დოგონები მდ. ნიგერის სამხრეთით, მალის მთებში გახიზნული უძველესი აფრიკული ტომია. რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს გამაჰმადიანებაზე და საერთოდაც ყველაფერზე, რაც ცივილიზაციის განვითარებას უკავშრდება. ისინი დღესაც განცალკევებით არსებობენ და ისევ იმ თიხა-ქვით იშენებენ საცხოვრისებს, როგორც ადრე, ისევ ისეთი სიჭრელეები აცვიათ და ისევ ისე ბედნიერად ცხოვრობენ, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ნერვებს არც პირდაფჩენილი ტურისტების ფოტოკამერების ჩხაკაჩხუკი უშლით, არადა, ამხელა კულტურა ერთ პატარა ობიექტიცში როგორ ჩაეტევა?

წლების წინ ლე კორბუზიეს მეგობარმაც იმოგზაურა ამ მხარეში და ზუსტად ვიცი, ისიც ისეთი გაოგნებული სახით ედებოდა დოგონის ღობე-ყორეებს როგორც სხვა,”განვითარებული ცივილიზაციის შვილები”. სახეზე გაოცებაც ყველაზე დიდხანს მას შერჩა, რადგან უკან დაბრუნებულმა თავის ძმა-ბიჭებს იმდენი მასალა და შთაბეჭდილება ჩამოუტანა, ყველას “დოგონომანია” შეეყარა და სიკვდილის ბოლომდე შთაგონების წყაროდაც ეყოთ.

მეოცე საუკუნის დასაწყისი რთული დრო იყო. კლასიკური სტილი ყელში ჰქონდა გაჩხერილი მხატვრობასაც და არქიტექტურასაც, ბრბო კი მძვინვარებდა და რაღაც ახალს ითხოვდა. კორბუზიე დიდი მოუსვენარი ვინმე იყო, ჯერ ფერწერით იყო გატაცებული, მერე არქიტექტურით და თან სხვებსაც დაუზარელად აკრიტიკებდა. მან, დოგონებზე ნანახ-გაგონილით სასიამოვნოდ შეძრულმა მაინვე იყნოსა, რომ ძლიერ პლასტიურ ფორმებში გამოხატული ამ ტომის არქიტექტურა და უხეში სამშენებლო მასალები, რაც ასკეტურ სულს უფრო მკვეთრად უსვამდა ხაზს, კარგი საკვები იქნებოდა, პირველ რიგში, თანამედროვე არქიტექტურისათვის და შემდეგ „დამშეული მასების“ დასაშოშმინებლად. მართალიც აღმოჩნდა: როდესაც მარსელის საცხოვრებელ ერთეულს უხვად დაანთხია მთელი დოგონული კულტურა: იქნებოდა ეს საჩრდილობლებზე, ფარდულებზე თუ სავენტილაციო შახტებზე… გარე კედლების უხეში ფაქტურა (დაუმუშევებელი ბეტონი) ბრბოც უცებ ჩაწყნარდა, მიიღო მისაღები. თანამედროვე არქიტექტურამ თითქოს ფეხი აიდგა, თითქოს განვითარება სხვანაირად წარმოუდგენელიც კი იყო.

ლე კორბუზიემ შემდეგი ნაბიჯები თანამედროვე არქიტექტურაში უკვე სხვა ობიექტებით გაამყარა: სალოცავი ნოტრ დამ დიუ -ში, ე.წ. რონშანის კაპელა;წმინდა მარიამის მონასტერი ლა ტურეტი და ა.შ

ოღონდ ლე უკვე მარტო აღარ იყო,მის უკან თანამედროვედ მოაზროვნე არქიტექტორებისა და ხელოვანების მთელი პლიადა დადგა. ყველაფერი დალაგდა, ახალმა კულტურამ მოძრაობა დაიწყო და უკვე სხვადასხვა მიმდინარეობებში იპოვა კალაპოტები.

ლე კორბუზიეს სიკვდილის შემდეგ აშენდა მისი წმ. პეტრეს ეკლესია .ფირმინში. მე მაინც მგონია,რომ თუ არ იცი მისი დანიშნულება, გარედან საეროდაც ვერ მიხვდები რომ ღვთის სახლია, მითუმეტეს მასზე მცირე ზომის ჯვრის შემჩნევა ფაქტიურად შეუძლებელია. ტაძრის ფორმა შთამბეჭდავია- დახრილი წაკვეთილი კონუსი. მასალა რაღათქმაუნდა ბეტონი და არ შეიძლება არ დაინახო კავშირი დოგონის ტომის საცხოვრისებთან: როგორც იქ, აქაც მცირე ზომის სარკმლებია გაჭრილი, საიდანაც სინათლე შედის სალოცავ დარბაზში. სულ 3 ცალია: ერთი წრიული და ორი-მართკუთხა. მათი კედლები, წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებშია შეღებილი და შენობაში განათებაც სწორედ ამ ტონალობებში შედის. აქვეა ჩემი საყვარელი დეტალიც: საკურთხევლის თავზე ვარსკვლავების განლაგების სქემის მიხედვით გაკეთებული წრის ფორმის ჭრები, საიდანაც უკვე საკურთხეველში შედის სინათლე. ვუყურებ და მაინც სულ მინდა გაუთავებლად ვუყურო. გარე კედელზე ამ ჭრების თავზე თაღედებია. დანარჩენ კედლებზიც დატვირთულია თავისებურად ასკეტური, თუმცა ერთმანეთთან ჰარმონიში მყოფი დახვეწილი ფომებით, სწორედ ისეთებით, როგორიც დოგონებს სჩვევიათ.

ღამის განათება ხან იასამნისფერია, ხანაც მოლურჯო-მომწვანო. თვითონ ინტერიერიც ჭრელია, მერე რა, რომ სალოცავია, ფერადი განათება უფრო იმედის მომცემი არაა? უფრო ამაღლებულად არ გრძნობ თავს?

დოგონებსაც ხომ სიჭრელე უყვართ: მხიარულ ფერებში ხატავენ ყველაფერს, ჭრელად იმოსებიან და სულშიც მრავალფერიპეპლები ჰყავთ, თორემ აბა ისე როგორ გაუძლებდნენ ამდენ საუკუნეს, აბა ისე როგორ მოაღწევდნენ აქამდე?!

 

 

ავტორი: ნანოუკ ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest