„ჩვენი მოვალეობაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი პლანეტა, რომელიც იქნება სახლი არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე.“ – დევიდ ათენბოროუ (პლანეტა დედამიწა II)

დასაწყისი

მაშინ როცა უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს, პრიცკერის პრიზის 2016 წლის ლაურეატი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა სოციალური სახლების მშენებლობებით ხედავს მსოფლიო სიღარიბისა და საცხოვრებლების პრობლემის გადაჭრის გზას, გერმანელი პატრიკ შუმახერი, ამჟამად „ზაჰა ჰადიდ არქიტექტორების“ სტუდიის ხელმძღვანელი, იგივე კრიზისის მოგვარებას ლონდონში, სწორედ რომ სოციალური საცხოვრებლების დანგრევითა და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სივრცეების შენობებით ჩანაცვლებით აპირებს.

ამ ორ ადამიანს საერთო ერთი რამ აქვთ, ორივე „ვარსკვლავი“ არქიტექტორია ამბიციური იდეებით. ამას წინათ ვფიქრობდი, ამ ორიდან, რომელი მოსაზრებაა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქებისთვის უფრო ხელსაყრელი, მაგრამ ბოლო ათწლეულია, რაც პატრიკ შუმახერის ხედვების მსგავსად, თბილისის საჯარო სივრცეები ინვესტორების ბიზნეს გეგმებს ეწირება, შედეგად კი მგონია დადებითი არაფერი მივიღეთ.

თუმცა ეს სტატია არავენა-შუმახერის იდეებს არ ეხება, აქ იმაზე ვისაუბრებ, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს საყვარელ დედაქალაქს იყოს უკეთესი და ერთ-ერთი საუკეთესო თავისი მოქალაქეებისთვის.

ოდესღაც თბილისი ნამდვილად ლამაზი ქალაქი იყო, თავისი მადათოვის კუნძულით, მტკვარზე გადმოკიდებული აგურის სახლებით, წყლის წისქვილებითა და თუნუქის წითელი სახურავებით. შეიძლება ნაკლებად კომფორტული, სუფთა და გამწვანებული, მაგრამ იმაზე მშვენიერი ნამვილად იყო, ვიდრე ახლაა. ამას ნეგატიური განწყობით არ ვამბობ, ცხადია, დღევანდელ თბილისსაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ჩვენი ქალაქის ავთენტური სახე, რომელიც პირველ შავ-თეთრ ფოტოებზე ახლა ასეთი ეგზოტიკური გვეჩვენება, მაინც სულ სხვაა, განსაკუთრებული და ინსპირაციებით სავსე. გავა ათწლეულები და მომდევნო თაობებს ახლანდელი თბილისიც ეგზოტიკურად მოეჩვენებათ, მაგრამ ამაზე სხვა სტატიაში, სხვა დროს…

ქალაქის სწორად განვითარებისთვის ბევრი რამაა საჭირო და ამათგან ყველაზე მთავარი, ის მმართველობაა, რომელიც ამ პროცესებს ხელმძღვანელობს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქს უუნარო მმართველობა ჰყავს და ურჩი დეველოპერების გავლენის ქვეშ ექცევა. მაგალითად, ვაკის პარკში დაწყებული სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა, სწორედ სამოქალაქო აქტივიზმა შეაჩერა და ახლა იმ ადგილას საძირკვლის დიდი ორმოა, რომელიც სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი იქნება, რადგან 21-ე საუკუნის თბილისისთვის რეკრეაციული ზონების მოდერნიზება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი. არასდროს არ დასმულა საკითხი, ამ ზონებში პრივატიზებული ნაკვეთების გამოსყიდვისა და იქ საჯარო სივრცეების მოწყობის, თუმცა უკვე არსებულ სკვერებში ნიშნების: „ძაღლმა არ მოკუკოს“ განთავსება დღის წესრიგში ნამვილად დადგა, ბიუჯეტი გამოიყო და განხორციელდა კიდეც.

 

რა აკლია თბილისს?

როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, თბილისსაც უამრავი რაღაც აკლია. პირველ რიგში ალბათ ეს ჩამონათვალია იმისა, რაც მას აკლია, მერე ამ სიაში პრიორიტეტების გადარჩევა და შემდეგ შემსრულებელი გუნდის ჩამოყალიბება.

ურბანული თვალსაზრისით თბილისი ამჟამად საკმაოდ რთული ქალაქია, რადგან დროთა განმავლობაში ბევრი დაგაუჭრელი პრობლემა დაგროვდა. სარეკრეაციო ზონებისა და პარკინგის ნაკლებობა, ამის გამო მანქანების მიერ ჩახერგილი ტროტუარები, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უამრავი ავტომობილი და არასავალდებულო ტექდათვალიერება… ეს ყველაფერი ბოლო წლებია საზეპიროებივით ვიცით და დაუსრულებლად ვსაუბრობთ ამის შესახებ, მიზეზი კი ისაა, რომ ისინი არ გვარდება, შესაბამისად, ქალაქს პრობლემები ემატება და ცხოვრება უფრო და უფრო არაკომფორტული ხდება. ერთი შეხედვით, თითქოს მათი მოგვარების რეალური გეგმაც უნდა იყოს უკვე, მაგრამ ვერც ერთ ჩამოთვლილ საკითხში, წინ ვერ ვიწევთ, განუწყვეტლივ ერთ ადგილს ვტკეპნით და ამ თემებზე ამდენი წერაც და საჯარო პროტესტიც წყლის ნაყვას ემსგავსება.

 

თავი I. მტკვარი

მადათოვის კუნძული ვახსენე სტატიის დასაწყისში. XX საუკუნის 20-30-იან წლებში მდინარე მტკვრის კალაპოტში ჩასმა და ამ საინტერესო ადგილის ხმელეთთან მიერთება ახლანდელი გადმოსახედიდდან საერთოდაც არ მეჩვენება გონივრულ გადაწყვეტილებად, მაგრამ მტკვარს შემდეგ უფრო უარესი დღეები დაადგა და ამას თითქოს ვინღა ჩივის. ქვეყნის მთავარი მდინარე, რომელიც ზამთარში ბლანტი ტალახისფერია და ზაფხულში ლურჯ და მწვანე ტონალობებში თამაშობს, ცას ბუნდოვნად ირეკლავს. მტკვარს, რომელსაც ქალაქი აქტიურად უნდა იყენებდეს და უამრავი ადამიანის მასპინძელი იყოს, პარალიზებულია და ფუნქცია დაკარგული. გველივით დაკლაკნილი ამხელა მასა ისეა იგნორირებული, თითქოს არც არსებობს, ის უმნიშვნელო დეტალია ქალაქის ურბანულ გარემოში. ყველასგან დავიწყებული, უუნარო და უინტერესო.

(თუმცა მდინარის იგნორირების მაგალითი ქართულ სივრცეში ეს პირველი არაა, „ვერარეჩკას“ გვირაბში გამომწყვდევამ რა შედეგი მოიტანა ცხადად ვიხილეთ იმ ტრაგიკული ივნისის თვეში.)

თავიდან მდინარე მტკვარი ტივებისა და ბორნების სამეფო იყო, ბავშვების საყვარელი საბანაო და ყველაზე ხალისიანი, რაც თბილისს გააჩნდა. დღეს მისი ასეთი საწყალი ყოფა საერთოდ არაა სახარბიელო, მით უმეტეს, რომ მისი „მკვდრეთით აღდგენის“ საკითხი ჯერ კიდევ არ დამდგარა დღის წესრიგში. ძველებურად საშინელი სუნით, ჭუჭყიანი და ნაპირ შელახულია. არადა, უკვე მსოფლიოს რამდენმა ქალაქმა მიაგნო მდინარის სწორად გამოყენების გზას, სანაპიროებზე საფეხმავლო და ველო ბილიკები და გასართობი ზონები ეწყობა, რაც ბევრი ხალხისა და შინაური თუ გარეული ცხოველების შეკრების ადგილი ადვილად ხდება. ჩვენს ქალაქში კი, სადაც ამხელა მტკვარი მოედინება, ახლა თითქოს წარმოუდგენელიც კია ზედ არსებული რეკრეაციული სანაპიროები და ნავები, საიდანაც დანახული თბილისის ხედები ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ რომ დავფიქრდეთ არარეალური და განუხორციელებელი აქ არაფერია.

ტექნიკური თვალსაზრისით საფეხმავლო/რეკრეაციული ზონები ადვილად შეიძლება დაგეგმარდეს მტკვრის უმეტეს მონაკვეთზე, იქ სადაც მდინარის ვიწრო ყელია, სანაპიროები ერთმანეთს საფეხმავლო ხიდებით შეიძლება დაუკავშირდეს ან უბრალოდ დამთავრდეს ერთი მონაკვეთი და მეორეზე მოსახვედრად ტროტუარი იქნას გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ მტკვარი განსაკუთრებით განიერია ორთაჭალისკენ და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიცია შეიძლება სწორედ იქ განთავსდეს, ამ საკითხში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის არა მხოლოდ ცენტრალური, ასევე გარე უბნებიც დაიტვირთოს. მეტი წარმოდგენისთვის ვურთავ უცხოურ მაგალითებს მდინარეებისა, რომელიც სხვადასხვა ქალაქებმა თავისი ურბანული გარემოს და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად წარმატებით აქციეს.

გადაწყდა, მტკვარი უნდა გაიწმინდოს და სარეკრეაციო ზონად გადაკეთდეს, მოეწყოს საფეხმავლო და ველო ბილიკები და სხვა საჭირო სივრცეები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ სხვა ცოცხალი არსებებისთვის, ვინც ახლომახლო ბინადრობს.

თავი II. გამოთავისუფლებული ტერიტორიები ქალაქის ცენტრში

კაცმა რომ თქვას, რა რეკრეაციული ზონის გაშენება მტკვრის გასწვრივ, სადაც უკვე არსებობს იმის პრივატიზებული ნაწილების მასობრივი ათვისება მიმდინარეობს. 2016-ში არქიტექტურის სამსახურმა გასცა ჯერ რესტორანი „ვარაზის“ დემონტაჟისა და შემდეგ მისი თავიდან აშენების უფლებაც. ამჯერად უფრო მოზრდილის, უფრო ღრმა საძირკვლით. ამჟამად ნაკვეთში საძირკვლის თხრა დასრულებულია და ბეტონის ჩასხმა იწყება, სულ მალე კი თბილისის პირველი უნივერსიტეტის წინ კვლავ რესტორანი აშენდება, თითქოს რესტორნად ქცეულ თბილისს საკვები ობიექტები აკლია.

ვარაზის ხევის ფოთლოვანი და ნაძვნარი რეკრეაცია ასეც და ისეც მოუვლელია. მანქანები შეუზღუდავად აპარკინგებენ ხეების ქვეშ, იქ სადაც მწვანე ზოლი უნდა იყოს სკამებითა და ბუჩქების კედლებით, ახლა მოუვლელ ტერიტორიადაა ქცეული. მთავრობა, რომელიც მთლიანად დეველოპერის სურვილებსაა მორგებული, ვერასდროს უზრუნველყოფს მოქალაქის კომფორტსა და ჯანსაღ გარემოში არსებობის შესაძლებლობას.

არადა თბილისის ცენტრში სხვა უამრავი ადგილია, რომლებიც წლებია ყველანაირ სასიცოცხლო პროცესებს არიან მოკლებული. რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ სხვადასხვა ტერიტორიებისა, რომლებიც რუსთაველი – მეიდანის მონაკვეთში გადავიღე.

ეს არის ადგილები, სადაც წლებია ყველანაირი მოქმედებაა შეჩერებული, ზოგგან ძველი შენობა ჩამოინგრა და ასე დარჩა, სხვაგან წლებია სამშენებელოდ გამზადებული ტერიტორიაა და ზოგის წარმომავლობაც გაურკვეველია, იმდენია ხანია ასეა, ერთ დიდ ნაგვის ურნად იქცა. არადა თითოეული ეს ადგილი სასიცოცხლოდ ესაჭიროება ქალაქს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა პარკინგის პრობლემა ასე მძაფრად დგას და მერამდენედ უნდა დავწერო, მაგრამ არაა ეს სკვერები და საკმარისი რეკრეაცია ამ ქალაქში და რა ვქნა. ამასწინად ვფიქრობდი რა სჭირდება თბილისს და რა შეიძლება ამ ადგილებში განთავსდეს მეთქი და მაგალითად, ისეთი ადგილი სჭირდება, სადაც ჩემს ძაღლს გავასეირნებ და ის სხვა ცუგოებთან ერთად ირბენს სპეციალურად მათთვის შემოღობილ ტერიტორიაზე;

*სკვერი, სადაც ჩემს უნარშეზღუდულ პატარა მეგობარს ეტლით მივიყვან და ადაპტირებულ მოედნებზე ერთად ვითამაშებთ;

*პარკი, თუნდაც ძალიან პატარა წყლის ავზით, სადაც ცანცარა ცხოველები და ფერად ბუმბულიანი ჩიტები წყურვილს მოიკლავენ და იქვე ხეებზე მათთვის მოწყობილ სახლებში იცხოვრებენ.

*ადგილი მზიან ამინდში ლანჩზე მეგობრებთან ერთად პლედზე წამოსაკოტრიალებლად და გემრიელი სენდვიჩების დასაგემოვნებლად.

*პაწია სივრცე, სადაც ხელოვანები პერმანენტულად გამოფენენ თავიაანთ ინსტალაციებს ყველანი ძალიან ვიამაყებთ, ან პირიქით.

*მოდერნიზებული ავტოსადგომი, სადაც მეხუთე სართულზე მანქანას გავაჩერებ და იქიდან ფეხით მივალ დანიშნულ ადგილას…

…და სხვა ბევრი მცირე ზომის სივრცეები, რომლებიც იარსებებენ ქალაქის ცენტრში, ხან შეუმჩნევლადაც კი, მაგრამ ყოველთვის იქ არიან და ქმნიან ისეთ ურბანულ გარემოს თბილისში, რომლებიც მანამდე არც გვეგონა თუ გვჭირდებოდა. ადგილები, რომლებიც ხელს შეუწყობს თბილისის ეკო სისტემის აღდგენას, რომ ყველა გაქცეული ცხოველი და ფრინველი ისევ დაუბრუნდეს ქალაქს და ჰარმონიულად იარსებონ ადამიანების მიერ სწორედ მათთვის შექმნილ სივრცეებში.

ასე რომ, პრივატიზებული ტერიტორიები უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ და შექმნას ახალი საჯარო სივრცეები სხვადასხვა საჭირო და აუცილებელი აქტივობებისთვის.

თავი III. ყოფილი იპოდრომი

Google-ში ნიუ-იორკს თუ დაძებნით, საუკეთესო ფოტოებს „ცენტრალ პარკის“ ხედით იპოვით, ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტების ტერასებიც ამ პარკზე გამოდის. Pocket square-ებსა და სხვა მომცრო ზომის სივრცეებს თუ არ ჩავთვლით, ცენტრალ პარკია ის მთავარი მწვანე ძარღვი, რომელიც ამხელა მონსტრს ასაზრდოებს, მის გარეშე ნიუ-იორკი ერთი დიდი და ჭუჭყიანი ჰაერის გროვა იქნებოდა.

ლონდონში იგივე ფუნქცია „ჰაიდ პარკს“ აკისრია, თუმცა ამის გარდა აქ უამრავი სხვა ტყეა შუა ქალაქში, უამრავი ცხოველითა და ფრინველით. იმის თქმა მინდა, რომ დიდ და ასეთ მიმზიდველ ქალაქებში ყოველთვისაა ის რეკრეაციული ზონები, რომლებიც რაც მეტია მით უკეთესი და ასაზრდოებს ქალაქის ეკო სისტემას. თბილისში, მაგალითად, გვაქვს ვაკის პარკი, დედაენის ბაღი, კუს ტბა, ლისის ტბა და საბედნიეროდ კიდევ ბევრი სხვა სივრცე, მაგრამ აი კულტურა ყოველდღე იქ სიარულისა და პლედებზე წიგნის კითხვის არც ისე პოპულარულია მოსახლეობაში.

თბილისის იმ ნაწილში, სადაც ყოფილი იპოდრომი მდებარეობს, მშენებლობების ბუმია. ყველაფერი გაყიდულია კერძო ინვესტორზე, ყველგან კორპუსი შენდება, არსად პარკინგი არაა, სასუნთქი ჰაერიც არაა. მიუხედავა ამისა, ესაა ერთადერთი ადგილი, რომელიც ხალხის რაოდენობით ყოველთვის გამოირჩევა. ფრიზბი, ძაღლები, რაგბი, ყველაფერი ჰარმონიულად ვითარდება ამ სივცეში და მიუხედავად ამისა ეს ამხელა მასა მაინც მოუვლელი „დევს“, შევიწროებული ყოველი მხრიდან, ის კი არა, მისი ინვესტორისგან გადარჩენის საკითხიც კი დადგა.

ყოფილი იპოდრომის ამ ტერიტორიას აქვს ყველაზე კარგი შესაძლებლობა და პოტენციალი გახდეს ანალოგი „ჰაიდ პარკის“ ან „ცენტრალ პარკისა“ და ამას ისე არ ვამბობ, თითქოს ყველაფერი უცხოური კარგია უნდა გადმოვიღოთ. პირიქით, ჩვენით, აქ დამოუკიდებლად უნდა შევქმნათ მულტიფუნქციონალური სივცე, ადგილი, სადაც პარკებში ჯდომისა და თუნდაც მორბენალი კურდღლებისა და ხეებზე ციყვების დანახვა აღარავის გაუკვირდება; (წარმოიდგინეთ ჩვენთვის რამხელა ბედნიერება იქნება ერთი ქეციანი ციყვის გადასკუპებაც კი, მაგალითად, დედაენის ბაღში)

ადგილს, სადაც იდეალურად გაატარებს ყველა ასაკის ადამიანი დროს და ეს გახდება 21-ე საუკუნის პირველი გააზრებულად დაგეგმილი პარკი თბილისში და რათქმაუნდა, დიდი ჟრიამულის კერა.

გადაწყდა, ყოფილი იპოდრომის ნაცვლად იპოდრომის პარკი გაშენდება.

დასარული

მოზრდილი სტატია კი გამოვიდა, მაგრამ თითქოს რა უნდა ამ ყველაფრის განხორციელებას: სახელმწიფო პრიორიტეტად დაისახავას თავისი ქალაქების სწორად განვითარებას, შესაბამისად, გაწერს რამდენიმე წლიან გეგმას, თან გამოისყიდის და თან პროფესიონალებთან თანამშრომლობით მოდერნიზებას გაუკეთებს იმ მკვდარ ადგილებს, რომლებსაც დიდი ხნის ნადები გვამის სუნი სდით და რომლებიც ახლა ასე სჭირდება თბილისს. ცხადია, ერთ და ორ წელში არავინ ელოდება ამ პროექტების განხორციელებას, მაგრამ მის შესახებ უკვე უნდა ვისაუბროთ და ამ პროექტების ამუშავებას ახლავე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. არადა გარეუბნებში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა თბილისში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ეკო სისტემა და ცხოველ-ფრინველებმა ისევ მოიბრუნონ პირი ჩვენსკენ.

თუ არ დარეგულირდა თბილისის ასე მჭიდროდ განაშენიანება, ყველა დარჩენილი ადგილის ათვისება და პირიქით, არ გამოთავისუფლდა ადგილები საჯარო სივრცეებისთვის, მალე ქალაქი თავისივე უჰაერობაში ჩაიხრჩობა და მოსახლობასაც თან ჩაიყოლებს.

 

პ.ს. თბილისის მომავალზე ვამბობდი; როგორც ახლა დავფოფინებთ თბილისის პირველ შავ-თეთრ ფოტოებს, ათწლეულების მერეც ასე ეგზოტიკურად მოეჩვენებათ დღევანდელი თბილისი მომავალ თაობებს. მაგრამ თან ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდა და არაფერი ეშველა ქალაქს, ეგზოტიკა კი არა, აღარცერთი ის დეტალი არ დარჩება, რამაც თბილისი შექმნა, დღემდე მოიყვანა და ასეთ არაჩვეულებრივს ხდის.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest