პროექტის ავტორი: მაშო მარგიშვილი

კონსულტანტები და სტუდია სამის ჯგუფის წევრები: გიორგი მარგიშვილი და მანანა მიქაშავიძე

დამკვეთი ვიეტნამური კომპანია: Christina’s Saigon

მდებარეობა | რუკა: ჰო ჩი მინ სითი (საიგონ), ვიეტნამი

ფოტო: ტუ ნგუიენ

3D: ჰუნ ფან

ინტერიერის ზედამხედველობა: Hung Phan-ის გუნდი | Christina’s Saigon გუნდი

“სტუდია სამი” სამი თაობის არქიტექტორებს აერთიანებს და საკუთარი სახელწოდებაც სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით შეარჩიეს. ჯგუფის ერთობლივი მუშაობის შედეგია airbnb-ს ოფიციალური რეგიონალური წარმომადგენლის, ქრისტინა’s საიგონის (Christina’s Saigon) ოფისის ინტერიერიც. დიზაინი შემუშავდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, მაშო მარგიშვილის ჰო ში მინში ცხოვრების დროს, ვიეტნამელებთან ერთად, ადგილზე მუშაობითა და „სტუდია სამის“ დისტანციური კონსულტაციებით. ოფისის გეგმარება გახსნილი და თავისუფალია. კავშირი ქვედა მოტო-ავტოსადგომისა და ზედა სხვა და სხვა ფუნქციის სართულებთან მოხერხებულად არის გადაჭრილი, ასევე ეზოსთანაც.

ავეჯის ძირითადი ნაწილიც მაშო მარგიშვილის დაპროექტებულია. თითოეული ობიექტი კონკრეტულ ადგილზე და ფუნქციაზე არის მორგებული.

თავგადასავლების მოყვარულმა ხელოვანმა ვიეტნამში მუშაობის დროს, მრავალმხვრივი – სოციალური, კულტურული და პროფესიული გამოცდილება მიიღო. ქრისტინა’ს საიგონის ოფისის პროექტიც ამ გამოცდილების ნაწილია. იდააფი პროექტის ავტორებს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

 

– ინტერიერში არსად ჩანს ტრადიციული სამუშაო ადგილები, ჩვეულებრივი ოფისისთვის დამახასიათებელი ავეჯი, რამ განაპირობა კონცეფციის ამ მიმართულებით განვითარება?

– კომპანია airbnb -ს სჭირდებოდა ვიეტნამში მთავარი ბაზა, სადაც პროცესები დარეგულირდებოდა და ყველა ერთად იმუშავებდა. სივრცე მრავალფუნქციური უნდა ყოფილიყო და გაეერთიანებინა მისაღები, სამუშაო, ბარის/სამზარეულოს, განტვირთვისა და ალტერნატიული ზონები. თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ადგილებიც აქვე უნდა განთავსებულიყო, რადგან ვიეტნამში ესპანური სიესტას მსგავსად, დღის გარკვეულ მონაკვეთში ადამიანები უბრალოდ წვებიან იქ, სადაც არიან, ამიტომ ჰამაკები და მსგავსი დასაწოლი ადგილები აუცილებელია.

დამკვეთმა თავისუფლება მომცა. მეგობრული უნდა ყოფილიყო ყველაფერი. ისეთი, რომ შემოსულ სტუმარს თავი საკუთარ სახლში ეგრძნო.

– რა იყო ადგილის ძველი ფუნქცია, ჩანს რომ ინტერიერი რეკონსტრუქციის შედეგია და როგორ ჩაიარა სამუშაო პროცესმა?

– შენობა საკმაოდ ახალია. კონკრეტულად ამ ფართს კი მანამდეც საოფისე ფუნქცია ჰქონდა. კედლები იყო შეღებილი თეთრად, ჭერი რამდენიმე დონიანი – ისე, რომ კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომლის სიმაღლეც 190 სანტიმეტრია ფაქტიურად თავზე ედებოდა. პირველი, რაც შევთავაზე იყო ამ შეკიდული ჭერის მოხსნა. მისი დემონტაჟის შემდეგ დიაგონალზე გაყვანილი კაბელები, უადგილოდ შეჭრილი მილები და სასწაული არეულობა დაგვხვდა, თუმცა კარგი ამბავი ის იყო, რომ ჭერი უფრო მაღალი გამოჩნდა და ამის მერე დამკვეთს შევთავაზე ინტერიერის ლოფტის სტილში გადაწყვეტა.

ამ ეტაპიდან უკვე ჩაერთო თბილისიდან “სტუდია სამის” ჯგუფი კონსულტაციებით. ამავე დროს ადგილზე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი მიმაგრებული ვიეტნამელებთან, რომ ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი მასალები მეშოვა. ამ თვალსაზრისით საკმაოდ რთული სამუშაო აღმოჩნდა. ისე მოხდა, რომ სამუშაოები არ იყო ბოლომდე დასრულებული როდესაც მე თბილისში წამოვედი, მერე მე ვაძლევდი სხვა ქვეყნიდან მითითებებს. დაგეგმილი იყო, რომ ერთი კედელი მომეხატა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარი.

– ქალაქის რა ნაწილშია განთავსებული შენობა სადაც ქრისტინა’ს საიგონის ოფისმა დაიდო ბინა?

– შენობა ქალაქის ძალიან საინტერესო ნაწილშია განთავსებული. აქ ადრე ნარკო რეალიზატორების აქტიური თავშეყრის ადგილი და ზოგადად ძალიან კრიმინალური, შავ-ბნელი უბანი იყო. დაახლოებით შვიდი წელი იქნება, რაც აქ აქტიურად დაიწყეს სიარული ტურისტებმა, რადგან უბანი ქალაქის ყველაზე ტურისტული ნაწილიდან 7 წუთის ფეხით სავალზეა. ამან გამოიწვია ლოკაციის პოპულარიზაცია, მოსახლეობამ სახლების გაქირავება დაიწყო, შესაბამისად გაჩნდა უსაფრთხოების გაზრდის საჭიროება, პოლიციაც გააქტიურდა. ქალაქის ეს ნაწილი ბუნებრივად განვითარდა. ეს დასახლება ამითაც ძალიან საინტერესოა.

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest