ლია ბაგრატიონი ცნობილი ქართველი კერამიკოსია, რომელსაც ერთობ შთამბეჭდავი რეზუმე აქვს. ის საკუთარ თავს „თიხის არტისტს“ უწოდებს.

ლია 1957 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა კერამიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1980 წელს. დღეს იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე, საქართველოს კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის „თიხის ოფისი“-ს თანადამფუძნებელი, ხოლო 2013 წლიდან – კერამიკის საერთაშორისო აკადემიის წევრია.

2000 წლიდან მისი, როგორც კერამიკოსის კარიერა აღმასვლას იწყებს. ლიას ნამუშევრების სოლო თუ ჯგუფური გამოფენები საქართველოსა და მის ფარგელბს გარეთ ეწყობა, მონაწილეობას იღებს რეგიონულ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და ვორქშოფებში.

ბაგრატიონის ნამუშევრებს ერთ კონკრეტულ სტილს ვერ მიაკუთვნებ, თუმცა არქაიკა მისთვის შთაგონების ერთ-ერთი წყაროა. სწორედ, არქაული ფორმებისა და მითოლოგიის თავისებურ ინტერპრეტაციას ვხედავთ მისი შემოქმედების საწყის ეტაპზე. ხელოვანისთვის ინსპირაციის წყარო ლიტერატურული თუ ფილოსოფიური ტექსტებიცაა, სწორედ კითხვის დროს იბადება ახალი პროექტის შექმნისა და განხორციელების იდეა, რომლებსაც შემდეგ უკვე, გამოფენებზე ვხედავთ. თავისი ნამუშევრებით, ხელოვანი ცდილობს გადმოგვცეს საკუთარი გრძნობები, ემოციები, გამოცდილება; დაგვანახოს ის გავლენა, რომელსაც გარემო და სამყარო ახდენს მასზე.

ლია ბაგრატიონი აქტიურად მუშაობს. მისი უკანასკნელი პერიოდის არტისტული კვლევა დეკონსტრუქციის ექსპერიმენტებს ასახავს სხვადასხვა მედიუმში.

IDAAF-მა კერამიკოსს რამდენიმე კითხვით მიმართა და მასთან საინტერესო ინტერვიუს აქვე გთავაზობთ:

რას გადმოსცემენ ლია ბაგრატიონის ნამუშევრები და რა არის, ზოგადად, მისი შემოქმედების მესიჯი სამყაროსადმი?

ჩემი ნამუშევარი არის ჩემი კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. ინტელექტუალური და ფიზიკური შრომით იგი თანაბრადაა დატვირთული. მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევარმა ბევრნაირი ინტერპრეტაციის საშუალება მოგვცეს, სააზროვნო ველი შექმნას და დადგენილ წესებს შეკითხვები გაუჩინოს.

როგორია თქვენი დამოკიდებულება კონცეფციისადმი, რამხელა როლი აქვს მათ თქვენს ხელოვნებაში დარამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ ვიზუალურმ ხარეს, ანუ უნდა იყოს თუ არა თქვენი ნამუშევარი უნაკლო და მიმზიდველი ფომებით გამოსახული?

კონცეფცია წარმმართველია ჩემს ნამუშევარში. ვიზუალური მხარე მთლიანად ექვემდებარება ნამუშევრის არსს. რაც შეეხება მშვენიერების ცნებას ხელოვნების ნაწარმოებში გიპასუხებთ, რომ იგი აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

როგორ განვასხვავოთ კარგი ხელოვანი ცუდისგან?

თუ არტისიტი მოახერხებს თავის ნამუშევარში არსებულის გახსნას და გახსნილობის დაფიქსირებას, მაშინ ეს კარგი არტისტია.

რა არის ქალი ხელოვანების როლი, უნდა იყოს თუ არა მათი შემოქმედება ერთნაირად მისაღები ყველა რელიგიისა და რასის ქალისთვის და ასევე, ერთნაირად გასაგები?

გენდერული თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბრად აქვთ შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის. XXI საუკუნეში, იმედია, ქალები შევძლებთ, საკუთარი უფლებების ღირსეულად დაცვას. არ ვიზიარებ არტისტების გენდერული ნიშნით დაყოფას. ადამიანი ან არის ხელოვანი, ან არა. სწორედ ამ აზრის დასაფიქსირებლად დავთანხმდი გენდერული ნიშნით გამოყოფილ რუბრიკაში მონაწილეობას იდააფში. გერმანელი ფილოსოფოსი, მარტინ ჰაიდეგერი ხელოვნებას იყენებს ჭეშმარიტების წვდომის საშუალებად. ამ გზის მიხედვით, ჭეშმარიტების ცნება და ხელოვნების ნაწარმოების ცნება, ემთხვევა ერთმანეთს. არსებულის დაუფარაობის აქტი არის ჭეშმარიტებაცა და ხელოვნების ნაწარმოებიც. ამდენად, ხელოვნების ნაწარმოების არსის არც გაგება უნდა იყოს ძნელი და არც მისი მიღება, თანაბრად, როგორც ქალების, ისე კაცებისთვისაც.

როგორ ხედავთ ქართული ხელოვნების მომავალს და რა ტემპებით ვითარდება ის?

ქართულ თანამედროვე ხელოვნებას განათლების გარეშე მომავალი არა აქვს. მარტო არტისტების ნიჭიერება არაა საკმარისი მისი განვითარებისთვის. დღეს ძალიან მძიმედ მიდის პროცესები ამ მიმართულებით. სახელოვნებო სივრცეში მხოლოდ არტისტების ნიჭიერება და ენთუზმიაზია წარმმართველი ენერგია, მაგრამ ეს ენერგია არასაკმარისია რეალური წინსვლისთვის. ბევრი ინსტიტუცია უნდა ამუშავდეს ამ პროცესების მხარდასაჭერად.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest