კაფე „ლინვილი“ ლესელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ძველ შენობაშის მდებარეობს, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი მეორე სართული მთლიანად კაფის მყუდრო და ფერად გარემოს უკავია და რომ არა ახლახანს მხატვარ Tamoonz-ის მიერ მოხატული მთავარი შესასვლელი, მისი შემჩნევა არც ისე ადვილი იქნებოდა. კაფის მფლობელები ხელოვანი წყვილი: ქეთა ღვინეპაძე და ლუკა ჩხაიძე არიან და სწორედ თავიაანთი პროფესია დაეხმარათ, დამოუკიდებლად შეექმნათ ეს განსაკუთრებული ინტერიერის დიზაინი და მიეღოთ გარემო, რაც ამ ადგილს ასეთ vintage სტილს სძენს.

ლინვილი რამოდენიმე ოთახისაგან შემდგარი, 200 კვ.მ ფართობის სივრცეა, რომელშიც სხვადასხვა ზომისა და დიზაინის მაგიდები არამჭიდროდაა განთავსებული. კედლებზე ქაღალდის ნაცვლად Floral ნაჭრის შპალერია გაკრული, რაც ინტერიერის სიმყუდროვეს ერთი ორიად ზრდის. ამავე თემაში მოხატული უძველესი და რესტავრირებული ჭერი აქ იმ დროიდანაა, როდესაც ეს ნაგებობა აშენდა. ძირითად ავეჯს წარმოადგენს მაგიდები, სკამები, დივნები და თაროები. ეს ყველაფერი ლუკამ და ქეთიმ სხვადასხვა მეორედი ბაზრობებიდან შეაგროვეს, რესტავრაციის შემდეგ ახალი სიცოცხლე დაუბრუნეს და ლინვილის განუყოფელ ნაწილად აქციეს. ინტერიერი სავსეა ნივთებით, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ: სარკე მოჩუქურთმებული ჩარჩოთი, პიანინო, რომელიც სიძველის გამო, ყველას ეგონა აღარასდროს დაუკრავდა და ახლა ყველაზე უფრო მელოდიური აკორდების ავტორია, მასზე მოთავსებული ტელევიზორი-აკვარიუმი მსუქანა თევზით და სხვა, უამრავი საინტერესო ნივთი, რომელიც ქმნის კაფე „ლინვილს“, ადგილს, სადაც სიმყუდროვითა და მრავალფეროვნებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ინტერიერს განსაკუთრებით „აცოცხლებს“დიდი ფანჯრების რაფაზე განთავსებული ქოთნის მცენარეები. ატმოსფერო აქ ყოველთვის მშვიდია, მუსიკა ცოტა მელანქოლიური და მეტი მრავალფეროვნებისთვის კვირა დღეს ტანგოს გაკვეთილებიც ტარდება. აღსანიშნავია მომცრო, ვაზის ფოთლებში ჩაკარგული აივანი, რომელზეც ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენება ძალიან კომფორტულია.

კაფე ყოველდღე 12.00 -2.00 -მდე მასპინძლობს სტუმრებს და მათ სასიამოვნო განწყობაზე ზრუნავს. წარმოდგენილ ფოტოებში გთავაზობთ ლინვილის იმ დეტალებს, რომლებიც ამ ადგილის ასე განსაკუთრებულსა და საინტერესოს ხდის.

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest