აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწა და ის, რასაც ვხედავთ სრული საოცრებაა.

გიორგი ჩხეიძე, იგივე „ჩხეო“ ქართველი არტისტია, რომელსაც ხელოვნება ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში შეუყვარდა. ბაბუა სკულპტორი იყო, ვისთანაც ის დიდ დროს ატარებდა. ახლა უკვე ნამუშევრებს დამოუკიდებლად აკეთებს, მაგრამ თავიდან ხატვით დაიწყო: „ბავშვობაში მეგონა, რომ ხატვა, როგორც პროცესი იყო ხელოვნება. დროის გასვლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ხელოვნება და ხელოვანობა ურთულესი სფეროა. კიფერის სიტყვები მახსენდება “ხელოვნება ძნელია, ეს გასართობი არაა.“ ნამდვილად ასეა – კარგად თუ ხატავ ბევრს არაფერს ნიშნავს, არც ის ნიშნავს რამეს, თუ მხოლოდ კარგი იდეები გაქვს; ხელოვნება უამრავი რამის ნაზავია, კომპლექსური და როგორც უკვე ვთქვი – საკმაოდ რთული. ხელოვნების კეთების სურვილი ადრეულ ბავშვობაში გამიჩნდა, თუმცა გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ეს უნდა მეკეთებინა საკმაოდ გვიან, დაახლოებით ათი წლის წინ მივიღე“.

ჩხეოს შემოქმედება შედგება არამარტო პერსონალური, არამედ კულტურულ-სოციალური გამოცდილებისგანაც და წარსულის გააზრებიდან არის ამოზრდილი – „რადგან ყოველთვის საინეტერესოა თანამედროვე არტის ძველ შინაარსებთან შერწყმა“.

 

მას აქვს ნამუშევრების რამდენიმე სერია: Social network girls, Metaphysical city, Metaphysical landscape, Stealing beauty და სხვ. რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, სულ ბოლოს კი, 2015-ში ნიუ იორკში გამოიფინა.

„სექტემბერში „ქართული დღეები“ ტარდებოდა, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებული იყო. ქართული თანამედროვე მოდა, ხელოვნება წარმოვადგინეთ და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო გავასინჯეთ ამერიკელებს… ჩემთვის ყველაზე ამოუწურავი ჟანრი აბსტრაქციაა, დედამიწა კი ინსპირაციის უწყვეტი წყარო. რა შეიძლება იყოს იმაზე აბსტრაქტული, ვიდრე თვითმფრინავის ილუმინატორიდან დანახული პეიზაჟები, ლანდშაფტები… ჩვენ ჯადოსნურ დედამიწაზე ვცხოვრობთ, არტისტს შეუძლია მისი თითოეული მონაკვეთი სხვადასხვანაირად გამოიყენოს, გამოკვეთოს და აქციოს მეტაფიზიკურ ვიზუალებად... ახლა ვმუშაობ ახალ სერიაზე „კონფლიქტი და გენეზისი“. იდეა ის არის, რომ კონფლიქტია დასაწყისი და აქედან იბადება სილამაზეც

რაც შეეხება მის მიერ გამოყენებულ ტექნიკასა და მასალას, ამ კუთხით ის აბსოლუტურად შეუზღუდავია, იყენებს ყველაფერს, რასაც საჭიროდ ჩათვლის კონკრეტული იდეისთვის – ტრადიციული მედიუმებით დაწყებული, უბრალოდ ნაპოვნი საგნებით დამთავრებული.

„მე ჩემი იდეების და ფიქრების არტისტი ვარ, ამიტომ არასდროს ვიცი რომელ მიმდინარეობას ან ჟანრს მივეკუთვნები. სწორედ ამაშია თანამედროვე ხელოვნების (contemporary art) მთელი ხიბლი. ჩემთვის ის ამოუწურავია“.

არტისტის შემოსავლის ძირითადი წყარო თავისი ნამუშევრებია, ამით ცხოვრობს, ეს არის მისი სამსახური. „საკმაოდ რთული ამბავია, მაგრამ მე გამიმართლა, ან უბრალოდ სწორად ვმუშაობ. მყავს უცხოელი მენეჯერები და ნამუშევრები, ძირითადად, საქართველოს გარეთ იყიდება. თუმცა, ბოლო პერიოდში აქაც საკმაოდ გაიყიდა… ქართულ არტს დღეს განათლება, გამბედაობა და პატრონი აკლია. სკოლა აკლია, სადაც ახალგაზრდებს სწორად აზროვნებასა და თავისუფლების გააზრებას ასწავლიან. კიდევ ხელისუფლების ნება, რომ ხელოვნებას ხელი შეუწყოს. სამწუხაროდ, ჯერ არავინ გამოჩენილა მთავრობაში ისეთი, ვინც ნამდვილად იცის ხელოვნება და დადებითი კუთხით რამეს შეცვლის, ხელს შეუწყობს მის განვითარებას. ფაქტია, ქართველებს ნიჭი გვაქვს, მაგრამ ნიჭი თუ არ განვითარდა, ბევრს არაფერს ნიშნავს. განვითარებას ხელშეწყობა ჭირდება, ხელშეწყობას კეთილი ნება, ნებას სფეროს ცოდნა და ასე შემდეგ… რთული თემაა“.

 

გიორგის აბსტრაქციონისტული ნამუშევრები ადგილობრივი კოლექტიური ცნობიერების სტრუქტურული და სულიერი გამოცდილების ერთგვარი ასახვაა, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება სოციალურ საკითხებსაც არ აუაროს გვერდი: „საბჭოთა კავშირში, სადაც ოფიციალურად არსებობდა “სოცრეალიზმი”, როგორც მიმდინარეობა, იქაც კი იქმნებოდა ხელოვნება, რომელიც თავისუფალი იყო ყველანაირი ჩარჩოსგან და სტატუსისგან. პირდაპირ ვერავინ იტყვის, რომ ხელოვნება აუცილებლად სოციალურია ან უნდა იყოს. არც ჩემი ხელოვნებაა სოციალური, თუმცა გამიკეთებია ნამუშევრები რომელიც სოციალურ თემებს ეხმაურება“.

ჩხეოს ნამუშევრები მიმობნეულია თითქმის ყველა კონტინენტზე და შენახულია კერძო კოლექციებში.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest