ინტერიერი: ლიზკა ზაუტაშვილი

ფოტო: ნატო ბაგრატიონი

მდებარეობა: საქართველო, თბილისი, აბაშიძის ქ. 14

 

თბილისს კიდევ ერთი საინტერესო სივრცე შეემატა, რომლის ინტერიერიც არქიტექტორებთან და დიზაინერებთან ერთად, მოდისა და უბრალოდ გემოვნებიანი სამოსის მოყვარულებსაც გაახარებს. განახლებული CO.MODE -ს დიზაინზე ახალგაზრდა ხელოვანმა, ლიზკა ზაუტაშვილმა იმუშავა და აქ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ნაწარმია წარმოდგენილი.

ფასადი საკმაოდ არატიპურია, მისი გარკვეული ნაწილი გაუმჭვირვალეა და მინაზე დატანილი გამოსახულებით დეკორირებული. კოსტიუმებისა და მანეკენების გამოსახულებები სქემატური და გეომეტრიულია. ისინი სათარგედ გამზადებულ მასალას გავს და ორ ფერში შესრულებული მკაფიო ხაზებისა და წერტილების თამაშის ხარჯზე, მომგებიანად ფარავს შიგნით განთავსებულ სამუშაო და დამხმარე სივრცეებს. ვიტრინის გამჭვირვალე ნაწილი კი გარედან შემოხედვის საშუალებას იძლევა და ინტერიერის ძირითადი ფართის ვიზუალს ქუჩიდანვე ხილულს ხდის.

CO.MODE-ში, ინტერიერში ფერი მხოლოდ წარმოდგენილი პროდუქტის ქსოვილისა და აქსესუარების ხარჯზე შემოდის. ძირთადი სიბრტყეები რამოდენიმე ნეიტრალურ ტონალობაშია გადაწყვეტილი- ბეტონის, ხის და თეთრი ზედაპირები. თაროები და საკიდები ლაკონურია და ხაზოვანი. განლაგების მიხედვით, ისინი შავი და თეთრი ფერის კომბინაციით არის მოცემული. სტუმრებისთვის კომფორტის შესაქმნელად, ხის ტუმბოები აქა-იქ გაფანტულად გვხვდება და ინტერიერში ოდნავ ქაოტური და მიულაგებელი ხელოვანის სახელოსნოს შთაბეჭდილებას ქმნის. საბოლოო ჯამში, ტანსაცმლის მაღაზიის ფუნქცია წარმატებით არის შესრულებული, CO.MODE-ში მისულებს ყურადღება მთლიანად პროდუქციაზე დაგხვდებათ გადატანილი, ამ შემთხვევაში ინტერიერი მხოლოდ “იარაღია” მოცემულ გარემოში კომფორტის შესაქმნელად.

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest