ფერი, რომელსაც ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე(და ამ ტალღის სიგრძე) განსაზღვრავს, პირობითად შეიძლება განსაზღვრულ ბგერას შევუსაბამოთ. (ბგერა აკუსტიკური ტალღის სიხშირეს წარმოადგენს).

ასე მაგალითად, წითელ ფერს ყველაზე დაბალი სიხშირე აქვს, ხოლო მისი ტალღის სიგრძე ყველაზე გრძელია. შესაბამისად, ცისარტყელის ფერებს თუ შევხედავთ მეორე ბოლოში მყოფ იასამნისფერს ყველაზე დიდი სიხშირე აქვს და ყველაზე მოკლე ტალღა.

სინათლისა და ბგერის შედარება იმისათვის დამჭირდა რომ განვიხილო ორი საკონცერტო დარბაზი და შევადარო მათი არქიტექტურული იერსახე და დარბაზების ინტერიერის კონცეფცია.

პირველი ეს არის პროექტი, რომელიც წარმოადგენს საკონცერტო დარბაზს ამსტერდამში, სახელად “BIMHUIS”. ის ეკუთვნის ჰოლანდიურ ჯგუფს “3XN” და მისი არსებობა ზუსტად 10 წელს ითვლის.

ნაგებობის სტრუქტურა მარტივია, ბეტონის მოცულობა, მინის ფასადი, აქცენტირებული გამობმული “ყური”, რომელსაც ცალკე კონსტრუქცია იჭერს.

ერთი “მფრინავი” ბრტყელი გადახურვის ქვეშ ყველა ფუნქციური ზონის მოქცევა, არც თუ ისე ახალია და ბევრგანაც გვხვდება, მაგალითად, ბევრად უფრო დახვეწილია ეს ელემენტი ჟან ნუველის ლუცერნის კულტურისა და კონგრესის ცენტრში.

აქ სრულიად არის მიღწეული გამჭვირვალობა, დარბაზის ყრუ მოცულობას გარშემო სამი მხრიდან გამჭვირვალე ფასადი აკრავს, ატრიუმი, რომელშიც პარადული კიბეა მოქცეული, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივადაა განათებული.

მაგრამ მთავარი და მიმზიდველი ამ შენობაში არის ის რომ, მთავარი დარბაზი, რომელიც 800-მდე ადამიანს იტევს, გარედან ერთი შეხედვით მოსაწყენი ბეტონის “ყუთი”, შიგნიდან სრულიად ახალ საინტერესო უნიკალურ სივრცედ წარმოგვიდგება. კერძოდ, აქ მსმენელს მუსიკის აღქმაში ვიზუალური მხარეც ეხმარება. მუსიკალური ეფექტის გასაძლიერებლად აქ სპეციალური სისტემის მეშვეობით საკონცერტო დარბაზის კედლები (ხის პანელებს მიღმა უნიკალური განათების სისტემაა დამონტაჟებული) მუსიკის ჰანგების ტონალობის მიხედვით იცვლება.

 

 

მეორე საკონცერტო დარბაზი, რომელიც სტრუქტურულად და იდეურადაც მსგავსია, არის ჰარპას საკონცერტო დარბაზი (რეიკიავიკი, ისლანდია). ეს შედარებით გვიანდელი პროექტია, ის 2011 წელს დასრულდა. ფასადი ჰენინგ ლარსენის სტუდიოს ცნობილ დანიელ არტისტ ოლაფურ ელიასსონთან კოლაბორაციით გაკეთდა. წითელი დარბაზის ინტერიერის დიზაინი ისლანდიურ ჯგუფს Batteríið Architects ეკუთვნის.

ფასადი აქაც სრულიად გამჭვირვალეა. საინტერესოა კრისტალის კონცეფციაზე შექმნილი ელემენტები. ბუნებრივი განათება მთავარი მონაწილეა ფასადის ვიზუალში. ნაწილი მინებისა წარმოადგენს – dichromatic glass, ეს არის მინის კომპოზიციური მასალა,რომელიც არ ატარებს მზის სხივს და იმის მიხედვით თუ რა კუთხიდან უყურებ ან როგორია განათების ინტენსივობა ირეკალავს მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ ან მათ შემსავსებელ ფერებს.

ინტერიერის წამყვანი თემა აქაც შემინული ფასადით განათებული საერთო სივრცეა, თუმცა აქ ინტერიერი მეტადაა დატვირთული ფართო არასდანდარტული კიბეებით.

რაც შეეხება თავად საკონცერტო დარბაზს, აქ განვიხილავთ სამიდან ერთ-ერთს, ყველაზე დიდ დარბაზს, რომლის ინტერიერი სრულიად წითელია.

 

 

ამ ორი საკონცერტო დარბაზს საერთო აქვთ ის, რომ ორივე პროექტში, ფერი გამოყენებულია როგორც დამატებითი საშუალება ბგერის უკეთესად აღქმისათვის და შთაბეჭდილების გაზრდისათვის.

პირველ შემთხვევაში საკონცერტო დარბაზის ინტერიერი ნეიტრალურ ფერშია გადაწყვეტილი, კედლები ხის პანელებითაა მოპირკეთებული, ფერი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც მუსიკა გაისმება.

მეორე შემთხვევაში, გვხვდება აგრესიული წითელი ფერის ინტერიერი, რომელიც თავის მხრივ უკვე გავლენას ახდენს მსმენელზე, ზოგადად წითელი ფერიც ცნობილია იმით რომ ააქტიურებს ადამიანის ყურადღებას, ემოციურად და გონებრივად “აღვიძებს” მას.

ამგვარად, წინამდებარე მაგალითბი აჩვენებს თუ როგორ შეიძლება ფერმა და ბგერამ თანაიარსებონ და ერთმანეთი გააძლიერონ არქიტექტურულ ნაგებობში. ორივე შემთხვევაში, სასურველი შედეგის მისაღწევად ფერი გამოყენებულია, როგორც დამხმარე კომპონენტი მუსიკის აღქმის გაძლიერებისთვის.

 

p.s. ვფიქრობ, აქ განხილული მაგალითები სინესტეთიკებისათვის განსაკუთრებით საინტერესო სივრცეები იქნება.

 

 

ავტორი: თათა გაჩეჩილაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest