ყველასთვის ცნობილ ხელოვანთა დუოს, „ქრისტო და ჯინ კლოდი“-ს ერთ-ერთი „ნახევარი“ქრისტო იავაშევი,, 40 წლის შემდეგ კვლავ ეწვევა იტალიას ახალი პროექტით.

ჯინის გარდაცვალების შემდეგ (2009 წლის 18 ნოემბერი) ქრისტო დიდი ხანი არ ჩანდა შემოქმედებით ასპარეზზე და ბევრი ფიქრობდა, რომ მან ხელოვნება მიატოვა, თუმცა 2016 წელს ის ახალი ინსტალაციით „The Floating Piers” (მოტივტივე პირსი) ბრუნდება. „მოტივტივე პირსი“ ქრისტოს მეორე ფართო მასშტაბიანი პროექტია. მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს და სხვა პროექტების მსგავსად, ხელოვანის ნამუშევრების გაყიდვებიდან შემოსული თანხით იქნება დაფინანსებული.

18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, იზეოს ტბა (სიდიდით მეოთხე ტბა იტალიაში) განახლებულ და განსხვავებულ იერსახეს მიიღებს. პოლიეთილენის 200000 კუბისგან შემდგარი მკვრივი მოდულური მცურავი ნავმისადგომი, 70000 კვ. მ ყვითელი, კაშკაშა ნაჭრით იქნება დაფარული და ტბაში, სანაპიროს გასწვრივ ერთგვარ ბილიკს შექმნის. იგი წყლის ტალღებთან ერთად იმოძრავებს, გაიმეორებს მათ ფორმებს და მოსიარულეთათვის დაუვიწყარი გამოცდილების წყარო იქნება. აღსანიშნავია, რომ 16 დღის შემდეგ პირსი დაიშლება და გამოყენებული მასალა ინდუსტრიულად გადამუშავდება.

ნაკლებად ცნობილი იზეოს ტბა მილანის აღმოსავლეთიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ტურისტებს ჯერ არ მოუსწრიათ მისი დაპყრობა. 2014 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ადგილის უკეთ შესასწავლად, ქრისტომ იგი პროექტის სხვა წევრებთან ერთად მოინახულა. ტბაში ორი კუნძული, მონტე იზოლა და სან პაოლო მდებარეობს, სწორედ მათ და ქალაქ სულზანოს დააკავშირებს ერთმანეთთან 16 მეტრი სიგანის და 50 სანტიმეტრი სიმაღლის პირსი. იგი 1.5 კილომეტრზე გაუყვება სულზანოს სანაპიროს, შემდეგ ტბაში შეიჭრება და 3 კილომეტრიან ბილიკს შექმნის ზემოთ დასახელებულ სამ პუნქტს შორის. მასზე გადაადგილება ერთდროულად 17750 ადამიანს შეეძლება. ტბის გარშემო მდებარე მაღალი მთებიდან შესაძლებელი იქნება მთლიანი ინსტალაციის დანახვა. სინათლის ცვლილებასთან ერთად პირსის ფერიც შეიცვლება: დღის გარკვეულ მონაკვეთში იგი შეიძლება იყოს მუქი ყვითელი, კაშკაშა ოქროსფერი ან დასველების შემთხვევაში წითელი ელფერიც კი შეიძინოს.

„მოტივტივე პირსი“ ქრისტოს პირველი პროექტი არაა, სადაც იგი წყლის მოქნილობასა და გარდამავალ ბუნებას აქტიურად იყენებს; “Wrapped Coast” (1969), “Running Fence” (1976), “Surrounded Islands” (1983) და “Pont Neuf” (1985) ხელოვანის ის პროექტებია, სადაც წყალი მთავარ როლს ასრულებს. პირსის შექნის იდეა არტისტს დიდი ხანია რაც აქვს. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ლოკაციები ბუენოს აირესსა და ტოკიოში მოიაზრებოდა, თუმცა მთავრობის უარის გამო ის ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში ვერ განხორციელდა.

იტალიში ქრისტოს მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა მოტივტივე პირსის განთავსებისთვის ნებართვის მისაღებად. პროექტის განხორციელებაში მშენებლებთან ერთად მეცნიერები, სტრუქტურული ინჟინრები და მყვინთავები არიან ჩართულნი. სანამ მუშაობა უშუალოდ იზეოს ტბაში დაიწყებოდა, ქრისტო სხვადასხვა ლოკაციებზე ატარებდა ექსპერიმენტებს, რათა საკუთარი ჩანაფიქრის სრულყოფილებაში დარწმუნებულიყო. დეკემბრიდან მყვინთავებმა 140 ხუთ-ტონიანი ღუზების განთავსება დაიწყეს იზეოს ტბის სიღრმეში, პარალელურად, გერმანიის ერთ-ერთ ქარხანაში პირსისთვის საჭირო ნაჭრის მზადება დაიწყო. პროექტის საბოლოო ეტაპის განხორციელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება და 600 ადამიანს დაასაქმებს.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest