ესპანელი დიზაინერის კრისტობალ ბალენსიაგას (Balenciaga) მიერ 1919 წელს დაარსებული იგივე სახელწოდების სამოდელო სახლი, წლების განმავლობაში რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. კრისტობალი ცნობილი იყო, როგორც უკომპრომისო სტანდარტების დიზაინერი; მისი უცნაური, ფემინური და ამავდროულად ულტრა თანამედროვე ფორმები, სამოდელო სახლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდნენ.

დროთა განმავლობაში ბალენსიაგას დიზაინერები იცვლებოდნენ, იცვლებოდა ნამუშევრების სტილიც, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში, სამოდელო სახლი მაინც რჩებოდა ლიდერად მოდის სამყაროში და აოცებდა მნახველს დახვეწილი ფორმებითა და უნიკალური დიზაინით, ხარისხიანი ქსოვილებითა და ყველასგან გამორჩეული, დამოუკიდებელი ფორმებით. აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგას სამოდელო სახლს დღესდღეობით ფრანგული საერთაშორისო კომპანია კერინგი (Kering) ფლობს.

ამჟამად ბალენსიაგას ქართველი დიზაინერი, 35 წლის დემნა გავსალია ხელმძღვანელობს. მან ალექსანდერ ვანგი (Alexander Wang) 2015 წელს ჩაანაცვლა.

ახლახანს მოდის სახლმა Pre-AW16 კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც ცნობილი და ლეგენდარული მოდელები Stella Tennant, Julia Nobis და Marland Backus წარმოადგენენ. კოლექციაში დიდი ზომის „კაპიშონები“, ყვავილებიანი პრინტები და მაღალი ჩექმები შედის. აღსანიშნავია, რომ ეს სტილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიასთვის არის დამახასიათებელი და მისი ხელწერის ნაწილია. კოლექციაში შავ ფერს ყვითელი, ცისა და სისხლისფერი აბალანსებს. გამოყენებულია როგორც შალის, ასევე ბეწვის მატერიები, რაც კარგად უსვამს ხაზს, თუ როგორ თამამად ფლობს დიზაინერი თითოეულ აქ წარმოდგენილ მასალას. კოლექცია დახვეწილი ქალისთვისაა, თუმცა მასში უფრო მეტი მამაკაცური ელემენტები ჭარბობს, იგი კარგი გამოსახულებაა ძლიერი ქალის სილამაზისა.

ამ კოლექციას ესთეტიურ ღირებულებას დეტალები სძენს, რომელშიც კარგად იჩენს თავს დიზაინერის სურვილი, თავისი დამოუკიდებელი, მკვეთრი ხაზი შესძინოს ამ კოლექციას. მთლიანობაში ნამუშევარი ბალენსიაგას მკაცრად გამოხატულ სტილად შეიძლება ჩაითვალოს, ის უხვევს „ლამაზი“ სამოსის სტანდარტს და თავისი ფორმებით დამოუკიდებელ, მკაცრ და ამავდროულად გემოვნებიანს ხდის თანამედროვე ქალის სამოსს. დემნა გვასალაიამ სახელი Vetements-ით გაითქვა; ეს არის პარიზში დაფუძნებული, დიზაინერთა კოლექტივი, რომლის დიზაინიც სიმარტივითა და ახალგაზრდული ენერგიით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორობამდე, დემნა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ში დიზაინერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

 

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest