პროექტი: Boathouse

არქიტექტორი: რორი რანკინი

ხელმძღვანელი: რორი რანკინი, კოლინ მაკლელანდ, ანდრი იზბაში.

წელი: 2014

ფართი: 43 მ2

ფოტო: EASA Boathouse ჯგუფი/ ალექსანდრა კონონჩენკო

მონაწილეები: გლენ ენდრიუს, პიტერ ბალდაცჩინო, ტადეი ბოზაკ, მარკ კაუჩი, სამუელ კრემონა, ლულია კუკუ, რობერტ ფენეხ, კიარა გეარი, რეიჩელ გრეჰამ, კატია ჰამლერ, აულონ ჰარიზაი, ტერეზა ჰაუმეროვა, კატერინა კარაგიანნაკ, დონალდ მაკმულან, ზაკ პულის, დორიან შიპოშ, ელენა სოფია კონგიუ, მალკოლმ ტონგ, დანიილ ზორეხი.

 

მინდა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ პროექტი, რომელსაც Boathouse ჰქვია და წელს ეასა-ს (ევროპელი არქიტექტურის სტუდენტების ასამბლეა) ფარგლებში განხორციელდა. პროექტმა პირველივე ნახვიდან დამაინტერესა, მის მიმართ ავტორის დამოკიდებულებამ კი ჩემი ინტერესი უფრო გააღრმავა.

იხილეთ ავტორის მიერ პროექტის კონცეფციის აღწერა:

„…Boathouse-ის კონცეფცია შთაგონებული იყო ველიკო ტარნოვოს უნიკალური მდებარეობითა და ლანშაფტით. ქალაქის კვლევისას აღმოვაჩინე, რომ წარსულში მდინარე იანტრა საზოგადოებრივი ცხოვრების მამოძრავებელი იყო, ამრიგად, ჩვენი მიზანი იყო დაგვებრუნებინა მდინარისთვის თავისი ფუნქცია. მრავალი წლის წინ მას ძირითადად სარტანსპორტო მიზნებისთვის იყენებდნენ, მაგრამ რადგან დღეს ამის საჭიროება აღარ არის, ჩვენი ვორქშოფის მიზანი იყო მიგვეცა მდინარისთვის განსხვავებული – დასასვენებელი ადგილის ფუნქცია. Boathouse შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც წყლის სხვადასხვა სპორტისთვის საჭირო ნივთების დასაბინავებლად, ასევე მდინარის პირას საზოგადოებრივი თავშეყრისა და დასვენების ადგილად. Boathouse-ის ფორმა ნაკარნახევი იყო ნაწილობრივ კლიმატური პირობებითა და ნაწილობრივ ზემოთ აღწერილი კონცეფციით…“

ნაგებობა შედგება სამი ნაწილისგან, რომელიც საბოლოო ჯამში მის არქიტექტურულ სახეს განსაზღვრავს. ხის კედლებითა და გადახურვით ფორმირებული მასიური ნაწილი ტერასის საშუალებით გადადის ღია აივნის სივრცეში. დახურული ნაწილი ორიენტირებულია გარემომცველი ტყისკენ, ღია კი მდინარის სანაპიროს უყურებს. ნახევრად დახურული ტერასა ძირითადი კონსტრუქციის გაგრძელებას წარმოადგენს. შეიძლება ითქვას Boathouse მომსველელებს მიმართულებას აძლევს შესასვლელთან მდებარე პატარა პანდუსიდან მდინარე იანტრასკენ. როგორც ავტორმა აღნიშნა, აივანი ბევრად უფრო გრძელი უნდა ყოფილიყო ისე რომ მდინარის თავზე გადასულიყო და იქ მყოფთათვის გარემომცველ ბუნებასთან სრული ერთიანობის შეგრძნება მიენიჭებინა, თუმცა ამ ეტაპზე ის ვერ განხორციელდა.

ავტორს ვკითხე, თუ რით ისიამოვნა ყველაზე მეტად მუშაობის პროცესში და რომელი იყო პროექტის მისთვის საყვარელი ნაწილი. პირველი წინადადება მის შესანიშნავ გუნდზე იყო, რომელთა დახმარებითაც შედგა ეს ვორკშოფი.

„…მოპირკეთების მოწყობამდე, კედლებისა და გადახურვის ძირითადი კონსტრუქციის აღმართვა იყო, ნაწილი რომლითაც ყველაზე მეტად ვისიამოვნე. მე მომწონს თუ როგორ გამოიყურება ის და ვფიქრობ, ხე ესთეტიური თვალსაზრისით საუკეთესო მასალაა. შემდგომი ეტაპი იყო, იმის დანახვა თუ როგორ დამთავრდა მოსაპირკეთებელი ფიცრების მონტაჟი – მოცულობის ნაწილობრივ დაფარვით, რადგან ეს იყო მომენტი, როდესაც ნაგებობა დასრულდა. ვფიქრობ ეს ძალიან მიმზიდველი დეტალია და Boathouse-ის სრულყოფილ სახეს ქმნის“

შენობა ბევრ ადგილს შეიძლება მოერგოს, მაგრამ ავტორი ამჯობინებს რომ პროექტი არ გახდეს სერიული პროტოტიპი. ნაგებობა მდინარე იანტრათი იყო შთაგონებული და ველიკო ტარნოვოსთვის დაპროექტებული. Boathouseუსათუოდ გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ქალაქში და დროთა განმავლობაში ის თავის თავში სულ უფრო და უფრო ბევრ ამბებს შეაგროვებს.

საბოლოო პრეზენტაციის ვიდეო ნახეთ აქ:

 

რორის სხვა ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის გვერდზე:

roryrankin.weebly.com

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest