე მაღალი შენობაა ქალაქში. მშენებლობა 2008 წელს დასრულდა და გახსნის დღიდან სტუმრების მრავალრიცხოვან ნაკადს მასპინძლობს. 64 სართულიანი შენობის დიზაინი Bergman, Walls & Associates-ს ეკუთვნის. კოშკში სასტუმროს ნომრებთან ერთად საცხოვრებელი ბინებია განთავსებული. სასტუმროში ორი რესტორანი ფუნქციონირებს და ერთ-ერთი მათგანი ტრამპის სახელს ატარებს (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს). აღსანიშნავია, რომ შენობის გარე ფანჯრები 24 კარატიანი ოქროთია მოვარაყებული.

სასტუმრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხში, ასეთი წარმატების გამო დეველოპერებმა მეორე კოშკის აშენებაც გადაწყვიტეს, მაგრამ პროექტი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია და გაგრძელების თარიღიც უცნობია.

Trump Ocean Club International Hotel and Tower. პანამა

ცათამბჯენის დიზაინი კოლუმბიელ არქიტექტორებს Arias – Serna – Saravia -ს ეკუთვნის. ერთი შეხედვით მისი ფორმა თეთრ იალქანს მოგვაგონებს. შერეული დანიშნულების შენობა ოკეანის სანაპიროზე დგას და მშვენიერ ხედს სთავაზობს მაცხოვრებლებს. 284 მეტრი სიმაღლის კოშკში 70 სართულია და მათ 37 ლიფტი ემსახურება. კომპლექსში 369 სასტუმროს ნომერი, 700 საცხოვრებელი ერთეული, 1500 საპარკინგე ადგილი, მაღაზიები, კაზინო, აუზი, ბიზნეს ცენტრი და სადღესასწაულო სივრცეები შედის და როგორც აღნიშნავენ, იგი მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს მაცხოვრებლებს.

Trump International Hotel and Tower. ჩიკაგო

360 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი (423 მეტრი თუ ანძასაც ჩავთვლით) მიჩიგანის ტბას გადაჰყურებს. 98 სართულიან შენობაში 339 სასტუმროს ნომერი და 486 საცხოვრებელი ბინაა, რესტორანთან, ავტოფარეხთან, მაღაზიებთან და გამაჯანსაღებელ ცენტრთან ერთად. დიზაინი Adrian Smith-ს ეკუთვნის, შენობა კი Bovis Lend Lease-მა ააშენა. ცათამბჯენი სამი „საფეხურისგან“ შედგება, რომლებიც მის ახლოს მდებარე შენობების სიმაღლეს გვაჩვენებენ და ვიზუალურ კონტინიუმს ქმნიან.

Trump Towers. სტამბოლი

Trump Towers მომავალი პრეზიდენტის პირველი პროექტია ევროპაში. მას პარტნიორობა თურქმა მილიარდელმა Aydin Dogan-მა გაუწია და ერთობლივი ძალებით მოიყვანეს იგი სისრულეში. დიზაინზე Brigitte Weber Architects მუშაობდა და შედეგად ტყუპი კოშკები მივიღეთ, რომელთაც, ტრამპის სხვა შენობების მსგავსად, შუშის მბრწყინავი „ფარდა“ აქვს ჩამოფარებული.

შეიძლება ითქვას, რომ ეს კოშკები ერთმანეთს ავსებენ. ერთში საოფისე ფართებია განთავსებული, მეორეში კი – საცხოვრებელი, 200-ზე მეტი ბინით. კომპლექსის შემაერთებელ ნაწილში სავაჭრო ცენტრითა და კინო-თეატრით შეიძლება სარგებლობა.

ანტიმუსლიმური განცხადებების გამო ტრამპმა პარტნიორის (და არა მხოლოდ) განრისხება გამოიწვია და შედეგად ტყუპებიდან მისი სახელის მოხსნას ითხოვენ.

კითხვაზე რა გამოარჩევს ამ კოშკებს სხვა ცათამბჯენებისგან, პასუხი მარტივია, ის რაც ტრამპებს გამოარჩევს სხვა ადამიანებისგან: მბზინავი საგნებისკენ მიდრეკილება, განდიდების სურვილი, იყოს ყველაზე გამორჩეული, მედიდური და დომინანტი გარემოსთან მიმართებაში. ეს ნაგებობები ერთი კონკრეტული მდიდარი ადამიანის გემოვნების გამომხატველია, სადაც ყველა შენობის ავტორი არქიტექტორი კი არა, დამკვეთია.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი, მერი ხამხაძე

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest