მანჰეტენზე, არქიტექტურის ვარსკვლავთბიჭუნა, ბიარკე ინგელსის (BIG) ნახევარ პირამიდა VIA 57 West-ის მშენებლობა დასრულდა , რომელიც ზუსტად ისეთია როგორსაც ველოდით: ბასრი, ზომიერად ამბიციური და „სრულიად უნდა განსხვავდებოდეს ქალაქის სხვა ცათამბჯენებისგან“ სულით გაჯერებული.

2005 წელს დაარსებული დანიური კომპანია (BIG) არქიტექტორებს, დიზაინერებსა და მშენებლებს აერთიანებს და მისი სპეციალიზაცია არქიტექტურა, ურბანიზმი, კვლევა და განვითარებაა. იგი დიდი პოპულარობით და მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში, რაც კარგად ჩანს მიმდინარე და დასრულებული პროექტების დიდ რაოდენობაში და მიღებულ ჯილდოებში. მათ მიერ დაპროექტებული შენობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული.

2010 წლის გაზაფხულზე BIG-მა (Bjarke Ingels Group) ნიუ-იორკის ერთ-ერთი უძველესი უძრავი ქონების კომპანიისგან “The Durst Organization”-ისგან დაკვეთა მიიღო, შეექმნა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის დიზაინი; მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2016 წლის შემოდგომისთვის იგი უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის პირველი შენობაა ნიუ-იორკში.

შენობის დიზაინი ინოვაციური და ორიგინალურია; 80,000 კვადრატულ მეტრამდე სიდიდის მაღალსართულიანი კომპლექსი ამერიკული ცათამბჯენისა და ევროპული შიდა ეზოს იდეალურ ნაზავს წარმოადგენს. ოთხკუთხა ფორმის შენობა 709 საცხოვრებელ ფართსა და შიდა ეზოს გვთავაზობს.

კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მის ცენტრში განთავსებული ეზოა, რომელსაც ცენტრალ პარკის მსგავის პროპორციები აქვს, იგი უბრალოდ 13,000-ჯერ პატარაა მასზე. მისი დიზაინი ლანშაფტის არქიტექტურულ ფირმას “Starr Whitehouse”-ს ეკუთვნის; ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში ახლად დარგული ხეების სიმრავლეა, ხოლო დასავლეთ ნაწილში მზიანი მინდორია გადაშლილი სადაც 47 სახეობამდე მცენარეა დარგული.

აღსანიშნავია, რომ მდინარე ჰუძონის ნაპირას წამომართული 32 სართულიანი კომპლექსი თითქმის ქალაქის მთლიან კვარტალს იკავებს. შენობის სამი კუთხე დაბალია, ხოლო მაქსიმალურ სიმაღლეს, 142 მეტრს იგი ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღწევს; შესაბამისად, მისი ხედი იცვლება იმის მიხედვით თუ საიდან შევხედავთ, დასავლეთიდან იგი პირამიდას მოგაგონებთ, ხოლო აღმოსავლეთიდან – მაღალ სვეტს. ასეთი ფორმის დამსახურებით იზრდება ბინების რაოდენობა და მაცხოვრებლებს ქალაქის და მდინარის შესანიშნავი ხედით შეუძლიათ დატკბობა.

ცათამბჯენის შუშის ზედაპირი ზოგან უსწორმასწოროა ზოგან კი პირიქით, ერთ გლუვ მთლიანობას ქმნის; ეს იმაზეა დამოკიდებული ბინებს მთელ სიგრძეზე ტერასები აქვთ თუ ფანჯრები. შენობის ჩრდილოეთ ფასადზე მდებარე აივნების ნაწილი 45 გრადუსითაა შებრუნებული.

კომპლექსში შესვლისას დიდ, ფართო მისაღებში აღმოჩნდებით; კედლები აქ აგურებითაა გაწყობილი და ზუსტად იმეორებს მთლიანი შენობის კედლების უსწორმასწორო ფორმას. პირველ სართულებზე რესტორანი, საცურაო აუზი, კინო-თეატრი, კალათბურთის დარბაზი და სხვა გასართობი მსგავსი გასართოვი სივრცე ფუნქციონირებს; ხოლო მომდევნო სართულებზე სტუდიოს სტილის, ერთ, ორ, სამ და ოთხ საძინებლიანი ბინებია ტერასებითა და აივნებით.

ბინებში მაქსიმალური კომფორტია შექმნიალი მაცხოვრებელთათვის და გარემოსაც ექცევა ყურადღება,მაგ. ბინა ისეა დაპროექტებული, რომ ხდება წყლისა და ენერგიის ეკონომია, მაგრამ არა ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე. ოთახებში ზოგან კედლების ნაცლვად ფანჯრებია, ხოლო იატაკი მუხის მასალისაა. სამზარეულოები ტექნოლოგიის ბოლო ნიმუშებითაა აღჭურვილი და თეთრი ქვის დახლით გაწყობილი. სააბაზანოებში წინასწარ, შეკვეთით დამზადებული აპარატურაა დაყენებული.

ბიარკე ინგელსის ეს პროექტი კონტრასტულია ნიუ იორკის ჰორიზონტის სხვა მონსტრებთან „მიმართებაში“. თითქოს რენცო პიანოს „SHARD”-ის ხასიათის მატარებელი, მაგრამ მაინც მკვეთრად განსხვავებული თავისი ფორმებით, ის თანამედროვე არქიტექტურისა და კომფორტული ცხოვრების ერთობლიობის კარგი მაგალითია.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest