მანანიკო კობახიძე 22 წლის ნიჭიერი და პერსპექტიული ასტრონავტია. დიახ, ის თავის თავს ასტრონავტს უწოდებს და დაე იყოს ასე, ასტრონავტი ხელოვნებაში. სულ დაფრინავს, ინსპირაციას იმაზე შორს ეძებს, ვიდრე გალაქტიკაა და როგორც თვითონ აღნიშნა idaaf-თან საუბარში, ხეების მოძრაობიდან დაწყებული, მელოდებით დამთავრებული შთაგონებას ყველანაირ გარემოსა და საგანში პოულობს. მისი ძირითადი კატალიზტორები, დედა და მეგობრები არიან, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი აქვს მის ცუგა რურისაც.

მანანიკო თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია და პლაკატის დიზანის განხრით სწავლობს. ზუსტად ვიცი, რომ ახლო მომავალში, ქალაქში გამოჭენებული ყველაზე მაგარი და მიმზიდველი პოსტერები სწორედ მიდი დიზაინი იქნება.

როგორც ყველა ხელოვანს, მანანიკოსაც ჰყავს თავისი შთაგონების წყარო. ამ ასაკში ძნელია გაექცე გავლენას იმ ადამიანებისგან, ვისი ნამუშევრებიც ყველაზე მეტად მოგწონს. არასწორიცაა მცდელობა იმისა, სწავლის პროცესში არ ჰგავდე არავის, ასე მგონია, თავიდან უნდა მიბაძო, იმუშაო დეტალებზე და როცა მზად იქნები და ცოდნაც ხელს შეგიწყობს, მაშინ უნდა შექმნა ინდივიდუალური და გამორჩეული ნამუშევრები, რაც იქცევა შენს საფირმო მარკად.

ხოდა იმას ვამბობდი, რომ მანანიკოსაც ყავს ადამიანები, ვისგანაც შთაგონებას იღებს, ძირითადად ის ფოტოგრაფები, რომლებიც თავისი აზრით, ყველაზე მძაფრად გამოხატავენ ემოციებს: Helmut Newton, Antonio D’Agata მრავალი სხვა…

„მე ვცდილობ, არამარტო ფოტოებში, არამედ ნახატებშიც ვაჩვენო ჩემი ქვეცნობიერისა და არსებულის ემოციურობა თუ უემოციობა, მოძრაობა თუ სტატიკა. მიტოვებული და უდაბური ადგილების გადაღებითა და ფოტოკოლაჟების შექნმით შევეცადე გადმომეცა ის ემოციები, რასაც ჩემში ეს ფენომენი იწვევს, თუმცა ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა, რადგან კიდევ მრავალი წახნაგი დამრჩა აღმოსაჩენი. რაც შეეხება ასტრონავტებსა და მათ ყოველდღიურ პრობლემებს, ეს ვარ მე და ჩემი ყოველდღიურება, მე ვარ ადამიანი, რომელიც თან იმალება და თან ღრმად უყვარს ყვინთვა“-აღნიშნავს მანანიკო

მის მიღწევებში უკვე არის გაფორმებული სპექტაკლები: “ბრემენელი მუსიკოსები” მოზარდმაყურებელთა თეატრში და “8 მოსიყვარულე ქალი” თავისუფალ თეატრში, რაც არც თუ ისე პატარა საქმეა 22 წლის გოგოსათვის.

მანანიკომ თავისი სურვილიც გამიმხილა: სურს, რომ თავისი ნამუშევრებით ადამიანებს ბევრი ღიმილი მოჰგვაროს და ვისურვებდი რომ ეს სურვილი იმაზე მალე აისრულოს, ვიდრე ჩვენი მუდამ უხასიათო საზოგადოება საბოლოოდ დარჩება ამ სახით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ყველა ქართველ ხელოვან (და არამარტო ხელოვან) ადამიანს, მასაც უცხოეთში წასვლა და საკუთარი ცოდნის გაღრმავება სურს.

მანანიკო ძალიან პატარაა, თუმცა არც ისე პატარა, იმისთვის რომ ამ საქმეში თავისი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყოს. ბევრი უკლია, სრულყოფამდე, თავისი თავით კმაყოფილებამდე, მაგრამ თუ გაქვს მიზანი, შრომობ ძალიან ბევრს და ხარ კეთილი სხვების მიმართ, გასაოცარი ამბები გადაგხდება თავს!

მანანიკოს ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის ბლოგზე და გაითვალისწინეთ, თუ პოსტერებისა და სხვა მსგავსი დიზაინის დამზადება დაგჭირდებათ, იცოდეთ მანანიკოს შეუძლია თქვენი გაოცება.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest