ფილიპ ჰოდასი 23 წლის გრაფიკული დიზაინერია პრაღიდან. ის თავისუფალ დროს შთამბეჭდავ, კონცეპტუალურ კომპოზიციებს ქმნის 3D პროგრამებში, სადაც წარმოსახვით პეიზაჟებს ძალიან დეტალური და რეალისტური ტექსტურები აქვთ. არტისტის სურრეალისტური ვიზუალები მნახველს ჰიპერრეალურ სივრცესთან აკავშირებს.

მკვეთრი ფერები, პეიზაჟები, რომლებიც ხშირად სხვა პლანეტის ლანდშაფტებს ჰგავს და საინტერესო ფაქტურის გეომეტრიული ფორმები არის ის, რაც ჰოდასს სხვებისგან გამოარჩევს. მის ნამუშევრებში ყოველთვის არის დეტალი, რომელიც მნახველს გონებაში რჩება და არტისტის ხელწერას უნიკალურობას ანიჭებს.

ფილიპ ჰოდასი 2015 წლიდან ნამუშევრებში ისეთ ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს, როგორიცაა 4D და ოქტანი. თითოეული კომპოზიცია ციფრული ელემენტების შეტანაა ლანდაშაფტების ბუნებრივ ფოტოებში: მთებში, კლდეებსა და წყლებში, რომლის შედეგადაც ჩნდება ჰიპერ სურრეალური ვიზუალი. ბუშტები, აბსტრაქციები და სხვა გეომეტრიული ფიგურები დეტალურად არის დამუშავებული და გადაჭარბების გარეშე ერწყმის მიწიერ გარემოს; თითოეული ნამუშევარი მძაფრ, კონტრასტულ კომპოზიციასა და ახალ მიდგომას ქმნის ლანდშაფტების, დედამიწის ლამაზი და საიდუმლოებით სავსე ადგილების არტისტული კვლევისთვის.

ჰოდასის ნამუშევრები გამოირჩევა ბუნებრივისა და ხელოვნურის ჰარმონიული კავშირით, ლანდშაფტებზე მორგებული კონტრასტული ფაქტურების სინთეზითა და ფერთა მრავალფეროვანი გამით. მისი მკვეთრი კომპოზიციები ახალ იდეებს აღვივებს და გონებას საინტერესო თავგადასავლებში გზავნის.

იდააფი ფილიპს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუს აქვე წარმოგიდგენთ.

 

შენი ნამუშევრები ძალიან ნათელი და ფერადია. რომელია შენი საყვარელი ფერი და მუშაობის პროცესში, როგორ ირჩევ რა ტონალობა გამოიყენო, განსაკუთრებით, გეომეტრიული ფორმებითვის?

ჩემი საყვარელი ფერი, აუცილებლად, ლურჯია. შექმნის პროცესში, რამდენიმე ფერს ვიღებ და შემდეგ იქიდან ვარჩევ, რომელი უფრო უხდება იმ კონკრეტულ ფორმას. ხანდახან, უბრალოდ ჩემს ნამუშევრებში ვიქექები, რათა ვნახო, ბოლო ხანებში რომელ ფერში არ მიმუშავია და იმას ვიყენებ.

 

უამრავ შთამბეჭდავ პეიზაჟს იყენებ შენი ნამუშევრებისთვის. რა კავშირია შენსა და ბუნებას შორის და რა გავლენას ახდენს ის ფილიპ ჰოდასზე, როგორც ხელოვანზე?

სამწუხაროდ, რაც ქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად, უფრო ნაკლებ დროს ვატარებ და ბუნებასთან კავშირი, ფაქტობრივად, აღარ მაქვს.

როგორც ხელოვანი რას ფიქრობ, რა არის შენი მთავარი ხიბლი და რა გამოგარჩევს სხვებისგან?

ვფიქრობ, მე ერთმანეთთან საკმაოდ უჩვეულო ელემენტებს ვაკავშირებ. მრავალფეროვანი სტილი და ტექნიკაა არეული ჩემს კომპოზიციებში და ალბათ, უამრავი ადამიანი პოულობს მათში იმ დეტალს, რაც მოსწონს.

 

რა არის ციფრული ხელოვნება?

ციფრული ხელოვნება ჩემთვის მხიარულების უსაზღვრო წყაროა.

შეგიძლია შენი შთაგონების წყაროებზე გვიამბო?

ყოველთვის მომწონდა behance-ს თვალიერება, მაგრამ ამ ბოლო დროს, იქ საინტერესოს ნაკლებად აღმოაჩენ. შემდეგ, რა თქმა უნდა, Beeple, Joey Camacho და სხვა ხელოვანები. ასევე, ძალიან მიყვარს ლანდშაფტების ფოტოები და სხვადასხვა სამეცნიერო და ფენტეზი ილუსტრაციებსა და ნახატებში ძრომიალი.

რა არის ხელოვნების აზრი და რას ამბობ შენი ნამუშევრებით?

კომპოზიციების შექმნა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ თავი მეიძულებანა, რაღაც მეკეთებინა და ჩემი უნარები 3D პროგრამაში დამეხვეწა. ჩემი ნამუშევრები, ძირითადად, გართობა და ექსპერიმენტები უფროა, ვიდრე რაღაც მესიჯი ხელოვნებაში.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია/ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest