ქალაქი: ჭიათურა

მდებარეობა: იმერეთი, დასავლეთ საქართველო

კოორდინატები: 42°17′53″ ჩ. გ. / 43°17′56″ ა. გ.

ქალაქად ჩამოყალიბდა: 1921 წელს

ფართობი: 54,5 კმ²

ზღვის დონიდან: 340-500 მ

მოსახლეობა: 19,587 (2008)

 

თბილისიდან 220 კმ-ს მოშორებთ, ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე მდებარეობს ჭიათურა. ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება განაპირობა ხეობაში არსებული მანგანუმის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. 1879 წელს აკაკი წერეთლის ინიციატივით, აქ მანგანუმის მოპოვება დაიწყო, ხოლო 1921 წლიდან ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა. ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც დაგეგმვის გარეშე წარმოიშვა. ეს ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი დღემდე შემორჩენილია.

1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველი სამგზავრო – საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები.

ჭიათურის მიდამოები, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. მდინარე ყვირილასთან აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, რომლებიც გეოგრაფ და ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს. გასაოცარია, როგორ შეძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენელ სიმაღლეზე გამოეკვეთა მსგავსი რამ, როდესაც ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისთვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს, ისიც თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედა პალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში.

ჭიათურაში დაახლოებით ერთი თვის წინ გახლდით, შენობების დასათვალიერებლად და არქიტექტურული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ორ ქედს შორის მოქცეული ეს ადგილი, პირველ რიგში, თავისი ლანდშაფტით იქცევს ყურადღებას. ხეები, შემოდგომის ფერებით ძირფესვიანად ცვლიან ქალაქის ნაცრისფერ იერსახეს, რომელსაც მანგანუმის მომპოვებელი ქარხნებისა და საბჭოთა ადმინისტრაციული შენობების ბრუტალური არქიტექტურა ქმნის. ამას უამრავი საბაგიროს ხაზიც ემატება, ცის ხედს რომ უმოწყალოდ სერავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქ, ცაზეც და მიწაზეც ერთნაირად მიდის სიცოცხლე.

თანამედროვე ნაგებობა აქ ფაქტობრივად არაა, შენობები აქ საბჭოთა დროიდანაა შემორჩენილი. მათი დიდი რაოდენობა ხელუხლებელია და სიძველისგან ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შავი და ჭუჭყიანია ყვირილაც, რადგან ქარხნებიდან მოპოვებული არასასურველი მადნეული სწორედ იქ ჩაედინება, ამას ნაგავიც ემატება, პლასტმასის ბოთლების სახით. წინა მთვარობის პერიოდში საცხოვრებელი კორპუსები სხვადასხვა ფერებით შეუღებავთ, ალბათ, ქალაქის ნაცრისფერი ხედების შეცვლა სურდათ და ახლა ისე გამოყურებიან, თითქოს ამ მონოტონურ გამაში, ჭრელი ყუთები ჩაუდგავთ.

ჭიათურის ზედხედი ორმაგად შთამბეჭდავია. ქუჩების დაკლაკნილი სისტემა ცოტათი ქმნის სასიამოვნო შთაბეჭდილებას, ისეთს, სწორად განვითარებული ქალაქების გენგეგმის ყურების დროს რომ გვეუფლება. აქ თითოეულ შენობას საკუთარი ისტორია აქვს, რომლებიც ძირითადად საბჭოთა ეპოქას უკავშირდება. ბეტონის ქარხნების ტლანქი მასები პატარა ზომის სარკმელებით, შუშის არქიტექტურა მობეზრებულ ადამიანებისთვის, ერთგვარ ეგზოტიკას წარმოადგენს. ამ პატარა ქალაქში უამრავი საინტერესო შენობაა. მასალითა და ფორმებით გამორჩეული ნაგებობები თითქმის ყველა ქუჩაზე გვხდება. რკინიგზა და მისი გაუქმებული საბჭოთა დროის სადგური, გახუნებული ვაგონები, ძველი მერის რეზიდენცია, კაფეები და თეატრის შენობა, უამრავი ხე, ვიწრო ქუჩები და სიმშვიდე, რომელსაც მდინარის ხმაც კი არ არღვევს – ესაა ჭიათურა. ამ საუკუნისათვის „დაკარგული“ ქალაქი, სინამდვილეში დიდი პოტენციალის მქონეა. ახლა აქ ადგილობრივები, უფერულ და მოწყენილ ცხოვრებას უჩივიან. ძველი, ნახევრად განადგურებული შენობების შეცვლა სურთ და ბევრი სამუშაო ადგილი, რომ დაცარიელებულ ქალაქში მაცხოვრებლები ისევ დაბრუნდნენ. არადა, შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო: საბჭოთა ინდუსტრიულ ქალაქს ახალი სიცოცხლე დაბრუნებოდა, უამრავი სხვა დანიშნულება გასჩენოდა მანგანუმის მოპოვების გარდა, მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო ქალაქი ან უამრავი სხვა ფუნქციის მოფიქრება შეიძლება ამ ადგილისთვის, რომ გახდეს მიმზიდველი ადგილი სხვადასხვა საქმიანობებისთვის.

წამოსვლისას წვიმა წამოვიდა და ქალაქი ბურუსში ჩაძირული დავტოვეთ. ნისლში არც მოძრავი საბაგიროები ჩანდა. ორი აზრი არაა, ჭიათურა ყველა ამინდში, ყველა სეზონზე ერთნაირად საინტერესოა, ბრუტალური არქიტექტურის მოყვარულთათვის და არა მარტო.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest