თითქმის ერთი წელია, რაც საინტერესო ადგილების რიცხვს თბილისში კაფე „ბაუჰაუსიც“ შეემატა.
ამ მყუდრო ადგილმა, გუდიაშვილის სკვერთან ახლოს, აბო თბილელის ქუჩაზე დაიდო ბინა. კაფის მფლობელი და ინტერიერის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორები, ელენე კვინტრაძე და ელისაბედ ზაუტაშვილი არიან. მათივე დიზაინითაა შექმნილი მაგიდები, თაროები და სანათებიც. სხვა დანარჩენი ავეჯი და საინტერესო დეტალები მეორადი ნივთების ბაზრობებზეა შეძენილი. ასეთია, მაგალითად, ძველებური სასწორი, რომელიც აქ თავდაპირველი დანიშნულებით, რათქმაუნდა, აღარ გამოიყენება.
საერთოდაც, ამ კაფეში ბევრ ისეთ ნივთს წააწყდები, რომელთა წარმომავლობა რთული მისახვედრია, მაგრამ დიზაინერების კრეატიული გადაწყვეტით, ახალი დანიშნულებითაც მშვენივრად გამოიყენება. მაგალითად, ყველას კარგად გვახსოვს ძველ საბჭოთა სახანძრო სტენდებზე სამკუთხა ფორმის სათლი. ერთი შეხედვით სრულიად გამოუდეგარი საგანი აქ საყვავილეს როლს ასრულებს და ფასადს მწვანე მცენარეებით ალამაზებს.
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
რაც შეეხება ინტერიერს: კედლები თეთრია, სივრცის გასანათებლად სულ რამოდენიმე სანათია გამოყენებული. მაქსიმალური სიმარტივეა შენარჩუნებული ავეჯის შერჩევისას. აქ მაგიდა, რომელშიც ლიმნის ხე იზრდება ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს სტუმრებში. აღსანიშნავია და განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა ბუხარი, რომელიც დანარჩენი სივრცისგან დაბალი მაგიდითა და რბილი სავარძლებით გამოიყოფა.
ბაუჰაუსი ძირითადად ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია – საინტერესო კერძებითა და ბევრი ალკოჰოლით. ეს ადგილი ასევე სხვადასხვა აქტივობებითაცაა მიმზიდველი, მაგალითად, ვეგეტარიანული დღეები, მოყვარული კულინარების მიერ მომზადებული კერძების საღამოები, ელექტრონული მუსიკის ივენთები, ფილმის ჩვენებები და ა.შ.
რამდენიმე სიტყვით რომ დავახასიათო ეს კაფე, ვიტყოდი : განსხვავებული, არასტანდარტული, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი.
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
- ©Nato Bagrationi
ავტორი: თათა გაჩეჩილაძე


