17 ივლისს იპოდრომის პარკში Startup Market-ის მესამე ღონისძიება, Design Market გაიმართა. სავაჭრო სივრცეში სამი დიზაინერის: ანუკა თავართქილაძის, ია ქუთათელაძისა (IAAI) და სანდრო ლომინაშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

კონცეპტუალურად სამივე დიზაინერის ნამუშევრები დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებთან მიახლოვებული იყო, თუმცა უფრო კომფორტული და გამოსაყენებლად მოსახერხებელი სანდრო ლომინაშვილის მიერ შექმნილი სკამები აღმოჩნდა; ანუკა თავართქილაძისა და ია ქუთათელაძის ნამუშევრებში უფრო მეტი აქცენტი შეინიშნებოდა სკამების ვიზუალურ და არა ფუნქციონალურ მხარეზე.

აღსანიშნავია, რომ სკამების შესაქმნელად მეტალის მასალა იყო გამოყენებული და თითოეული მათგანი თვითმყოფად, ერთმანეთისგან განსხვავებულ და ძალიან საინტერესო კომპოზიციებს წარმოადგენდა.

 

STRIATION

დიზაინი: ია ქუთათელაძე (IAAI)

სკამი განსხვავებული სისქის ხაზებისგან შედგება. მარტივი და სწორხაზოვანი ფორმების ერთიანობა ნამუშევარს ოდნავ ასიმეტრიულ და თამამ ხასიათს სძენს.

HALF MOON

დიზაინი: ია ქუთათელაძე (IAAI)

სკამი ვერტიკალური ხაზების კომბინაციითაა შექმნილი, რომელთა გაერთიანებაც ქმნის წრეს – სავსე მთვარეს, და იმავდროულად ნახევარწრეს – ახალ მთვარეს.

LANKY

დიზაინი: ია ქუთათელაძე (IAAI)

სკამის სტრუქტურას მეტალის გამოყვანილი ფორმა ქმნის. პარალელური ხაზების კომბინაცია ნახევრად გამჭვირვალე ზედაპირთან ერთად ხილვადი სიღრმის მრავალ ფენას ქმნის.

BREUER

დიზაინი: სანდრო ლომინაშვილი

ნამუშევრის დიაზინი შთაგონებაა მარსელ ბროიერის მიერ TECTA-სთვის შექმნილი ფოლადის სკამი “B40”.

RIETVELD

დიზაინი: სანდრო ლომინაშვილი

სკამის ფორმა გარიტ რიტველდის მიერ Metz & Co-სთვის შექმნილი ხის სკამს – “Zig-Zag”-ს ეფუძნება. ნამუშევარი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრისათვის დამახასიათებელ დიზაინზე დაფუძნებული სერიის ნაწილია.

STAM

დიზაინი: სანდრო ლომინაშვილი

ამ სკამის დიზაინი რეფერენციაა მარტ სტემის მიერ 1926 წელს Thonet-ისთვის შექმნილ სკამზე “S33”.

GEMINI

დიზაინი: ანუკა თავართქილაძე

მინიმალისტური დიზაინის მქონე ტყუპი სკამები უჩვეულო ფეხებითა და გეომეტრიული გარეგნობით.

BENCH

დიზაინი: ანუკა თავართქილაძე

ტყუპი სკამების სინთეზი. პირველი ნახევარი სრულიად დაფარულია ფოლადის ფენით, ხოლო მეორე ნახევარი შესრულებულია ფოლადის ვერტიკალური მილებით.

 

ავტორი: ნუკა ზურაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest