კოკოლისო, კოკოლისა…

მინდა წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა ფოტოგრაფი გოგო, კოკო კაპიტანის თვალით დანახული მოდის სამყარო.

შემოქმედებითი ნაწილი მის ცხოვრებაში თინეიჯერობის შემდგომ ასაკს მოჰყვა, მანამდე კი ფიქრობდა, რომ დიპლომატიას გაყვებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა. დროთა განმვალობაში კოკოს ცხოვრებისეულმა გზამ მიმართულება შეიცვალა, როგორც მან deFUZE Magazine-თან განაცხადა: „მე არ ვსწავლობდი ხელოვნებას სკოლის ბოლო წლებში. ჩემი სპეციალიზაცია ძველი ენები და ლიტერატურა იყო. მზად ვიყავი, ჩამებარებინა სამართალის ფაკულტეტი, მაგრამ სკოლის ბოლო გამოცდის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რისი კეთებაც ნამდვილად მსურდა, ამიტომ ჩავალაგე ნივთები, ავიღე კამერა და გადავბარგდი ლონდონში. „

კოკოს ტენდეცია – იყოს სტუდიის ფოტოგრაფი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია იმუშაოს, მაგალითად, ლონდონის უამინდობაში, უბრალოდ, მისი აზრით, ასე უფრო მოქნილი და თავისუფალია თავის ქმედებებში. ქასთინგებს თითქმის ორ თვეში ერთხელ ატარებს. სხვათაშორის, მის ობიექტივში ქართველი მოდელი ელენსიო, იგივე ელენე მახარაშვილიც მოხვდა. ამ სურათებს პირველად ჟაკემუსის ლუქბუქების თვალიერებისას წავაწყდი, სიმართლე გითხრათ, სიგიჟემდე მომეწონა, გულის სიღრმეში კი ძალიან ამაყი ვიყავი.

კოკოს ფოტობიოგრაფიაში შედის ცნობილი მოდის სახლის Maison Martin Margiela–ს გაზაფხული–ზაფხულის 2015 წლის კოლექცია. სიტყვებით აღუწერელია, თუ როგორ ბუნებრივად და გრაციოზულად გამოიყურება კოკოს კაპიტანის ფოტო–გადაღებები, ხოლო მისი მუშაობა განათებასთან, მნახველზე დიდ გავლენას ახდენს.

ყველა ფოტოგრაფმა იცის თუ რა ძნელია იპოვო გზა წარმატებისაკენ, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში და ი მგარემოში, სადაც ამ სფეროში უდიდესი კონკურენციაა, თუმცა კოკოსთვის შესაძლებელი აღმოჩნდა ყოფილიყო ყველასგან გამორჩეული. ეს ყოველივე კი დიდი შრომის შედეგად არის მიღწეული – მისი დროის უმეტესი ნაწილი ჩაბნელებულ ოთახში გადის, რადგან ის ამჟღავნებს და ასკანირებს გადაღებულ ნამუშევრებს.

„არასრულყოფილება ჩემია, ყველაფერი აბსოლუტურად არასრულყოფილი უნდა იყოს. მე არაფერი არ მაქვს ფოტოშოპის საწინააღმდეგო, მხოლოდ ცუდი გემოვნება შეიძლება იყოს საფრთხის მომასწავლებელი.“ – თქვა მან deFUZE Magazine-თან ინტერვიუში.

ყოველივე აქ ნათქვამი კიდევ არ არის საკმარისი მიზეზი იმისა, რომ შევიყვაროთ ეს ხელოვანი ადამიანი. კოკოს ინვიდუალიზმი მის ნამუშევრებზე უფრო საინტერესოა. თქვენ კი, ვინც ამას კითხულობთ, ეცადეთ იყოთ ბუნებრივები, რადგან როგორც კოკო იტყოდა, სწორედ სიმარტივეა სილამაზის გასაღები.

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest