სასტუმრო რედისონის წინ, ვარდების რევოლუციის მოედანზე, საბაგირო შენდება, რომელიც რუსთაველის პროსპექტს მთაწმინდასთან დააკავშირებს.

ამ ბოლო დროს, ერთი საინტერესო ფაქტი შევნიშნე: ადამიანები, რომლებიც არქიტქტურაში მაინც და მაინც ვერ ერკვევიან, ან არ უნდათ ავტორის გულისწყრომა დაიმსახურონ, აკეთებენ ასეთ კომენტარს: „პროექტი კი კარგია, მაგრამ ამ ადგილს არ უხდება“. ამ პროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებზე მსგავსი კომენტარი უამრავი შემხვდა და ვიფიქრე კარგი იქნებოდა ჩემი, როგორც არქიტექტურის მაგისტრის შეხედულებაც დამეწერა, რაც წინამდებარე კომენტარისგან რადიკალურად განსხვავდება.

ზოგადად, ძველი „რესპუბლიკის“ და აწ „ვარდების რევოლუციის მოედანი“ თბილისის ურბანულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილია. ამ ტერიტორიას არსაიდან არ აქვს, ასე ვთქვათ, შემკვრელი წერტილი, რაზეც შესაძლებლობა იქნება გენერალური გეგმის აგება. გამჭოლ სივრცეს არ აკავებს არც ერთი შენობა, ხოლო სასტუმრო „რედისონ ბლუ“ მხოლოდ ვერტიკალს წარმოადგენს ამ გარემოში და სხვა არანაირი ურბანული ფუნქცია არ გააჩნია.

ეს ადგილი უძველესი დროიდანაა მომსწრე უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენისა. საბჭოთა დროს აშენდა პროექტი „თაღედის სამრეკლო“ (არქიტექტორები: ო. კალანდარიშვილი, გ. ფოცხიშვილი) ე.წ „ანდროპოვის ყურები“ , რაც რამდენიც არ უნდა ვილაპარაოთ ცუდი იყო თუ კარგი, ამ ადგილის სამარკო ნიშნად იქცა, ხოლო ჩვენი საყვრელი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი ამ ვეებერთელა სივრცეში, ჩემი აზრით, უბრალოდ დაკარგული იყო. გაკვირვებას იწვევს აქვე განთავსებული ველოსიპედის კონსტრუქცია, რომელიც ყველაზე უველოსიპედო ქალაქ თბილისთან რა შუაშია არავინ იცის . ეხლახანს აშენდა შემინული საზაფხულო კაფე, რაც საერთოდ არ წარმოადგენს არაფერ ნეგატიურს, არ ტვირთავს გარემოს და თავისი გამწვანებული სივრცით უფრო სასიამოვნო აურას ქმნის. ამ ინფორმაციებით იმის თქმა მინდა, რომ ასეთ ადგილას ღირსეული პროექტის გაკეთება საკმაოდ რთული გამოწვევაა და საჭიროებს პროფესიონალის ხელს, თვალსა და გონებას.

 

 

საბაგირო, რომლის მშენებლობასაც ამასწინათ ჩაეყარა საფუძველი, კვერცხის ფორმა აქვს და ბათუმის შლოპანც-კვერცხებთან პარალელის გავლება ნამდვილად უსამართლობაა. წინამდებარე კომენტარს გავიხსენებ და ვიტყვი, რომ ადგილი რა შუაშია, როცა თვითონ პროექტი „ვერ ქაჩავს“. ჯერ ერთი, ესეთი მნიშვნელობის ნაგებობას, რომელიც ქალაქის სამარკო ნიშანი შეიძლება გახდეს, ცოტა კარგი ვიზუალიზაცია არ ეკუთვნოდა? ხარისხიან რენდერს ვგულისხმობ, სადაც მასალები და სხვა დეტალები კარგად გამოჩნდებოდა.

ერთი შეხედვით, იდეა არაა ცუდი, მაგრამ დეტალები, რაც ახლავს არ შეესაბამება. დავიწყოთ იმ სვეტიდან, რომელიც ამ მრგავლ ფორმას თითქოს საყრდენად აქვს შეყუდებული. სინამდვილეში ის მოძრავი კაბინების დამჭერი კონსტრუქცია და საბაგიროების განუყუფელი ნაწილიაა, თუმცა ამ კონკრეტულ არქიტექტურულ კომპოზიციასთან მას საერთო არაფერი აქვს, რასაც დაკვირვებული თვალი მაშინვე მიხვდება. სხვა საქმეა ის, რომ ამ ფუნქციის ნაგეობას ეს დეტალი სჭირდება, ხოლო პროფესიონალ არქიტექტორს უნდა შეეძლოს ასეთი ნაწილების ჰარმონიულად დასმა ერთმანეთთან. ასევე ამოუცნობია რუსთაველზე, „კაფე გალერის“ წინ “დარჭობილი” მეორე სვეტის წარმოშობის ისტორიაც, რომელიც არქიტექტორ რენცო პიანოს ტიბაუს კულტურის ცენტრის შემცირებული მოდელი უფროა, ვიდრე საბაგიროს პროექტის ნაწილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა ძირითად იდეას დანარჩენი დეტალები უბრალოდ ჩაუყარა, დაუფიქრებლად და გაუაზრებლად. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ არ დაიხვეწა დაწყებული იდეა, მაგალითი იმისა, რომ ამ პროექტს კიდევ ბევრი ფიქრი და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა სჭირდება, ან უფრო გამოცდილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი სირთულის ამოცანების გადაჭრა. სირთულის, არა იმდენად რამდენადაც პროექტია ძნელი, არამედ იმ სირთულისა, რომელიც ამ მნიშვნელოვან ადგილას ღორსეული მოცულობის დაპროექტებას გულისხმობს.

საერთოდაც, მე მგონია, რომ როცა ამ დონის პროექტზეა საუბარი, მინიმუმ საერთაშორისო კონკურსი უნდა გამოცხადდეს და მაქსიმუმ ცნობილი არქიტექტორი მოვიწვიოთ მის დასაპროექტებლად. ჯერ ერთი პროექტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცევა და მეორეც, გარანტირებული იქნება, რომ ქალაქის კიდევ ერთი ღირებული ნაგებობა შეემატება.

და ბოლოს, ცნობილი არქიტექტორის ჩამოყვანას ან კონკურსის ჩატარებას რომ თავი დავანებოთ, რაც ამ დონის პროექტის განხორციელებას წესით თან უნდა ახლავდეს, იბადება კითხვა: რატომ არ ყავს თბილისს სამოქალაქო საბჭო? თუ ლონდონსა და ნიუ ორკში ეკითხებიან მოსახლეობას აზრს ახალ პროექტებზე, ჩვენთან რატომ არ ხდება მსგავსი რამ ? ვინ წყვეტს რა უნდა აშენდეს ქალაქში, მერიის არქიტექტურის სამსახური რომელშიც 80% იურისტია? გაიხედეთ ფანჯრებიდან და კარგად დაფიქრდით, არის თუ არა ის, რასაც გინდა რომ ხედავდეთ. იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნების ყველაზე მიყრუებული ქალაქის ხედიც კი თბილისისაც ჯობია, იბადება კითხვა: ყავს თუ არა პატრონი აქაურობას ან რატომ არ გააჩნია ქალაქს გენგეგმა, რის მიხედვითაც განვითარდება?

 

 

პ.ს. თბილისი მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს, ახალ პროექტებს მოუთმენლად ველოდები ხოლმე და მაშინ ვარ იმედგაცრუებული, როცა შედეგი არ არის კარგი.

ეს საბაგიროც ერთ-ერთი მათგანია. არ ვიცი, დასრულებული შენობა წარმოდგენილ ვიზუალიზაციაზე კარგი თუ იქნება, იმედია რომ კი, თუ არადა კიდევ ერთი არასრულყოფილების ატანა მოგვიწევს ქალაქში.

 

ბოლოს კი, იმ ადამიანებისთვის ვინც ამბობს: „ამათი მოსაწონი ხო არაფერი გაკეთდა“,

ვურთავ პირადად ჩემს მოწონებულ საბაგიროების ფოტოებს.

 

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest